არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ მუდმივად გვესმის კამათი საკონსტიტუციო უმრავლებობის თაობაზე, მეტიც, შეიძლება ეს საკითხი ვაჭრობის თემაც კი გახდეს უკვე მოახლოებული მეორე ტურისთვის. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ყველაზე საინტერესოა რას ფიქრობენ ამ საკითხზე ის აქტიური ახალგაზრდები, რომელიც სულ მალე ალბათ ხელისუფლების მაღალ წრეებიც მოგვევლინებიან და ასეც რომ არ იყოს, ყოველთვის საინტერესოა რას ფიქრობს საქართველოს ხვალინდელი დღე-ახალგაზრდობა.
ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლოზ მეტრეველი საუბრობს:
- არჩევნების პირველი ეტაპი დასრულდა. თქვენი პროგნოზი?
- არჩევნების არც პირველი ეტაპი იყო მოულოდნელი ჩემთვის და არც მეორე იქნება. ჩვენ სისტემატიურად ვატარებდით ამომრჩევლის გამოკითხვებს და დინამიკას კარგად ვფლობდით. მნიშვნელოვანი იყო დავკვირვებოდით იმას, თუ რა მოლოდინი ჰქონდა ამომრჩეველს პარტიებისაგან და თავის მხრივ პოლიტიკოსები და პარტიები რას და რა ფორმით სთავაზობდნენ მას. ჩემი პროგნოზი სენსაციური არ არის, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. რაც შეეხება თვითონ არჩევნების ჩატარებას და ორგანიზაციას, თუ არ ჩავთვლით მარნეულში განვითარებულ მოვლენებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ახლავე შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ყველაზე თავისუფალი და ევროპული სტანდარტებით ჩატარებული. შეიძლება შემედავონ და მიმითითონ სახელისუფლო რესურსების გამოყენებაზე, მაშინ გადახედონ ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი დონის არჩევნებს და ძალიან ადვილად დაინახვენ ამ რესურსის გამოყენების მასიურ და საყოველთაო გამოყენების ფაქტებს. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა თემაა. ისე კი ჩემი შეფასებით ე.წ. სახელისუფლებო რესურსის გამოყენების დონეც ძალიან ზომიერი იყო „ქართული ოცნების" მხრიდან, ამასაც ამ პარტიის პლიუსად მივიჩნევ.
- უფრო დეტალურად შეაფასოთ მარნეულის ინცინდენტი, მითუმეტეს რომ დღეს იქ განმეორებითი არჩევნებია.
- მარნეულში მომხდარ პროვოკაციას ინცინდენტს არ ვუწოდებდი. ეს იყო კარგად მომზადებული შორს გამიზნული შედეგების მქონე ანტისახელმწიფოებრივი აქცია. პრემიერ-მინისტრსაც და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებსაც ძალიან კარგად ესმით ამ პროვოკაციის არსი და შესაძლო შედეგები. საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება ამ საკითხის იგნორირება და მიჩუმათება. კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა მონაწილე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზტორი. ამ ადამიანებმა იერიში მიტანეს ქართულ სახელმწიფოზე და არა რომელიმე დეპუტატობის კანდიდატზე ან თუნდაც პარტიაზე. მესმის, რომ შემსრულებლებს არ ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული თუ რა ბიძური თამაშის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, მაგრამ ვიმეორებ უნდა გამოვლინდეს უკლებლივ ყველა ორგანიზატორი. ამ ფაქტის მიმართ ყალბი ჰუმანიზმი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოს. დღეს ოდესელი პროვოკატორი და ვინმე დეპუტატობის კანდიდატი იმამკულიევი „ნაციონალური მოძრაობიდან" იკვეთება, ხვალ ამის უფრო მასშტაბური ორგანიზატორი მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურები შეიძლება აღმოჩნდნენ.
- ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილელებას და გაკვირვებას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ არჩევნებში მიღწეული შედეგით...
- მათი უკმაკოფილება ჩემთვის ადვილად გასაგებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას თითქმის ათი წელი მართავდა მათი შედეგი ძალინ არ უნდა გაგვიკვირდეს. „ენმ"-ს 10 წლიანი ზეობის პერიოდში წარმოიქმნა მთელი სოციალური პლასტი ადამიანების, რომლებიც არაფრად დაგიდებდნენ სახელმწიფოს დეგრადაციას, სისტემურ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ და ელიტარული კორუფციის არნახულ მასშტაბებს. ისინი მოერგნენ სისტემას და სარგებელს ნახულობდნენ ამ სისტემის ფუნქციონირებით. ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, დღესაც ნოსტალგირებს სამაცხვინო წარსულზე. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი „ენმ"-ის კოლოსალური ფინანსური რესურსებია, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჯერაც არავის გამოუძიებია თუ რამდენი მილიარდით გაძარცვეს ოდესის გუბერნატორმა და მისმა თანამზრახველებმა ჩვენი სახელმწიფო. ამავე დროს, „ენმ"-ის ამ შედეგში დადებითიც უნდა დავინახოთ, მიაქციეთ ყურადგება 2012 წლის შემდგომ ყველა დონის არჩევნებს და ადვილად დავინახავთ ეს დაჯგუფება სისტემატიურად კარგავს მხარდამჭერთა ძალიან სეროზულ პროცენტებს. „ენმ" ამ არჩევნებზეც ისტერიის, პროვოკაციების და სააკაშილის დაბრუნების რეფერენდუმის გარდა საქართველოს ვერაფერი შესთავაზა.
- ელოდით თუ არა „პატრიოტთა ალიანსის" მიღწეულ შედეგს?
- „პატრიოტთა ალიანსის" შედეგიც არ აღმოჩნდა ჩემთვის მოულოდნელი. მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიებზე მოთხოვნა მარტო საქართველოში კი არა მთელ ევროპაში და მსოფლიოს მრავალ რეგიონში აღინიშნება. მაგალითისათვის ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნები და საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის უაღრესად შთამბეჭდავი შედეგებიც საკმარისია. ვინმეს მოწონს ეს თუ არა, ამ პარტიას საკუთარი მყარი ელექტორატი გააჩნია და ვფიქრობ ეს ელექტორატი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე ძალიან საგულისხმოა ის დინამიური და ამომრჩეველთან ახლოს მიტანილი საარჩევნო კამპანია, რომელიც ამ პარტიამ აწარმოა. ასე რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით ჩემთვის ამ პარტიის უდავო წარმატება გასაკვირი სულ არ არის.
- რა გახდა თქვენი აზრით სხვა დანარჩენი პარტიების მარცხის მიზეზი?
- ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მარცხი ჩემის აზრით ამავე პარტიების შინაგანი სისუსტით და შეცდომებით არის განპირობებული. ისინი აპელირებენ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე, ფინანსების ნაკლებლობაზე, სახელისუფლო რესურსზე და ა.შ., მაგრამ პრაქტიკულად არაფერს იძახიან იმაზე, რომ ახალი და რეალისტური არაფერი შეუთავაზებით მოსახლეობისთვის. უმეტესობას ამ პარტიების თავიც არ შეუწუხებიათ საკუთარი პროგრამების შექმნით, ან თუ ამის მსგავსი რამ გააჩნდათ ეს ე.წ. პროგრამები სრულიად დემაგოგიური და არარეალისტური რიტორიკით იყო გაჯერებული. მინდა სარკაზმის გარეშე ვურჩიო დამარცხებული პარტიების ზოგიერთ ლიდერს, უფრო რეალისტურად შეხედონ საკუთარ თავს, შესაძლოა ჩვენ რიგითი ამომრჩევლები არ ვართ ამ ადამიანებივით გენიალურები, მაგრამ ზღვარგადასული თვითქება მათთვის აშკარად საზიანო აღმოჩნდა.
დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ ამომრჩეველს ზოგადად ოპოზიციაზე, როგორც ინსტიტუტზე კი არ უთქვამს უარი, უბრალოდ ჩვენ ისევე როგორც ყველა ნორმალური ქვეყნის მოქალაქეს საქმიანი და პასუხისმგებელი პოლიტიკოსები გვჭირდება. მათი შესაძლებლობების შეფასების უფლებასაც ჩვენთვის ვიტოვებთ.
- როგორ ხედავ „ქართული ოცნების" პერსპექტივებს?
- „ქართულმა ოცნებამ" ქართველი ამომორჩევლისაგან უაღრესად სერიოზული ნდობის მანდატი მიიღო. ამ მოწვევის პარლამენტში „ოცნებას" გაცილებით მეტი ტექნოკრატი ეყოლება, დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ადამიანები მინისტრთა კაბინეტსაც უკეთესი შემადგენლობით შემოგვთავაზობენ. „ქართული ოცნება" სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მე გამოვყოფდი ოთხ ძირითად ამოცანას: ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის აღორძინება, დემოგრაფიული კრიზისის დაძლევა და განათლებისა და მეცნიერების სისტემის კარდინალური რეფორმირება. ყველა ეს საკითხი, ცალკე აღებულიც კი, უაღრესად დიდ ძალისხმევას და კომპეტენტურობას მოითხოვს. ამ საქმეში „ქართული ოცნების" ლიდერებს ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან არ უნდა ვუყუროთ. სადაც საჭიროა მათთან ერთად ვიმუშაოთ, სადაც საჭირო გახდება შევუსწოროთ. ეს ორი ფუნქცია „ოცნებასთან" მიმართებში მარტო ბიძინა ივანიშვილს არ აკისრია. ამჟამად ბევრი საუბრობს „ქართული ოცნების" მიერ პრაქტიკულად გარანტირებულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც, ცხადია, გულწფელად და არა პოლიტიკური დემაგოგიის მიზნით ეწინააღმდეგება შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებს, გაიხსენონ თუ ვის მიერ, ვისი დავალებით და როგორი ცვლილებები შევიდა კოსტიტუციაში. სამწუხაროდ, ჩვენს კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებებია შესატანი. საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიის პირობებში რაიმე ნონსენსი არ არის. ამ ეტაპზე მთავარია საკონსტიტუციო კომისია კომპეტენტური, სახელმწიფოს ერთგული და არა კეძო და ცალკე პიროვნებების ერთგული ადამიანებით დაკომპლექტდეს. ეს საკითხიც „ქართული ოცნების" სერიოზულ გამოწვევად მიმაჩნია.
წყარო: geomediatv.ge