ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით მის მემკვიდრეს გადაეცემა. მისივე ინფორმაციით, კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ დღეს უკვე არსებული პენსიონერები, რადგან მათ საპენსიო ასაკს უკვე მიაღწიეს.
„მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა 100%-ით მემკვიდრეს გადაეცემა. ასევე იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომ მოქალაქემ საპენსიო ასაკამდე მისვლამდე გამოიტანოს ეს თანხა, რაც მოიცავს დაინვალიდებას, მძიმე დაავადებით დაავადებას. თუმცა მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი განახორციელოს შენატანი, მეტი დაუგროვდეს და მეტი სარგებელი მიიღოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ერთია, რომ ამ ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი, მის მართვაში სახელმწიფო არ და ვერ ჩაერთვება. მეორე მხრივ, ამ ფონდის მართვასა და საინვესტიციო პოლიტიკას, ანუ რისკ პარამეტრებს განსაზღვრავს სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანო, მოხდება ინვესტირების პროცესის ზედამხედველობა, მონიტორინგი, რადგან ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით. ანუ ეს არის საკმაოდ დაცული სისტემა.
გაკოტრების და თანხის დაკარგვის რისკი არ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ინფლაციური რისკები და მოვლენები, თუმცა ამაზეც ექნება ფონდს თავისი მექანიზმი, რითაც თანხები იქნება დაცული და რეალურად მოქალაქეს თანხების გაუფასურების საფრთხე არ დაუდგება", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.