ავტორი სოფო ხუგოიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება.
პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა 4 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდეს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმირება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები და გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი.
ნაციონალების ამ ინიციატივასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ესაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელს იმსჯელეს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უზარმაზარი მონსტრის დანგრევა მოახერხეს და უშიშროების სამსახური გამოჰყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან.
„ნაციონალები საუბრობენ სუს-ის რეფორმირებაზე, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელს ვიმსჯელეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უზარმაზარი მონსტრის დანგრევა მოვახერხეთ და უშიშროების სამსახური გამოვყავით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები, რაც უნდა გაგვეტარებინა, უკვე გაკეთებულია. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის პოლიტიკური პოზიცია, რასაკვირველია, ამაში არ ვეთანხმები ერთი მარტივი მიზეზის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას როგორც შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, მისი გაუქმება წარმოუდგენელი და არასწორია. არ ვიცი, ამ პოლიტიკურ ძალას რამდენად აქვს უფლება, ისაუბროს მსგავს თემებზე, რადგან პროდუქტი, რომელიც დღეს გვაქვს, არის სწორედ მათი მმართველობის პერიოდში გაკეთებული. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მათი მმართველობის დროს არის გადაღებული და ამით არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი საზოგადოება დაზარალდა. ქვეყნის ნომერ პირველ ნიუსად აქციეს და შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებას აი, ასეთი მახინჯი კადრების ტირაჟირებით", - განაცხადა მიროტაძემ.