შესაძლოა, იმერეთის პატარა ქალაქი, ბაღდათი მალე მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცეს - მდინარე ხანისწყლის პირას აღმოჩნდა გიგანტური კუს, დინოზავრის და დიდი ზომის თევზების გაქვავებული ნაშთები. ვარაუდობენ რომ, ცხოველთა „ნიმუშები" რამდენიმე ასეული საუკუნისაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბაღდათი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს შეიძენს, მისი აღმომჩენის, ნინო ბაზანოვის სახელი კი შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს. ამ ამბავს სპეციალისტები და მთელი საქართველო "კვირის პალიტრის" მეშვეობით შეიტყობენ. „კვირის პალიტრას" ნინო ბაზანოვი ესაუბრა.
ნინო ბაზანოვი: - 10 სექტემბერს ოჯახთან ერთად ვსეირნობდი ხანისწყლის პირას. მდინარის მარჯვენა მხარეს მეწყერია ჩამოწოლილი. ბავშვი გაიქცა და გავყევი. ანაზდად ყურადღება მიიქცია ქვების უნიკალურობამ. პროფესიით გეოგრაფი, ქიმიკოსი და ბიოლოგი ვარ. მალევე მივხვდი, რომ ქვები ცხოველური წარმონაქმნი იყო.
- რა ცხოველები აღმოაჩინეთ?
- რამდენიმე გაქვავებულ ნაშთს კუს ფორმა აქვს. იქვე აღმოჩნდა ნიანგის კუდის ანალოგიც. ასამდე ნაშთია შენარჩუნებული. მდინარის ნაპირი გამაგრებულია კირქვის ლოდების ჯებირებით. დიდი ხანია მახსოვს ეს ქვები, მაგრამ დაკვირვება მხოლოდ ერთი თვის წინ დავიწყე. ცხოველთა გაქვავებული ფიგურები ბონდის ხიდიდან 25-30 მეტრშია მიმოფანტული და ქარავნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მდინარიდან მოშორებით, კირქვებში მოქცეულია კუს ბაკანი, ფიქსირებულია ძვალი - თავის ნაწილით, ბეჭის არე, ხერხემლის მალა, კისრის ნაწილი.
- როგორ ხსნით ამ უნიკალურ აღმოჩენას?
- ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ ორგანიზმად, ქვად გადაქცევა განპირობებული უნდა იყოს წნევისა და ტემპერატურის გავლენით - იქვეა ვულკანური ფერფლიც. ცხოველთა ზომები მერყეობს. ყველაზე პატარა დაახლოებით 30 კგ-ია, ყველაზე დიდი - 2 ტონამდე. ჰიდროგენეზისის შედეგად ეს ცხოველები უფრო დაპატარავდა.
ერთი გიგანტური კუს ზომა 1.5 მეტრია, მეორისა - 1.25 მეტრი. ამ ნაშთებს სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, ვიდრე მდინარეს არ ჩამოურეცხავს. მდინარის მარცხენა ნაპირზე ცხოველებს აშკარად ეტყობა, რომ მზისგან იშლება, მაგრამ მაინც კარგად განირჩევა ნაწლავების, კუჭის, ხერხემლის ნაწილები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ქოლესტერინისა და ფერმენტების წყალობით შენარჩუნებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი.
იმერეთში, კერძოდ სათაფლიაში, აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი. ბაღდათის ახალი აღმოჩენის დადასტურების შემთხვევაში დედამიწის ისტორიის შესახებ მეტის თქმის საშუალება მიეცემათ მკვლევრებს.ვიცით, რომ შორეულ წარსულში არსებობდნენ დინოზავრები, მაგრამ კონკრეტულად სად, ამ პასუხგაუცემელ კითხვას ალბათ მალე ბაღდათი უპასუხებს...
შენარჩუნებულია დინოზავრის თუ პრონტოზავრის გიგანტური კუდის ნაწილი ხერხემლის წილით, აქვეა 1-მეტრიანი თევზიც, რომელიც მთლიანია და ჩაფლულია ვულკანურ ქერქში. თუმცა ქერქი წყლის ზემოქმედებით უკვე გამკვრივებულია. კუ სრული სახითაა შენახული. შეინიშნება მასიური ძვლის ნაწილებიც, რომელიც ეკუთვნის ან დინოზავრს, ან გიგანტურ ნიანგს.
- ეს ამბავი თუ შეატყობინეთ შესაბამის უწყებებს?
- მივმართე სამთავრობო უწყებებს. წერილი მივწერე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ჯერ არავინ ჩამოსულა შესასწავლად, რადგან ეს აღმოჩენა დაემთხვა საარჩევნო პერიოდს. რაიონის ძეგლთა დაცვის უწყების სამსახურმა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შეატყობინა. ჩამოვიდნენ ისტორიკოსი და გეოგრაფი. აღფრთოვანებული დარჩნენ. ამ ამბავს მკითხველი პირველად თქვენი გაზეთით შეიტყობს.
მივმართავ ყველა კომპეტენტურ პირს, ვისაც შეუძლია ამ უნიკალურ აღმოჩენაზე მუშაობის დაწყება. ეს ძალიან დიდი საქმეა, დადასტურების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიაც და საქართველოს უნიკალურობაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება, ტურიზმიც მნიშვნელოვნად გაიზრდება...