logo_geo
eng_logo
„აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი“ ქარელის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ ოფიციალურად გადასცა
- +

23 ოქტომბერი. 2016. 13:15



ფონდი „ქართუს" დაკვეთით, ასოციაცია „ატუმ" ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ააშენა აგრარული ბაზრობის პავილიონები, რომლებშიც ადგილობრივ გლეხებს შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.


წლების განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის შიდა ქართლის მონაკვეთზე, სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ყველაზე სახიფათო ზონას როგორც საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის, იქ განლაგებული აგრარული გარევაჭრობის მოუწესრიგებლობისა და სავალ ნაწილთან უშუალო სიახლოვის გამო. ბოლო წლებში(2014-2016) ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც დაკავშირებულია თავად გარევაჭრობის ზრდასთან. შესაბამისად გაიზარდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც, მათ შორის დაზარალდნენ გარემოვაჭრენიც. სახიფათო ლოკაციის გარდა, ისედაც გაუსაძლის პირობებში მოვაჭრე გლეხებს განსაკუთრებით უჭირდათ ვაჭრობა ზამთრის პერიოდში.


ფონდი „ქართუს" გადაწყვეტილებით, რუისის დღეს არსებული სახიფათო გარევაჭრობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აშენდა თანამედროვე და საგზაო უსაფრთხოების პირობების შესაბამისი სავაჭრო პავილიონები, რომლებშიც ქარელის მუნიციპალიტეტის გლეხებს შეეძლებათ, უსაფრთხოდ ივაჭრონ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.



ახალი აგრარული ბაზრობის კომპლექსი შედგება სამი პავილიონისგან, რომელთაგან ორი განლაგებულია მაგისტრალის ჩრდილოეთით, ხოლო ერთი, სამხრეთით. ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ორი პავილიონი უკვე დასრულებულია და მზადაა ექსპლუატაციისთვის. ხოლო კომპლექსის სამხრეთი ნაწილი გაიხსნება ა.წ. 17 ნოემბერს.


საერთო ჯამში აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსში განლაგდება ასამდე სავაჭრო დახლი, კომპლექისის გარშემო მოწყობილი ავტოსადგომი კი დაიტევს ერთდროულად 70 ავტომანქანას. პავილიონები უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის. კომპლექსი და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზა კი გამორიცხავს ავარიული საფრთხის შექმნას როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის, ასევე პავილიონში მოვაჭრე გლეხებისა და მგზავრებისთვის.


აგრარული ბაზრობის პავილიონების ფუნქციონირებას დაარეგულირებს ქარელის მუნიციპალიტეტი, რომელსაც კომპლექსი დასრულებისთანავე  საჩუქრად გადასცა ფონდმა „ქართუმ".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner