ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის გამყარებას სახელმწიფო ხარჯების შემცირებას უკავშირებს. როგორც ჯგერენაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ლარის კურსი საკმაოდ სუსტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ იგი ხელოვნურად, დროებით გაამყარა. ჯგერენაია ვარაუდობს, რომ აპრილიდან ლარის კურსი კვლავ დაეცემა და ძველ ნიშნულს გაუტოლდება.
„მოდით, ვთქვათ, რა მექანიზმები არსებობს ლარის კურსის გასამყარებლად. ამისთვის უნდა იყოს ლარის ასპარეზზე გამოსული მყარი მაკროეკონიმიკური მაჩვენებლები. უნდა შემოედინებოდეს მეტი ვალუტა ექსპორტის სახით. 2016 წლის პირველ კვარტალში კი არათუ მატება, არამედ სრიოზული ვარდნაა. ე.წ. ტრანსფერები არ გაზრდილა. არც რაიმე განსაკუთრებული ინვესტიცია არ შემოსულა. აქედან გამომდინარე, ლარი უნდა ყოფილიყო საკმაოდ სუსტი, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეში იგი საკმაოდ გამყარდა.
სახელმწიფო ახდენს საერთო მოთხოვნის შემცირებას, სახელმწიფო ხარჯების შემცირების ხარჯზე. სახელმწიფოს დასახარჯი აქვს 400 მლნ, რომ 90 %-იან გეგმაზე მივიდეს. ნაკლები ფული გამოდის მიმოქცევაში და ბუნებრივია, ლარზე ნაკლები ზეწოლაა. ამდენად, ასეთი ვარიაცია კარგია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ აპრილიდან ლარი დაუბრუნდება ძველ ნიშნულს და იქნება 2,4-ის ფარგლებში და არჩევნებამდე ეს კურსი შენარჩუნდება", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.