logo_geo
eng_logo
„ყველაზე მძიმე შესასრულებელი თეთრაძის წამების სცენა იყო" – ექსმაღალჩინოსნების პროტოტიპები „ჰეროკრატიიდან“
- +

23 ოქტომბერი. 2016. 19:48



გოგა ხაინდრავას სკანდალურ პროექტში "ჰეროკრატია" მაყურებელი გარეგნულად, ფრაზებითა თუ მანერებით ფილმის გმირებს "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ მაღალჩინოსნებთან აიგივებს.



ექსპრეზიდენტ ჰეროს როლს ფილმში მსახიობი ნოდარ სიმსივე ასახიერებს. მისი პროტოტიპი მიხეილ სააკაშვილია.

- ჩემი როლიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ფრაზა: "ამიერიდან ვივლით მხოლოდ წინ და ვინც ჩვენს ფეხის ნაბიჯს ჩამორჩება, დარჩება იქ, სადაც დაეცემა. დაცემულები კი დავიწყებას მიეცემიან".

 

 

მსახიობი ნატო ჩხეიძე ნინო ბურჯანაძეს ასახიერებს. ამ როლის გამო გრძელი ქერა თმა მოკლედ შეიჭრა და შავად შეიღება: - ჯერ კიდევ 10 წლის წინ მამაჩემი მეხუმრებოდა, როგორ ჰგავხარ ბურჯანაძესო. როდესაც მითხრეს, ეს როლი უნდა განასახიეროო, გამეცინა, ვიფიქრე, მამაჩემი ხომ არ არეკვინებს ვინმეს-მეთქი.

ფილმში ჩემს გმირს სახელი არ აქვს. ცხოვრებაში პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ რადგან პოლიტიკოსის განსახიერებამ მომიწია, ვცადე, მისი ხასიათი ამომეცნო.

 

 

ზურაბ ჟვანიას როლს "ჰეროკრატიაში" პროფესიით ეკონომისტი ევგენი მაღლაკელიძე ასრულებს. ფილმში მას ნიკო ჰქვია: - ამ როლზე ბევრი ვიმუშავე. მინდოდა, რაღაც დეტალები ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებთან დამეზუსტებინა, მაგრამ არ მოხერხდა. რა თქმა უნდა, პროტოტიპი ზურაბ ჟვანიაა, მაგრამ კრებითი სახელი ამ როლისა მაინც არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც გამოუცდელ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეხმარება, ახალმოსულებს კი ძალაუფლება რყვნის, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი და ამიტომაც ხდება ის მოვლენები, რაც ჩვენთან განვითარდა.

 

 

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ბექა ჯუმუტია დაჩი ახალაძეს ასახიერებს. სავარაუდოდ, ეს პერსონაჟი ბაჩო ახალაიას პროტოტიპია: - "როლზე მუშაობისას არც ფიზიკურ და არც სხვა მსგავსებაზე ყურადღება არ გამახვილებულა. ვცადე, შემექმნა კრებითი სახე - ვისთვის ცუდი და ვისთვის კარგი ხელისუფალის. ყველაზე მძიმე შესასრულებელი კი თეთრაძის წამების სცენა იყო. ამ როლს ჩემი ახლობლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრს ჩემი მონაწილეობით ზოგიერთი სერიის ნახვა გაუჭირდა.


ჩემს როლში ძალიან ბევრი გინება და უწმაწური სიტყვა იყო. ვიცინოდი, ამდენი ცუდი სიტყვა ერთად ცხოვრებაში არ მითქვამს-მეთქი.


ფილმი ეყრდნობა რეალურ მასალებს პატიმართა და მოწმეთა ჩვენებებიდან, თუმცა, როგორც მხატვრულ კინოს სჩვევია, რაღაცები შელამაზდა.


"ჰეროკრატია" პოლიტიკური ფილმია. ეს ხალხმა უნდა ნახოს, რადგან გაიგოს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება".

 

 

მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი­ ფილმში ზურაბ ადეიშვილს ასახიერებს: - სათვალე რომ მომარგეს, მაშინ მივხვდი, რა როლისთვის მამზადებდნენ.­ ჩემი პერსონაჟის ენერგია მოდის ანალიზის უნარიდან. ის იყო ყველა შავი საქმის შემსრულებელი და მომწესრიგებელი. იურიდიულად ყველაფერი­ ისე ჰქონდა დალაგებული, ხარვეზს ვერ უპოვიდი. ფილმში მას ჟვანიას გმირი "თაგუნიად" მოიხსენიებს. ამბობენ, ჟვანია მართლაც ასე ეძახდაო. რაც უფრო მეტს ვიგებდი ამ პიროვნებაზე, მით მეტ ანტიპათიას იწვევდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ფრაზა: "როდესაც ორნი ერთ ნავში ვერ თავსდებიან, ერთის ადგილი არის ზღვის ფსკერზე."


ეროსი კიწმარიშვილის როლი რუსთავის თეატრის მსახიობმა შოთა წულაძემ მოირგო, ფილმში მას ემზარი ჰქვია: - მე ამ ადამიანს არ ვიცნობდი, ამიტომ როლზე მუშაობისას ძველი ჩანაწერების ყურებამ მომიწია. ვაკვირდებოდი მის მანერებს, საუბარს... რეჟისორი მაძლევდა კონკრეტულ დავალებებს და მეც ვცდილობდი, თავი გამერთმია.

 

 

მე არ ვიცი, ეს პროექტი პოლიტიკურია თუ აპოლიტიკური. მე ვარ მსახიობი - დამიძახეს, ვითამაშე, გადამიხადეს. ყველაზე მეტად კი დამამახსოვრდა ფრაზა: "ღიმილი, მეტი ღიმილი!""

 

 

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი დავით როსტომაშვილი მინისტრ თორნიკეს ასახიერებს. ამ პერსონაჟში მაყურებელთა დიდი ნაწილი გიგა ბოკერიას ხედავს, თუმცა, თვითონ მსახიობი დაზუსტებისგან თავს იკავებს: - თორნიკე უარყოფითი გმირია, მაგრამ მის მიმართ სიმპათია მაინც გამიჩნდა - ბოლოს და ბოლოს, ჩემი გმირია. არ ვიცი, ფილმი საზოგადოების ცნობიერებაზე რა გავლენას მოახდენს. მე ჩემი საქმე გავაკეთე. ვითამაშე "ჰეროკრატიაში", მერე კი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კლიპი გავახმოვანე. ან ორივე შემოთავაზებაზე უარი უნდა მეთქვა, ან ორივეს დავთანხმებოდი.


რუსთავის თეატრის მსახიობი თეონა ხვედელიძე ფილმში ჟვანიას გარემოცვის წევრ ქალბატონს ასახიერებს, რომელსაც ლალი ჰქვია. ის ძალიან მოგაგონებთ ხათუნა გოგორიშვილს: - გრიმის, კოსტიუმებისა და პროფესიონალების წყალობით გოგორიშვილს დამამსგავსეს. როდესაც ვუყურებდი, ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ კარგი იუმორი აქვს. ლექციებს უკითხავს ჩემს ნაცნობებს და ვიცი, კარგი პედაგოგია. აპოლიტიკური ადამიანი ვარ და სხვაგვარ შეფასებებს თავს ვარიდებ.

 


რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ფილმში ედუარდ შევარდნაძეს­ ასახიერებს: "არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემი და შევარდნაძის სახელები გადაიკვეთებოდა. გოგა ხაინდრავამ როლი რომ შემომთავაზა, დავიბენი. ადრე რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ახალგაზრდა ჰიტლერი განვასახიერე, მაგრამ ჰიტლერი თითქოს უკვე მხატვრული პერსონაჟია - მე ხომ არ მიცხოვრია მისი მმართველობის დროს. დოკუმენტური მასალები გადმოვიწერე და შევნიშნე, რომ თავისი დიპლომატიით ცნობილი ამ პოლიტიკოსის სავიზიტო ბარათი იყო ღიმილი. გადაღება მიმდინარეობდა ორთაჭალაში, მის რეზიდენციაში. იქ მისულს დამხვდა მისი ოჯახი, ისინი, ვინც ყოველდღიურად ხვდებოდნენ შევარდნაძეს. თავიდან სცენარში არ იყო ერთი ფრაზა, მაგრამ მითხრეს, რომ ბოლო დროს შევარდნაძე ყველა გოგონას ეკითხებოდა, გათხოვილი ხომ ხარო? ქალის მთავარ მოვალეობად ოჯახის შექმნა მიაჩნდა და თითქოს პროპაგანდას ეწეოდაო. ამიტომ ფილმში მეც ვკითხე ეს ერთ ჟურნალისტს. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ლაშა შევარდნაძის პოსტი - ეს ადამიანი ბაბუაჩემს ბრწყინვალედ ასახიერებდაო.

 

 

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, გიორგი ყველაშვილის გმირის (საბას) როლში გია ბარამიძეს ამოიცნობთ: - დამირეკეს, გოგა ხაინდრავას უნდა შენთან გასაუბრებაო და მეც მატროსოვის ციხეში მივაკითხე, სადაც ერთ-ერთ სერიას იღებდნენ. ჩემი გმირის შესახებ ისეთი რაღაცები მითხრა, რაც არ ვიცოდი... ყველა პოლიტიკოსზე ჩემი აზრი მაქვს, მათ შორის იმ ადამიანზეც, რომელსაც ვასახიერებ. არა მგონია, რომ პოლიტიკაში ვინმე სუფთა ხელებით შედის და სუფთა ხელებით გამოდის. ის აუცილებლად გაისვრება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner