რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მიმართვა გაავრცელა, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას.
მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.
მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები", "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო", საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
მიმართვას ხელს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები აწერენ. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით:
გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:
- ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალა, თუნდაც ძალიან კარგი განწყობილებითა და კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული, იწყებს ლპობას, თუ მას კონტროლი არ აქვს. დემოკრატია ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ურთიერთდაპირისპირებასა და კონტროლზე იგება. ეს რომ ყოფილიყო "ნაცმოძრაობა", ზუსტად ასე მოვუწოდებდი სხვადასხვა პარტიებს იმიტომ, რომ ერთი პარტიის ხელში სრული კონტროლი სტალინის დროს იყო და ვიცი ეს რა კოშმარიც არის.
- ამბობენ, ვინც ამ მიმართვას ხელი მოაწერა, "ნაცმოძრაობის" მომხრეები არიანო...
- ვინც ამას ამბობს, გოგი ხოშტარიასგან პირდაპირ გადაეცით, - თქვენი დედაცო... იმიტომ, რომ გოგი ხოშტარია "ნაციონალურ მოძრაობას" და მიშას რომ აკრიტიკებდა, სამოქალაქო საზოგადოებიდან მასე არავის გაუკრიტიკებია. მე პარტიულად კვლავაც "მრგვალ მაგიდას" წარმოვადგენ, რომელმაც პირველად საბჭოთა სივრცეში საქართველოში მრავალპარტიულობა გააჩინა.
ლაშა ბუღაძე, მწერალი:
- ვფიქრობ, მეორე ტურისთვის რეალობა დიდად არ შეიცვლება, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს გამარჯვებული პარტია, ჩვენი მიმართვა კი საზოგადოებისთვის ერთგვარი შეხსენებაა, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს დემოკრატიის განვითარებისათვის, თუ ქვეყანაში ერთი კონკრეტული პარტიის ჰეგემონიას მივიღებთ. ვისაც პირველ ტურში მივეცი ხმა, იმ პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ როგორც მოქალაქეს ვერცერთი ეს პარტია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, მე ვერ წარმომადგენს. გავიგე, რომ თითქოს ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების მიმართვაო, შეიძლება ამ ტექსტიდან მსგავსი შინაარსი ამოვიკითხოთ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი არ ვარ, რადგან ჩემთვის ამ პარტიას არ აქვს დემოკრატიული პარტიის რეპუტაცია, თუმცა იქ არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც პატივს ვცემ.
თუმცა ახლა საუბარია იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს... დარჩეს პარლამენტი იქ სადაც არის და ხალხს არ წაართვან პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. ბოლო 45 წლის განმავლობაში ვისი ან რისი ამრჩევია საპარლამენტო უმრავლესობა, ახლა რომ ეს მოლოდინი გვქონდეს? მოუნდება ამ ფორმალურ/არაფორმალურ მმართველს, კალიგულასი არ იყოს, სენატში სენატორად ცხენი რომ დასვა, ვიღაც თავის გაგებით ინტელიგენტს მოიგონებს და პრეზიდენტად დაისვამს. პარლამენტში გვჭირდება ურთიერთმაკონტროლებელი პოლიტიკური ძალები, წინააღმდეგ შემთხვევაში დემოკრატია ვერ განვითარდება.
ამას გარდა, ძველი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიები არ მოგვწონს, მოქალაქე იმ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს მეტ-ნაკლებად მაინც მოგებული, როდესაც თუნდაც 2 არაიდეალური პარტია, რომელიც მას არ მოსწონს, ერთმანეთს აკონტროლებს და აბალანსებს. ამ შემთხვევაში ჩვენ, ანუ მესამე ძალა, შესაძლოა ბევრად უფრო მოგებულები დავრჩეთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ერთია ვეშაპი, რომელსაც რაც უნდა, იმას იზავს, მეორე კი უბრალოდ ფორმალურ პოზიციაზეა. დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება.
გავრცელებული მიმართვის ავტორებს არ ეთანხმება სამოქალაქო საზოგადოების მეორე ნაწილი.
ლალი ბადურაშვილი, მსახიობი:
- ეს მიმართვა არანაირად არ არის სწორი, რად უნდა ამას ლაპარაკი? ქართველი ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა შეეგუოს იმას, რომ როდისღაც იგებ, როდისღაც აგებ. სულ მაგას ვამბობ, რომ მამა ბუში წავიდა, შვილი ბუში წავიდა, ესენი რა გახდნენ? 9 წელი იყვნენ, გეყოთ რა, წადით! ჩემი პასუხი "ნაცებს", წადით სუყველა.
დავით მაღრაძე, პოეტი:
- მიმაჩნია, რომ ახლა გადაწყვეტილებების დროა, წინსვლა შეფერხების გარეშე უნდა განხორციელდეს. ამდენად, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ შემთხვევაში შეიძლება ხელისშემწყობი იყოს, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია გასწორდეს. ამაში ხელისუფლებამ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.
სასამართლო არის დამოუკიდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მედია თავისუფალია და ხელისუფლება კი არ აკონტროლებს მედიას, როგორც 9 წლიანი მმართველობის დროს იყო, მედია უფრო აკონტროლებს ხელისუფლებას და ეს ძალიან კარგია. ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაშინ არის საფრთხე, როდესაც მედიას აკონტროლებს ხელისუფლება და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.