logo_geo
eng_logo
ანზორ მაისურაძე: ამორალიზმი უნდა დაისაჯოს! ჩამდენიც და ფარულად ჩამწერიც!
- +

17 მარტი. 2016. 15:10


ერთი კვირაა, ჩვენი მასმედია არნახული სიცხარით განიხილავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრობლემას. თითქოს თანხვედრია საზოგადოებრიობისა და ხელისუფლების პოზიციები, მაგრამ ჭირისა არ იყოს, რომელმაც თავი ვერ დამალა, როგორც ეშმაკი დეტალებიდან, გამოხტება ზნეობრიობის თემა, ანუ ამორალობის საკითხი. ამორალობისა, რომელიც პირადი ცხოვრების გარეშე, როგორც რაღაც განყენებული, პირადი ცხოვრებისგან გაუცხოებული არ არსებობს.

 

ზნეობაც და უზნეობაც პირადი ცხოვრებიდან მოდის და ორივე საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აისახება, ოღონდ განსხვავებული ნიშნით.

 

საზოგადოების გახრწნა ინდივიდის ამორალობიდან იწყება, მრუშობიდან, სიბილწიდან. და თითქოს საკამათო არ უნდა იყოს საზოგადოებრიობის ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ, რაგინდ „პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის" პრინციპის მოშველიებით შეეცადონ დაინტერესებული ძალები მათ წარმოჩენას ხელისუფლების მიერ დევნილ ადამიანებად. აჟიოტაჟური კამპანია, რომელშიც დღეს ჩართულია ყველა, ვისაც არ ეზარება, ხვალ თუ ზეგ ჩაცხრება, პრობლემა კი დარჩება, პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს უშიშროებასთან არის დაკავშირებული.

 

ამ თემაზე ისაუბრებს დღეს უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე.


- თქვენს მკითხველებს, უწინარეს ყოვლისა, მინდა ვუთხრა, რომ ამორალური ადამიანი არც ქვეყანას სჭირდება, არც ხალხს, არც უშიშროების სამსახურს. არავის! ასეთები ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესის საგანი იყვნენ ყოველთვის და ახლაც ასეა. მათი გამოყენება უცხოეთის სპეცსამსახურების პრაქტიკაში მიღებული და დამკვიდრებული მეთოდია. მით უფრო, თუ ისინი სახელმწიფოს მმართველი ელიტის წარმომადგენლები არიან ან აქვთ მაღალ ეშელონებში მოხვედრის რეალური პერსპექტივა.


ეს ერთი. მეორე - გარყვნილი პიროვნება თავისი მაგალითით რყვნის საზოგადოებრიობას, რაც ასევე ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.


ამიტომ ვამბობ დარწმუნებით, რომ ამორალიზმი უნდა დაისაჯოს.


ჩამდენიც და ფარულად ჩამწერიც.


პირადი ცხოვრება, რასაკვირველია, ხელშეუხებელი უნდა იყოს. კაცმა რომ თქვას, შინ რით ხარ დაკავებული, არავის აინტერესებს. ამორალურ  ცხოვრებაზეა ლაპარაკი და არა სექსუალურ ურთიერთობაზე, რომელიც ბიოლოგიური ინდივიდის  ბუნებაშია ჩადებული და შთამომავლობის უწყვეტობის საფუძველთა საფუძველია.


საქმე ის არის, რომ ამორალურ და გათახსირებულ პიროვნებებს - ლესბოსელებს, მამათმავლებს, ტრანსგენდერებს, ვერცხლისმოყვარულებს, კარიერისტებს და ა.შ. აქტიურად იყენებენ უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურები თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად.


საყოველთაოდ ცნობილ მაგალითსაც დაგისახელებთ: „კემბრიჯის ხუთეული" (კიმ ფილბი, დონალდ მაკლინი, ენტონი ბლანტი, გაი ბერჯესი და ჯონ კერნკროსი - ა. ს.), რომელიც დიდ ბრიტანეთში საბჭოთა აგენტურის ფართო ქსელის ბირთვი იყო დიდი ხნის განმავლობაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის გადაბირებული სტუდენტებისგან ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. შემდეგ ეს ახალგაზრდები ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდნენ საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული ხელშეწყობით. ამ „კემბრიჯის ხუთეულიდან" ზოგი აქტიური მამათმავალი იყო, ზოგი - ფარული, ერთი კი - აღიარებული ჰომოსექსუალი. ამით დააშანტაჟეს და ისინიც წლების განმავლობაში რეგულარულად აწვდიდნენ საბჭოთა დაზვერვას ცნობებს თავიანთი ქვეყნის თუ სხვა ევროპული სახელმწიფოების უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საიდუმლოებათა შესახებ.

 

- ე. ი. ამორალიზმის გასაჯაროებით დაშანტაჟება, როგორც გადაბირების საფუძველი?


- დიახ, ასეა. მაგრამ ეს კეთდება უმაღლეს პროფესიულ დონეზე, ისე, რომ მსხვერპლი ვერც კი ამჩნევს, როგორ ეხვევა გადაბირების ბადეში, ხოლო როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, შემდეგ თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.


ერთ მაგალითს გავიხსენებ ჩვენი ძველი პრაქტიკიდან. ერთი თურქი მოღვაწის გადაბირება დააპირეს ჩვენი უშიშროების ორგანოებმა. მიუჩინეს ქალები, უღებდნენ ფოტოსურათებს, ფარულად იწერდნენ. მისი გადაბირების პროცესი რომ დაიწყო და ეს ფოტოები, როგორც მაკომპრომეტებელი მასალები, წინ გაუშალეს, მოკვდა ის კაცი სიცილით: რა მაგარი ვყოფილვარო! წავიღებ, მამაჩემს ვაჩვენებ, ჩემი ვაჟკაცობით დავიტრაბახებო. მისთვის (ეთნიკური თურქისთვის) მრავალ ქალთან ინტიმური კავშირის დამყარება სულაც არ იყო უზნეობა და მრუშობა.


ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ პროფესიონალიზმი ამ საქმეში ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა დარგში, ეგებ, უფრო მეტადაც.


- საქართველოში თუ იყვნენ ჰომოსექსუალები, რომლებსაც დასაშანტაჟებელი პროვოკაციების მოსაწყობად იყენებდით?


- არა, არ გვყოლია. ერთხელ დაგვჭირდა და მაშინაც სხვა რესპუბლიკიდან მოვიწვიეთ. 1970-იანი წლების დასაწყისში (არ მახსოვს, ზუსტად როდის) უცხოეთიდან თბილისში ჩამოვიდა ერთი კაცი, რომლის გადმობირებითაც დაინტერესებული იყო უშიშროების საკავშირო კომიტეტი. მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იგი ჰომოსექსუალია. მოვახერხეთ ისე, რომ მასთან ურთიერთობის დასამყარებლად ჩვენ მიერ ჩამოყვანილი კაცი რუსთაველის პროსპექტზე, კინოთეატრი „სპარტაკი" რომ იყო, იმის წინ შევახვედრეთ. უცხოელი სასტუმრო „თბილისში" იყო დაბინავებული. ამ ორმა ერთმანეთს თვალებში რომ შეხედა, იმავე წამს ფერმა ფერი იცნო, ჩაეხუტნენ, ჩაენასკვნენ და, სასტუმრო „თბილისის" ნომერში რაც გააკეთეს, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმ უცხოელის გადმოსაბირებლად.

 

- მაშინ, მოდით, ამ კუთხით გავარჩიოთ საქართველოში ჩამოყალიბებული ერთი სპეციფიკური მოცემულობა. სააკაშვილ-მერაბიშვილის სპეცსამსახურები საგანგებოდ ნადირობდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ - მათზე მაკომპრომეტებელ მასალებს აგროვებდნენ; მეორე მხრივ, ასეთივე „კომპრებს" აგროვებდნენ იმათზეც, რომლებსაც ანდობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში ამა თუ იმ უბნის ხელმძღვანელობას. ამ სიბინძურეს ფარულად იწერდნენ ვიდეო თუ აუდიოფირებზე და ინახავდნენ, საჭიროების შემთხვევაში ამ ანკესზე წამოგებულთა დასაშანტაჟებლად.


- ეს საყოველთაოდ ცნობილი სისტემური დანაშაულია, რომელსაც ნაცების ნარჩენები დიდი მონდომებით აფუჩეჩებენ, რაშიც მათ ყბადაღებული კოაბიტაციის პოლიტიკა  უწყობს ხელს.


- დიახ. ფაილები „პირადი ცხოვრების" ჩანაწერებით, რომლებიც ათასობით იპოვეს დასავლეთ საქართველოში, როგორც გვითხრეს, განადგურდა, ხოლო კანონმა მათი ამა თუ იმ ფორმით გავრცელება-გამოყენება დასჯად ქმედებად გამოაცხადა.


- ასეა.


- მაგრამ არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან გატანილი არ აქვთ საქართველოდან გაქცეულ „მეგის ქარდავებს".


- ეგაა სწორედ ის საფრთხე, რომელზეც თქვენი მკითხველების ყურადღება მინდა შევაჩერო. ჯერ ერთი - დარწმუნებული ვარ, ამ ფირების ასლები მართლაც არსებობს და, თუ მთლიანად არა, დიდი ნაწილი მაინც გატანილია ქვეყნიდან. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ, როცა დასჭირდებათ, დაუყოვნებლივ გამოიყენებენ ჩაწერილ-გადაღებული ადამიანების დასაშანტაჟებლად და (მიაქციეთ ყურადღება!) ქვეყანაში ვითარების ასარევად, დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, რომლის მოწმენიც ეს ერთი კვირაა, ყველანი ვართ.

 

შეიძლება ითქვას, რომ, როგორც დამარცხებული ფაშისტური კასტისთვის, რომელიც გერმანიიდან არგენტინაში გაიძურწა, პარტიული ფული არსებობისთვის აუცილებელი კაპიტალი იყო, ასეთივე პარტიულ კაპიტალად განიხილება „ნაცებისთვის" ის ფარული ჩანაწერები, რომლებზეც ვლაპარაკობთ.


გამორიცხული არ არის, მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაყოვნებული მოქმედების ბომბს აუფეთქებენ სპეცსამსახურებში აპრობირებული სქემით: დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტოში საკმაო რაოდენობით, დაახლოებით მესამედი, არიან ყოფილების ერთგულებით გამორჩეული მოსამსახურენი, რომლებზეც მერაბიშვილის სპეცსამსახურებს შედგენილი ჰქონდათ მაკომპრომეტირებელი მასალები. ამ მასალებს გაააქტიურებენ მასმედიის საშუალებით, რომელთა სიმცირეს არ უჩივიან კოაბიტირებით რეანიმირებული სახელმწიფო დამნაშავენი.


ტელეეკრანებზე, ინტერნეტში გამოჩნდება იმგვარი „ტელეკომპრები", რომელთა მხოლობითმა რიცხვმა, ანუ ერთადერთმა ფაქტმა ასე ააღელვა საზოგადოებრივი აზრი ამ დღეების განმავლობაში.


ეს ერთი ვარიანტი.


მეორე. ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ განხორციელდება მუქარა-დაშანტაჟების ღონისძიებები, რომლებშიც იგულისხმება ნაციონალური ხელისუფლების კანდიდატების მხარდაჭერის მოთხოვნა სხვადასხვა ფორმით _ აქციებით, გამოსვლებით, მიტინგებით, „ოცნების" საწინააღმდეგო დემარშებით ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში. ყველა იმ საშუალებით, რომლებიც ინფორმაციულ ომში იგულისხმება და ასე „მშობლიური" გახდა „კმარას" პერიოდიდან და რომელმაც ცრუ-ლიბერალები და ცრუ-დემოკრატები მოიყვანა ხელისუფლების სათავეში.


თუ უარს იტყვიან დამშანტაჟებლების მოთხოვნაზე, მაკომპრომეტებელი ფაქტებით გაჯერდება მასმედია. თქვენ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ ასეთ ხაფანგში მოხვედრილთაგან ვინმე დათანხმდება ბოლო ვარიანტს?


- არა, რასაკვირველია.


- ის, რაც რამდენიმე დღის წინათ გაკეთდა (ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე"  გამოქვეყნებას ვგულისხმობ), ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს უეჭველია. ერთი კერძო პოლიტიკოსი, რომელიც კარგა ხანია, საქმეს ჩამოაცილეს, სახელმწიფოს ფუნქციონირების რაიმე დაბრკოლების შემქმნელი ვერ იქნებოდა. „მხილების" აქტი ოპოზიციური პარტიების დასაშინებლადაც არის გამიზნული, ბიჭები და გოგოები გააფრთხილეს, - დათმობთ ოპოზიციონერობას, ყველას  გაგიხსენებთ ცოდვებსო.


ხომ ასეა?


- გეთანხმებით.


- ბრმა და ყრუ უნდა იყო, ეს რომ ვერ შეამჩნიო.


- უშიშროების ხელწერას გამორიცხავთ?


- უშიშროება მოწოდებულია სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და არა „საწოლის ჯაშუშობისთვის". ამის ოსტატები სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემლად იყვნენ წარმოდგენილები მიშას ზეობის ხანაში.


ათასობით  ჩანაწერი, რომლებიც კასრებში გადამალული იპოვეს, იმის მაჩვენებელიცაა, რომ მაკომპრომეტირებელი ქმედება, რომელშიც ამორალობა იგულისხმება, საკმაოდ იყო გავრცელებული, თანაც არა მხოლოდ ქალისა და კაცის სექსუალური მრუშობის სახით.


საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების მკვეთრ შეცვლას ახასიათებს ამორალიზმის აფეთქება. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ასე მოხდა. საქართველოში დაბრუნებული ჩემი აწ გარდაცვლილი კოლეგა, უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ ჯაიანი, რომელსაც საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და საზღვარგარეთ მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, შეშფოთებული საუბრობდა, რომ ელცინის ხელისუფლებაში მამათმავლების მოძალება სულ უფრო აშკარა ხდებოდა.


ანზორი წუხდა: თუ საქართველოს ხელისუფლებაშიც ისინი მოვლენ, კარგად მეყოლეთო!


ჩვენი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არავის ნიშნავდნენ სახელმწიფო უშიშროების დასკვნის გარეშე. ჩვენ შევისწავლიდით ყოველმხრივ ამ ადამიანს, მის წარსულს, პროფესიონალიზმს, კავშირებს, ქმედუნარიანობას, მორალურ მახასიათებლებს ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ეგ კი არა, „გენეტიკურ წარმომავლობასაც" ვამოწმებდით - წინაპრებში ჰყავდა თუ არა ვინმე ფსიქიკურად დაავადებული. ფაქტია, რომ ამორალობა, უწინარეს ყოვლისა, ფსიქიკის პრობლემებიდან მოდის, რომ არამდგრადი ფსიქიკა ექსტრემალურ პირობებში ნორმიდან ამოვარდნის წინაპირობაა და დაუშვებელია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანისთვის, რადგან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. დაწინაურების კანდიდატი თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ ცნობაში ვწერდით, რომ ესა და ეს კაცი შესაძლებელია დაინიშნოს ამა და ამ თანამდებობაზე.


შესაძლებელია, რომ დაინიშნოს. სხვა არაფერი. დანარჩენს მთავრობა წყვეტდა.


- დღევანდელი ხელისუფლება განაგრძობს ამ პრაქტიკას?


- ეგაა საკითხავი. ის კი შემიძლია გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნება, ჩამოყალიბდეს სპეციალური სამსახური, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, შეისწავლის, ვინ, სად, როგორ დააწინაურეს თავის დროზე და სკრუპულოზური ანალიზის შემდეგ მიაწვდის ხელისუფლებას რეკომენდაციებს.


გადამწყვეტი ქმედება კი ხელისუფლების განსახორციელებელია.


- რას გულისხმობთ?


- პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. ვფიქრობ, რომ ამორალური ადამიანების ადგილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.


ჯერ უნდა გამოვლინდნენ ისინი და უნდა დადგინდეს, ვის როგორ მოექცნენ სათითაოდ, ინდივიდუალური მიდგომით. ეს არ უნდა იქცეს ისეთივე მასობრივ კამპანიად, როგორიც სააკაშვილის პარლამენტმა წამოიწყო, როცა საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნამუშევარი ადამიანები ერთი ხელის მოსმით „ხალხის მტრებად" გამოაცხადა. ყოველ შემთხვევაში, ისეთივე „ლიშენცებად" აქცია, როგორც ეს ლენინის დეკრეტით გაკეთდა საბჭოთა რუსეთის პირველ დღეებში; მით უფრო, არც ჩინეთის „კულტურული რევოლუციის" მიბაძვით და არც იმ მასობრივი „წმენდის" სახით, რომელიც დრო და დრო ხორციელდებოდა საბჭოთა კავშირში.


ამიტომაა საჭირო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა.


თორემ, როგორც ვხედავთ, პოტენციური ნეგატივიზმი, რომელიც ყოფილი ხელისუფლების სისტემური დანაშაული ფარული ჩანაწერების სახით შემოგვრჩა, უკვე ამოქმედდა და ისეთი პირი უჩანს, რომ აწი და აწი, არჩევნების მოახლოების კვალზე, უფრო გაძლიერდება.


საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ზნეობის პრინციპების ნორმებიდან ამოვარდნილთა გაფეტიშებისგან, რასაც დიდი მონდომებებითა და ფინანსური მხარდაჭერით ცდილობენ დაინტერესებული ძალები. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობის პირობებში.


საქართველოში, ტრადიციულ მართლმადიდებელ ქვეყანაში, მამათმავლობა ფეხს რომ ვერ მოიკიდებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ხელისუფლებამ ამორალობასთან ნებისმიერ შემგუებლობაზე უარი უნდა თქვას. ასეთია, თუ არ ვცდები, ჩვენი საზოგადოებრიობის კატეგორიული მოთხოვნა.


ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საქვეყნოდ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ „ხელი წაუცდა" თეთრ სახლში პრაქტიკანტად გამწესებულ მონიკა ლევინსკიზე.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორიოდ დღის წინათ ტელეეკრანიდან, საჯაროდ დაიტრაბახა, რომ აქვს, ჰქონდა და ექნება მდიდარი სექსუალური ცხოვრება.


- კაზანოვა...


ესაუბრა არმაზ სანებლიძე



P.S. რომელი პოლიტიკოსის პორნოსიანცე იყო აღბეჭდილი „იუთუბიზე" ატვირთულ ფარულ ჩანაწერში, დიდი ჭორაობის საგანი გახდა. არ ასახელებენ, თუმცა ხვდებიან, ვინც არის.

 

ხალხმა იცის, რომ ახლა იმ პერსონის სახელის გამჟღავნება კი არ არის მთავარი (საზოგადოებრიობამ მისი „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა" დაიცვა), არამედ დიდი პოეტის _ მუხრან მაჭავარიანის მეტაფორულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა:

 

„მწუხრია თუ ღამეა, თუ რიჟრაჟი,

ვიძახი და ვიძახი და ვიძახი:

_ ვის ხელშია ბედი ვისი,

ვისაში?!

ვის ხელშია ბედი ვისი,

ვისაში?!"

 

ა.ს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner