logo_geo
eng_logo
ბიჭი, რომელიც წიგნებს „აცოცხლებს"
- +

24 ოქტომბერი. 2016. 00:01


 

ციდან ჩამოვარდნილი 100 თინეიჯერის ამბავი, სპეციალური ორბიტალური სადგური, უმკაცრესი წესები - ეს ერთ-ერთი წიგნის ანიმაციური განხილვიდან ამოღებული მესიჯებია, რომლის ავტორი 21 წლის სტუდენტი, ზურა ნაროზაულია. აი, როგორ იწყება მის მიერ შექმნილი, შეიძლება ითქვას, ინოვაციური ვიდეო:


"კეს მორგანის "ასეული" მოგვითხრობს ციდან ჩამოვარდნილ 100 თინეიჯერზე - ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ რეალურად, წიგნის შინაარსი საკმაოდ მისტიურია. ძირითადი ჟანრი არის ფუტურისტული სამეცნიერო ფანტასტიკა პოსტაპოკალიფსური ელემენტებით. და როგორც თითქმის ყველა პოსტაპოკალიფსურ სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებს, დედამიწა, რატომღაც, აქაც ნადგურდება. ახლა, რაშია საქმე: სახელმწიფოებმა დაიწყეს ბრძოლა ერთმანეთთან მიწებისთვის, ძალაუფლებისთვის, ბლა, ბლა, ბლა...და რატომღაც ამ სახელმწიფოებს აზრად მოუვიდათ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი. შედეგი თავისთავად ნათელი იყო."


როგორი აღმოჩნდა შედეგი, ამის მოსმენა მსურველს წიგნ "ასეულის" ანიმაციური განხილვიდან შეუძლია. ვიდეოში არსებული საინტერესო ვიზუალიზაცია, ინფორმაციით დატვირთული აუდიო-ისტორია და თემატური მელოდია ვიდეოს ვიზიტორს უბიძგებს წიგნის წაკითხვისკენ გადადგმული ამ პირველი ნაბიჯით საბოლოო შედეგამდე მივიდეს და წიგნს გაეცნოს (იხილეთ ვიდეო)


ახლა კი ცოტა რამ ვიდეოს ავტორის, მისი სამომავლო გეგმებისა და კეს მორგანის "ასეულის" შესახებ, რაზეც თავად ზურა ნაროზაული მოგვითხრობს:


პროფესია და ჰობი


"ამჟამად მე-4 კურსის სტუდენტი ვარ, ტურიზმის ბიზნესის სპეციალობას ვეუფლები. ხშირად ვსარგებლობ youtube-ით. იქ გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ერთ-ერთი  youtuber-ი, ანიმაციის საშუალებით აკეთებდა სამოტივაციო, საგანმანათლებლო ვიდეოებს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ასეთი ანიმაციური ვიდეოები წიგნებზეც ყოფილიყო, რომ ხალხს წიგნის წაკითხვამდე ორიგინალური წარმოდგენა შექმნოდა თავად ნაწარმოებზე. ასეთი რამ საქართველოში, რამდენადაც ვიცი, არ არის. ამ დროს უკვე "ლიბერთინსის" წევრი ვიყავი. გამომცემლობა "პალიტრა L"-თან ახლო ურთიერთობამ, შიდა სამზარეულოს ჩემი თვალით დანახვის შესაძლებლობამ, ბევრი საინტერესო იდეა გამიჩინა. მათგან ერთერთია წიგნის ანიმაციური განხილვები. ეს საქმიანობა ჩემთვის ჰობი უფროა. ვფიქრობ, ასეთი ანიმაციის გაკეთება ყველას შეუძლია. მთავარია, მონდომება და მიზანი".


ანიმაციების შექმნის პროცესი და საჭირო პროგრამები


"ანიმაციებს ვაკეთებ პროგრამა videoScribe-ის გამოყენებით. ამ პროგრამის ოფიციალურ საიტზე არსებული გაკვეთილებიდან და სხვა youtuber-ების გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გარკვეული ცოდნა და მიმართულება - თუ რა და როგორ მინდოდა ყოფილიყო ვიდეოში. ვიდეოს შექმნის დროს ყველაზე დიდ სირთულეს ყოველთვის ხმა წარმოადგენს, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ. 2-დან 3 წუთამდე ვიდეოს აუდიოს ჩაწერას და დამუშავებას, დაახლოებით, საათიდან საათნახევრამდე დრო სჭირდება. ანიმაციის აწყობას კი - დაახლოებით 5-6 საათი. მაგრამ აქ თავად წიგნის შინაარსზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მაძლევს ანიმაციაში გაცოცხლების თავისუფლებას".


წიგნის შესახებ


"კეს მორგანის "ასეულის" მთავარი სათქმელი, რამაც პირადად ჩემი ყურადღება მიიპყრო, თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის ერთად დგომა და ზოგჯერ იმ ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, რომლებთან ურთიერთობაც დიდად არ გსიამოვნებს. ასეთი შემთხვევა ალბათ ყველას გვქონია ცხოვრებაში. და კიდევ ერთი: ძლიერად ფიგურირებს ახალგაზრდების, თინეიჯერების როლი ახალი მომავლის შენებაში. მათი ჩართულობა და ინიციატივა, რომელსაც ყველა ითვალისწინებს.


პროექტი "ლიბერთინსი"

"ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში ამ წიგნის გამოცემის ერთ-ერთი მომხრე და ინიციატორი ვიყავი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ქმნილებაა, რომელიც ჩვენი პროექტის ნაწარმოებების მკითხველ ახალგაზრდობას აუცილებლად დააინტერესებს. "ლიბერთინსის" სერიის წიგნები ძალიან ბევრს მოსწონს, თუმცა ზოგიერთებისგან კრიტიკაც გვესმის და ამას ხშირად წიგნის წაკითხვამდე წყვეტენ. ჩემი აზრით, არ არსებობს ცუდი ლიტერატურული ნამუშევარი. ყველა წიგნი რაღაცას გვაძლევს, რაღაც ახალს ვიგებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, რომლებმაც პირველად შემოიტანეს YA ჟანრი საქართველოში და მის პოპულარიზაციას ეწევიან. ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნაწარმოებებიდან მე ლუის ლოურის "გამღებს" გამოვყოფდი, რომელშიც, ისევ და ისევ, ახალგაზრდების როლზეა აქცენტი გაკეთებული.


რჩევები თანატოლებს


"ახალგაზრდებს მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, მიხვდნენ, რა სურთ ცხოვრებაში - რისი მიღწევა უნდათ. ამისთვის ძალიან ბევრი რამ უნდა სცადონ. პირად მაგალითს მოგითხრობთ: მანამ, სანამ ამ ვიდეოების ჩაწერას დავიწყებდი, ათას პროფესიას მოვედე, სანამ რაღაც საჩემო არ ვნახე - ის, რაც ჩემთან ახლოს იყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ცნობიერების გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს წიგნი. წიგნი, როგორც ინფორმაციის შემცველი წყარო. ვფიქრობ, სწორედ წიგნში დევს ადამიანის ცნობიერების განვითარების, ევოლუციის გასაღები. ჩვენი მომავალი თაობა ბევრს კითხულობს. ხშირად ვხედავ ქუჩაში, მეტროსა და ავტობუსში ახალგაზრდებს, თინეიჯერებს წიგნებით ხელში, რაც ძალიან მახარებს".


სამომავლო გეგმები


"ვფიქრობ, ჩემ მიერ შექმნილი ვიდეოები მხოლოდ 30%-ია იმისა, რის გაკეთებასაც შევძლებდი, სათანადო რესურსებზე წვდომა რომ მქონოდა. ჩემს გამომწერებს აუცილებლად მივაწვდი ახალ საინტერესო ვიდეოებს მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე კურსზე ვსწავლობ, დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ ვიდოების ჩაწერას მაინც არ შევწყვეტ. ამ საკითხში კი გამომცემლობა "პალიტრა L" ძალიან მიჭერს მხარს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ნამუშევრები ნახა და არხი გამოიწერა".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner