„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციაში ერთმანეთს შტაბის უფროსი დავით დაღელაშვილი და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი დაუპირისპირდნენ.
როგორც სააგენტო „მარშალპრესი" წერს, დაპირისპირების მიზეზი პარტიული ფულის მითვისება გახდა. ჩუღურეთის შტაბის უფროსმა, დავით დაღელაშვილმა პარტიული აქტივისტებისა და კორდინატორებისთვის გამოყოფილი ფული, 7000 დოლარი მიითვისა და „ნაც.მოძრაობის" შტაბის წევრები ანაზღაურების გარეშე დატოვა.
აღნიშნული თანხა პარტიამ არჩევნების პირველი ტურისთვის კორდინატორთა ხელფასების ანაზღაურებისთვის გამოყო, თუმცა დაღელაშვილმა კორდინატორებს ხელფასები არ გადაუხადა და წინასაარჩევნოდ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებაზე, უფასოდ ამუშავა.
სიტუაცია შტაბში მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც დავით დაღელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" კორდინატორებსა და მხარდამჭერებს ანაზღაურების გარეშე მუშაობა არჩევნების მეორე ტურშიც მოთხოვა. დაღელაშვილის თხოვნამ, უხელფასოდ დარჩენილი აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და რაიონულმა შტაბმა დაშლა დაიწყო.
პარტიის აქტივისტებმა შტაბის უფროსს განუცხადეს, რომ მათ შრომას არავინ არ აფასებს და პარტიაში მათ ყოფნას არანაირი აზრი და პერსპექტივა აღარ აქვს.
კორდინატორებისთვის განკუთვნილი 7000 დოლარის მითვისების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმაც შეიტყო. აღნიშნულმა ფაქტმა დაღელაშვილსა და ჩოლოყაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
ინფრომაცია დაპირისპირების შესახებ „მარშალპრესს" პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კორდინატორებმა მიაწოდეს.