logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: კარასინ-აბაშიძის „გაუთავებელი ფლირტი სექსის გარეშე“ კრემლს ყელში ამოუვიდა
- +

17 მარტი. 2016. 15:26


„როგორც ჩანს, კარასინ-აბაშიძის „გაუთავებელი ფლირტი სექსის გარეშე" კრემლს ყელში ამოუვიდა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას პოლიტოლოგმა სოსო ცინაცაძემ განაცხადა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოს კარასინის ენით ქვეყნის პირველი პირი ვლადიმირ პუტინი ესაუბრა.


„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააჟღერა ეს განცხადებები - კარასინმა, თუ რიგითმა დიპლომატმა, ეს ჩვენ გვითხრა პუტინმა. ეს იყო ნაჯახის ტიპის დიპლომატიული განცხადებები ყოველგვარი რევერანსების გარეშე. ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა რომელიმე ევროპელ დიპლომატს ჩვენი მისამართით, მაშინ ვიტყოდი - ევროპაში ფიქრობენ, რომ საქართველოში არაპროფესიონალი ხელისუფლებაა, რომელსაც დაღეჭილად თუ არ უთხარი, ვერ მიხვდება, რისი თქმაც უნდათ. ვინაიდან ამას აკეთებს რუსეთი, ეს გასაკვირი არაა, რადგან რუსეთისთვის დამახასიათებელი სტილია. ერთი წუთით ჩავჯდეთ პუტინის ტყავში. შენი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიას უნდა იცნობდე კარგად და გამოიტანო დასკვნა, რატომ აკეთებას იმას, რასაც აკეთებს. პუტინმა მისთვის უჩვეულო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა - გააჟღერა უმაღლეს დონეზე შეხვედრების გამართვის შემოთავაზებები. რით განსხვავდება უმაღლესი პირების შეხვედრა კარასინ-აბაშიძის შეხვედრებისგან? იმით, რომ არც კარასინი და არც აბაშიძე გადაწყვეტილების მიმღებნი არ არიან. საუკეთესო შემთხვევაში ისინი ასრულებენ დიპლომატიური კურიერების როლს. აბაშიძეს უთხრეს, კარასინმა თუ რამე შემოგვთავაზა, შენ არც „ჰო" უთხრა და არც „არა", ჩამოდი და ეს ჩვენ გვითხარიო. ამგვარი პრაქტიკა, წესით, მოკლევადიანი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც 2-3 წელი გრძელდება, აქ უკვე რუსეთს ეჭვი უჩნდება, მართლა უნდათ ამ ქართველებს ჩვენთან ურთიერთობის დარეგულირება თუ განგებ აჭიანურებენ საკითხსო. მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ თვითონ ვერ ჩამოვყალიბდით, რას ვთხოვთ რუსეთს ამ ეტაპზე. ჩვენ წავაგეთ ომი, წამოვეგეთ პროვოკაციას - ჭკვიანების მიერ დაგეგმილს სულელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გავიდა უკვე წლები და ჩვენ რა გვინდა დღეს, რას ვაკეთებთ - ყველა ტრიბუნას ვიყენებთ პუტინის სალანძღავად. პირველი, რაც გვინდა, ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა. ასეთი რამ კი არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და არც ჩვენთან არ მოხდება. სწორი იყო ივანიშვილის განცხადება, როდესაც საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე. თუ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვინდა, მაშინ მასთან ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ამიტომ, როგორც ჩანს, კრემლში ყელში ამოუვიდათ კარასინ-აბაშიძის „გაუთავებელი ფლირტი სექსის გარეშე". ამიტომაც იძლევა რუსეთი რუსული ნაჯახური ტიპის დიპლომატიით გაფრთხილებას", - განაცხადა პოლიტოლოგმა.


სოსო ცინცაძე ქართველი პოლიტიკოსების მიერ ანტირუსული განცხადებების კეთებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაუმართავია.


„პუტინის ადგილზე რომ ვიყო, ვიტყოდი, თქვე დალოცვილო ქართველებო, თუ გინდათ ურთიერთობების დარეგულირება, მაშინ თქვენმა თავდაცვის მინისტრმა ცოტა ენას კბილი დააჭიროს და მთელ მსოფლიოს ნუ მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ. ამ დროს ჩემთან აბაშიძეს გზავნით და მელაპარაკებით ურთიერთობის დარეგულირებაზეო. აბაშიძე ვინ არის? გაურკვეველი სტატუსის მქონე ჩინოვნიკი, ხოლო თავდაცვის მინისტრი მმართველი გუნდის წევრია და რაც მთავარია, ქვეყნის მეორე თუ მესამე პირის მეუღლეა. ამ დროს კი მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, ერთად შევუტიოთ რუსეთსო. ეს უკვე დიპლომატია აღარ არის. ვიცი, ამ განცხადების გამო ზოგიერთი რუსოფილს მიწოდებს. მე არც რუსოფილი ვარ, არც ამერიკოფილი და არც რამის ფობია მჭირს. მე ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი და ვიცი, რა არის დიპლომატია. მე ვაცხადებ, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში საქართველოს პოზიცია არ არის დიპლომატია... ზურაბ აბაშიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, პროფესიონალი დიპლომატია და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ 2 შვილიშვილს ვფიცავარ, მის ადგილზე ხვალვე გადავდგებოდი. ვიტყოდი, რომ მომბეზრდა კურიერის როლი; ვიტყოდი, თუ მართლა გსურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მომეცით რაიმე უფლება, რომ რაღაც გავაკეთო... თუ კარასინის გაფრთხილებებს ჩვენგან ნორმალური რეაგირება არ მოჰყვა და დავიწყეთ ყვირილი, ევროპაში ვიჩივლებთო, ცუდ შედეგს გამოიღებს. ევროპას, ბოდიში მომითხოვია, სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს საზღვრები", - განაცხადა ცინცაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner