logo_geo
eng_logo
დავით კვაშილავა: დიდი ხანია ვითმენ და, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია!
- +

24 ოქტომბერი. 2016. 11:45


 

„ვერ დაგვამარცხეს და ვერ გადაგვტეხეს წელში ზუგდიდელები „ნაციონალებმა". დიდი შრომის ფასად მოვიგეთ და სანდრამაც აიკრა უკვე გუდა-ნაბადი და წავიდა",- ამის შესახებ დავით კვაშილავა საინფორმაციო სააგენტო expressinfo-სთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ დასრულდება.



„ჩემო სამეგრელოზე ნამეტნავად შეყვარებულო, მურაბაზე ნიორმოყრილივით ტკბილო და ლიმონივით მჟავე ზოგიერთო მეგობრებო, სირცხვილი სამეგრელოს და მეგრელებს, სანდრას როგორ აძლევთ ხმასო, რომ გაიძახოდით და ააფეთქეთ facebook, ის თუ იცით, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ამ არჩევნებზე ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ძალას სანდრა რულოვსის მეთაურობით? ის თუ იცით ვინმემ, რა ხერხებს მიმართავდნენ, რომ მათთვის მიეცათ ხმა? იცით, როგორ მიდიოდა ხალხის გადაბირებები, ან ვის უხსენებდნენ ძველ „გრეხებს" და ვის არწმუნებდნენ, დავბრუნდებითო? არ იცით, ჩვენ კი ვიცით და ამ ყველაფრის ფონზე მტერსაც ვებრძოდით და მოყვარის უნდობლობასაც გულში ვიკლავდით.

 

ვერ დაგვამარცხეს და ვერ გადაგვტეხეს წელში ზუგდიდელები „ნაციონალებმა". დიდი შრომის ფასად მოვიგეთ და სანდრამაც აიკრა უკვე გუდა-ნაბადი და წავიდა. ახლა მე გეკითხებით თქვენ: სამეგრელო რომ გგონიათ სასირცხვილო და ზოგიერთები მეგრელობაზეც ამბობდით უარს, თქვენს უბნებში როგორ მოხდა, რომ მეორე ტურია დანიშნული? რატომ ვერ მოაგებინეთ თქვენს კანდიდატებს სანდრაზე ბევრად სუსტ „ნაციონალ" კანდიდატებთან ჭიდილში? იქაურებს რა, სირცხვილის გრძნობა არ აქვთ თუ მარტო მეგრელებს უნდა გვქონდეს სირცხვილის გრძნობა და სინდის-ნამუსი? დავიჯერო, იქ მეტი ფინანსები დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ", ვიდრე ზუგდიდში და ამიტომ ინიშნება მეორე ტური?

 

ერთადერთ რჩევას მოგცემთ მე თქვენ და გამოიყენეთ ყველგან: მიხედეთ თქვენს უბნებს, კუთხეებს, კანდიდატებს და სამეგრელოზე მეტ შედეგებს რომ დადებთ, მერე იტრაბახეთ, რამდენიც გინდათ. ზუგდიდში 80 ათასი მოსახლე არ ცხოვრობს და დაითვალეთ თქვენს უბნებში და რაიონებში, რამდენად მეტი მოსახლე ცხოვრობს, ვიდრე ზუგდიდში და დასკვნაც თქვენვე გამოიტანეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელოს მოსახლეობას (პროცენტულად) დაგვატეხა ყველაზე მეტი უბედურება და სამეგრელოს მოსახლეობამ გადავუმტვრიეთ ხერხემალი ხალხის მწამებლებს და ამაოხრებლებს. ღმერთიც არ გვაპატიებდა, რომ მათ სხვაგან გადამტვრეოდათ ხერხემალი.

 

ახლა კი, 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტურში, საბოლოოდ დავასრულოთ ქვეყნის ამაოხრებლებისა და მკვლელების პარპაში საქართველოში.

თუ ვინმეს მწარედ მოგხვდათ ჩემი სიტყვები, გთხოვთ, მომიტევოთ. მე ყველას დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ერთმანეთში დისტანცია და მოზომილად აზრის გამოთქმა სჯობს პირდაპირ დადანაშაულებას!"- განაცხადა კვაშილავამ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner