logo_geo
eng_logo
ეს მათთვის, ვისაც სტალინის ხსენებაზე 1937 წლისა და ტაო-კლარჯეთის გარდა არაფერი გახსენდებათ!
- +

17 მარტი. 2016. 15:05


მე თათა მურაჩაშვილი ვარ, 20 წლის, მიუხედავად ჩემი ასაკისა, სტალინთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან ხშირად მომდის კამათი. ჩემი აზრით, როდესაც ამა თუ იმ მოვლენასა ან პიროვნებაზე საუბრობ, ვალდებული ხარ, უარყოფითის გარდა დადებითი ინფორმაციაც მიაწოდო საზოგადოებას. სტალინის შემთხვევაში ასე არ ხდება, „რატომღაც" ცდილობენ, ის დადებითი, რაც იოსებ ჯუღაშვილმა ჩემი ქვეყნისთვის გააკეთა, მიჩქმალონ და საზოგადოების ყურამდე არ მიუშვან. ამიტომ თვითონ გადავწყვიტე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტით გაგაცნოთ, რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის:


-1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943-მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ცნეს.


- საფრანგეთში არსებული ქართული საგანძური მანამ არ გამოატანეს ექვთიმე თაყაიშვილს, სანამ ხმა სტალინამდე არ მივიდა. ქართული განძი სამშობლოს 1945 წლის 11 აპრილს დაუბრუნდა.


-სტალინის ბრძანებით ააშენეს რუსთავი, რომელიც 1948 წლიდან უკვე ქალაქად იხსენიება


- ჯუღაშვილის დროს ჭიათურა მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო, სადაც ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი (დღესაცაა სტალინის მოზაიკები საბაგიროებზე)


-„თბილისის ზღვა" (1947წ) ,რიონჰესი (1927), ზაჰესი (1927), აწჰესი (1941 წელი) , სამგორის სარწყავი სისტემა (1947-51 წწ) აგებულია სტალინის ბრძანებით


-სტალინის ბრძანებით მიენიჭა ანსამბლ რამიშვილებს პირველი ხარისხის პრემია


-მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს „მუშტაიდის ბაღში" სტალინის ბრძანებით გახსნეს


-დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი მთლიანად გერმანელებით იყო დასახლებული, ქართველებმა მათი მეშვეობით გაიგეს კარტოფილის, არაჟნის და ფუნთუშის გემო. სტალინმა აღნიშნული ტერიტორია გერმანელებისგან გაწმინდა, როგორც მე ვიცი, ისინი თბილისიდან სვერდლოვსკის ოლქში გადაასახლა


-სტალინის ბრძანებით გადაიღეს ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი „გიორგი სააკაძე", გადაღების დამთავრებისთანავე (1943) ფილმის ასლები ჯუღაშვილმა თეირანის კონფერენციაზე პირადად დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. ფილმზე 7 მილიონი მანეთი დაიხარჯა, 2 წელიწადში 40 მილიონმა ადამიანმა ნახა, მათ შორის: ჰიტლერმა, რუზველტმა, ჩერჩილმა და ირანის შაჰმა რეზა ფეჰლევიმ


-სტალინის ბრძანებით ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე „ვეფხისტყაოსანი". შალვა ნუცუბიძის მიერ ნათარგმნ პოემაში თავად შეიტანა კორექტირება, კერძოდ, 1402-ე სტროფი თავად სტალინმა გადათარგმნა


-როდესაც ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა და დაადასტურა ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ, დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ჯავახიშვილის ამბავი აცნობეს იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია - ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკ-ის ჯურღმულში სიკვდილს.


-როდესაც პენტაგონმა ტრუმენის დავალებით, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ცივი ომის პირობებში, შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა. მიზანში ამოღებული 20 ქალაქიდან ერთ-ერთი თბილისი იყო. გეგმის შესახებ სტალინს აცნობეს. -სტალინმა თავისთან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი - კანდიდ ჩარკვიანი დაიბარა და უბრძანა, რაც შეიძლება სრაფად გაეყვანათ ქალაქში მეტროპოლიტენი, „მეტრო არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა", - უთხრა სტალინმა.


-1951 წელს თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო


-ქლუხორის და ახალხევის რაიონები სტალინის დამსახურებით 1944 წლიდან მის გარდაცვალებამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა


-ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან თურქი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლა


-შეგიძლიათ წაიკითხოთ აკაკი მგელაძის მემუარები, თუ როგორ არ დააცადა სტალინმა ჰიტლერს ოპერაცია „ედელვაისის" განხორციელება, რომელიც კავკასიონის დაპყრობას გულისხმობდა. „მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერის უშუალო ბრძანებით იალბუზის დაპყრობა და ქედის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ კონრადის მეთაურობით.


-საბრძოლო დავალება ასეთი იყო: პირველი - დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე; მეორე - ოსეთის სამხედრო გზით ქუთაისზე; ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთით უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას.


-კრემლში მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა; ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი - სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.


-მდგომარეობა კავკასიაში, - წარმოთქვა სტალინმა, - სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდეოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი.


-კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.


- მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა.


- უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ, - ღიმილით შემისწორა და განაგრძო, - ხვალ, დილის 5 საათზე, ჩემი თვითმფრინავითა და მფრინავით გაფრინდებით თბილისში, თქვენი ხელმძღვანელი იქნება ბერია. შემდეგ ხელი ჩამომართვა და გამომემშვიდობა. ქართველ მებრძოლთა ბრძოლის ყიჟინა აყრუებდა ჭიუხებს, მათ უკვე შეიტყვეს მაშველი ძალისა და კავკასიის დასაცავად მეორე სტალინის - ბერიას ჩამოსვლის ამბავი, ყველა დანაყოფის უფროსი ქართველი იყო (კონსტანტინე ლესელიძე, გიორგი ყურაშვილი, ისიდორე სილაგაძე)


-მახსოვს, სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: „როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშაო".


-ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. „ბლაუ III" ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, სადაც ეწერა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. „კავკასიური ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!" - ისტერიულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა ყველას და ყველაფერს.


-კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო. 5 დღის შემდეგ კი სტალინმა, 1942 წლის 28 ივლისს, გამოსცა ბრძანება # 227, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. სტალინმა ბრძანებაში მიუთითა: „ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო რესურსი ჯარისა და ხალხის გამოკვებისა, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ჩვენი ჯარები პოზიციურად იხევდნენ უკან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი - არც ერთი ნაბიჯი უკან!"


-ძალიან მძიმე დღეების შემდეგ, ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სტალინური გენიის ნაყოფია, რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაშია შესული, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.


-ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდით, - წერს თავის მემუარებში აკაკი მგელაძე, - მან დიდი სიამაყითა და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ლესელიძეც. მომიბრუნდა და მითხრა: „მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა".


-1933-1934 წლებში მთელ საბჭოთა კავშირში აბორტი და ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალა. დღევანდელი გადმოსახედიდან იმედია, ხვდებით, ეს რამდენსაც ნიშნავს.


-რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის საკითხს, მოკლედ გეტყვით, რომ ტაო-კლარჯეთის დაკარგვა ლენინის მეთაურობით ბოლშევიკური რუსეთის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ქართული ტერიტორიების გადანაწილების შედეგია, რომელიც გაფორმდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით.


-ვინმე იმის მტკიცებას თუ დაიწყებს, რომ სტალინს შეეძლო, წინ აღდგომოდა ლენინის ხელისუფლებას აღნიშნული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, ეს დიდი უმეცრება იქნება. თვით ლენინი ერიდებოდა თურქეთთან მდგომარეობის დაძაბვას, რადგან მის უკან ინგლისი იდგა და, დიდი ვარაუდით, ბათუმის შემოერთებაც წითელი არმიის მიერ უკვე დამარცხებულ ქართულ ჯარს და მის მეთაურს გენერალ მაზნიაშვილს იმიტომ დაავალეს, რომ ინგლისელთა პროტესტის შემთხვევაში ეს მოვლენა ძველი ქართული მთავრობისა და მისი ჯარის თვითნებობისთვის დაებრალებინათ.


-სტალინმა მეორე მსოფლიო ომში სრული გამარჯვების წინა პერიოდში ჩაიფიქრა საქართველოსა და სომხეთისთვის თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. ამის გამო თურქეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სტალინმა ფრონტის ზურგში თურქული ორიენტაციის მოსახლეობის არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალა და ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან თურქი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლა. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სტალინმა ვერ შეძლო გეგმის განხორციელება.


საქმე იმაშია, რომ 1945 წლის 15 ივლისს ამერიკამ წარმატებით გამოცადა ატომური ბომბი, რაც დაუყოვნებლივ აცნობეს სტალინს. დასავლეთის ბლოკს უკვე იმდენი ძალა შესწევდა, რომ სსრკ-ის გარეშე გამკლავებოდა იაპონიას და თუ საჭირო გახდებოდა, წინ აღდგომოდა სოციალიზმის ექსპანსიას. სხვათა შორის, ეს ასეც მოხდა სულ რამდენიმე წელიწადში კორეის ნახევარკუნძულზე, როცა სამხრეთ კორეის დასაცავად დასავლეთმა დიდი სამხედრო კოალიცია შექმნა საბჭოთა კავშირის, მისი სატელიტის ჩრდილო კორეისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რამაც საკმაოდ მასშტაბური სამწლიანი ომი გამოიწვია 1950-53 წლებში.


-ამავე დროს ამერიკა აქტიურად ჩაერთო თურქეთის დაცვაში. 1946 წელს სტამბოლში შევიდა ამერიკული ლინკორი „მისური" სხვა სამხედრო გემების თანხლებით. თურქეთს იარაღის შესაძენად ასობით მილიონი დოლარი კრედიტი გამოუყვეს, შემდეგ ნატო-შიც მიიღეს, თურქეთზე თავდასხმა უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული ატომური იარაღის ეპოქაში გადასული მსოფლიოს პირობებში.


თავისთავად, საინტერესოა, თუ რატომ არ მიიღო სტალინმა თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გადაწყვეტილება 1944 წელს, რისი სურვილიც, როგორც შემდგომში გამოჩნდა, მოჭარბებულად ჰქონდა. უნდა ვიფიქროთ, რომ მას ამ ნაბიჯის გასამართლებელი მძიმე საბუთები გააჩნდა. ვერსიების სახით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სტალინს ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნამდე არ სურდა მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანება მათთან შეუთანხმებელი ქმედებებით, რადგან გერმანიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას სტალინი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით აუცილებლად თვლიდა.


ამავე დროს, სტალინი დასავლეთის მოკავშირეების სანდოობის მიმართ მუდმივი საფუძვლიანი შიშისა და ეჭვების ქვეშ იმყოფებოდა. ამაზე მეტყველებს ჰიტლერულ გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელთა გამო სტალინის მცდელობა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნილიყო ანტიჰიტლერული კოალიცია, რასაც ომის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლოა მოჰყოლოდა, მარცხით დამთავარდა.



თათა მურაჩაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner