logo_geo
eng_logo
გიორგი სიგუა: კორუმპირებულ და კრიმინალ გუბერნატორებს არასწორ ადგილას ეძებთ, ოდესის ოლქში მოიძიეთ...
- +

17 მარტი. 2016. 16:00


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფესტივალ „Gem fest"-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელოს რეგიონში სამი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი არ გაიხსნებოდა. მისივე თქიმით, ბოლო დროს ლევან შონიას წინააღმდეგ „შავი პიარი" გრძელდება:


კარგა ხანია ჯემ ფესტი" მზადების გარდა არაფრისთვის დრო არ მაქვს, არც პოლიტიკური ამბებით დაინტერესების დრო მრჩება და არც მაინტერესებს ინტრიგები და სკანდალები. ახლა გავიგე ამ შავი პიარის შესახებ, რომელსაც სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას უგორებენ. რა შენი საქმეაო, მავანი მკითხავს, მაგრამ, დიახაც, რომ ჩემი საქმეა და ლევან შონიასთვის ჩრდილის მიყენებას არც მოვითმენ, ჩავერევი კიდეც და რაც უნდა ვთქვა, აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი.

 

სათქმელი კი შემდეგი მაქვს: ჩემი ჩინოვნიკურ-საზოგადოებრივ-ჯემფესტური კარიერის მანძილზე იშვიათად შევხვედრივარ ლევან შონიას მსგავსად მონდომებულ, წესიერ და საქმეზე გადამკვდარ მოხელეს. ჯერ კიდევ ტურიზმის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდიდან ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ ამ ადამიანთან. ერთობლივი ძალისხმევით გავხსენით სამი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სამეგრელოში: ზუგდიდში, მარტვილსა და ჩხოროწყუში, გადავიღეთ სამეგრელოს და ანაკლიის პრომო კლიპები, შევქმენით სამეგრელო - ზემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის საპრეზენტაციო მასალა და საინვესტიციო შეთავაზებები.

 

არ მახსოვს, რომ ლევან შონიას როდისმე დაეხიოს უკან, რაიმე დაზარებოდეს ან ხალისით არ ეკეთებინოს, ყველაფერიმ რაც სამეგრელოს და ზემო სვანეთის სასიკეთოდ შეიძლება გაკეთდეს, ბავშვივით იტაცებს და ბოლომდე მოგყვება.

 

ასე იყო კაზანტიპის" დროს, ასე იყო ჯემ ფესტის" დროს და ასეა ახლაც. მეტსაც გეტყვით, ის, რომ სამეგრელოში, ანაკლიაში გიგანტური მასშტაბის ახალგაზრდული პროექტი შეიქმნა ჩვენი ფესტივალის სახით, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ამ კაცს მიუძღვის.

 

დიახ, ზუსტად, ჩემზე მეტი წვლილიც და ჯემ გუნდის" ნებისმიერ წევრზე მეტიც. მისი დამსახურებაა, პირველ რიგში, რომ ჯემ ფესტი" დაიბადა და განვითარებას განაგრძობს. აღარაფერი რომ არ ვთქვა უამრავ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც ჩემს მშობლიურ რეგიონში ხორციელდება, იქნება ეს სტადიონი, საავადმყოფო, სპორტის სასახლე თუ უამრავი სხვა რამ. ბევრჯერ ვყოფილვარ შემსწრე, როგორ წასულა და წამოსულა ზუგდიდიდან და მესტიიდანაც კი, თბილისამდე დღეში ორჯერ, რამდენი ღამე გაუთენებია გუბერნიაში კაცს, რომელსაც არც ზუგდიდში და არც თბილისში ბინაც კი არ გააჩნია. არის დევნილი ოჩამჩირედან და ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი თავისი საქმის კარგად კეთება აქვს.

 

აუცილებლად ვიქნები ერთ -ერთი პირველი, ვინც ლევან შონიას დასაცავად გამოვა და გვერდით დაუდგება. კორუმპირებულ და კრიმინალ გუბერნატორებს არასწორ ადგილას ეძებთ, ცოტა ჩრდილოეთ-დასავლეთით, ოდესის ოლქში მოიძიეთ, იქ აუცილებლად მიაკვლევთ", - წერს გიორგი სიგუა.



სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და მედია ამ ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს. გუბერნატორი მისი და მისი ოჯახის ინტერესს თხილის ბიზნესში უარყოფს.


მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას. ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მსგავს თემებზე აპელირების დროს პოლიტიკური ძალები და მედია ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, არ აქვთ ფაქტები, წყაროები და ხდება მხოლოდ იმის გაჟღერება რაც ოპონენტი პარტიების სურვილია.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა „ბიზნეს კურიერში" ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე", - განაცხადა ლევან შონიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner