„ძალიან ამბიციურია სამოქალაქო საზოგადოების სახელით მათი გამოსვლა", - ამ სიტყვებით აფასებს „ასავალ-დასავალთან" დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველმა მეორე ტურში მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ნიკოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას" არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, არამედ აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა და ვერავინ იღებდა ხმას.
„ძალიან ამბიციურია სამოქალაქო საზოგადოების სახელით მათი გამოსვლა. „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით აწუწუნებული საზოგადოების მიმართვა, ჩემი აზრით, აგრესიული პოლიტიკური პროპაგანდაა. 9 წელი საკონსტიტუციო კი არა, აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა „ნაციონალური მოძრაობა" და ხმას ვერავინ იღებდა!
გოგი ხოშტარიას ქალიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის ვაკეში კენჭს. პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან". შეიძლება, ის პოლიტიკურად დაინტერესებული არ იყოს?! ან, იქნებ, ლაშა ბუღაძე არის აპოლიტიკური?! არაფერს ვამბობ ნატა ფერაძეზე. მის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლას რომ მოვუსმინე, საერთოდ როგორ შეიძლება ამგვარი ლექსიკით მეტყველი ქალბატონის აზრს პატივი ვცე?!"- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.