გაზეთ „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, „Holiday Inn"-ში მაღალი რანგის სასულიერო პირი გარდაიცვალა. სასულიერო პირი, რომელიც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი პირველად დამლაგებელმა ნახა, საქართველოში ვიზიტად მყოფ რომის პაპს ახლდა. იგი კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი 77 წლის ჰანნა ზორა იყო.
გაზეთს აღნიშნული ინფორმაცია სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო. მთელი პოლიცია და კრიმინალური აქ იყო იმ დღეს. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც. ცხედარი ნომერში პირველად ნომრის დასალაგებლად შესულმა დამლაგებელმა ნახა. იგი გვიყვება, რომ მთელი ოთახი სისხლიანი იყო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. მალევე აქ გაჩდნენ სამართალდამცველები და ვატიკანის წარმომადგენლები", - განაცხადა სასტუმროს თანამშრომელმა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი" სასტუმროს გენერალურ დირექტორს ვალერი ჩეხერიას დაუკავშირდა, რომელმაც სასულიერო პირის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
„რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ეს გამოძიებასთან უნდა გაარკვიოთ. მე ვერ გეტყვით. სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩამოსულიყო თბილისში. სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ასე გვითხრეს მისმა კოლეგებმა.
ჩვენ როგორც ვიცით, გარდაცვლილს კუჭის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ, ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება", - აცხადებს ვალერი ჩეხერია.
გარდა ამისა, გამოცემა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, ჯუზეპე პაზოტოს პრესმდივანსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰანნა ზორა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით და ესწრებოდა რამდენიმე ღონისძიებას.
„ის გახლდათ ეპისკოპოსი, რომელიც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით და ესწრებოდა რამდენიმე ღონისძიებას. ის უშუალოდ ვატიკანიდან არ ჩამოსულა. როგორც გავიგეთ, მას ურჩევდნენ, რომ არ ჩამოსულიყო ავადმყოფობის გამო, თუმცა მაინც ისურვა გამომგზავრება", - განმარტა ეპისკოპოს პაზოტოს პრესმდივანმა.