რელიგიური უმრავლესობისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი - ასე უწოდებენ ბერს, რომელსაც სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში შევხვდით. ქრისტეს ენაზე მოლაპარაკე ბერი, მამა სერაფიმე (ბით ხარიბი) საქართველომ არამეული „წმინდაო ღმერთოთი" გაიცნო, ხოლო მსოფლიომ რომის პაპის ვიზიტისას ქრისტეს ენაზე შესრულებული საგალობლით.
მისი ისტორიული სამშობლო მესოპოტამიაა, ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწა. წარმოშობით ასირიელია, მშობლიური ენა კი მისთვის არამეულია - ენა, რომელზეც იესო ქრისტე და მისი მოწაფეები საუბრობდნენ. 24 წლამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მომხდარმა გარდამტეხმა ეტაპებმა განაპირობა, რომ მამა სერაფიმემ გზა უფალს დაუკავშირა. 2010 წლიდან სოფელ ქანდაში მოღვაწეობს და ქართველ ასირიელებს მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვას უტარებს.
იმისთვის, რომ იქამდე მოსულიყო სადაც ახლაა, ოჯახზე მოუწია უარის თქმა. ჰყავს სამი ქალიშვილი. ამბობს, რომ მკაცრი მამა არ არის, შვილების მეგობარია, ერთმანეთს არაფერს უმალავენ, მამაშვილურად ურჩევს და შეცდომების დაშვების უფლებასაც აძლევს.
მამა სერაფიმე ის ქრისტიანია, რომელსაც ერისკაცობაში ბიბლია და სახარება ლამაზი ზღაპარი ეგონა, თუმცა დღეს, როცა ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და არამეულიც და გალობაც თვითონ ისწავლა, სხვას ეხმარება იპოვოს ღმერთი.
მამა სერაფიმე (ბით ხარიბი):
„ერისკაცობაში მყავდა ცოლი და ის ფეხმძიმედ იყო, მეცხრე თვეში. ერთ მშვენიერ დილას, რომ გავიღვიძე, ვერ ვიცანი, იმიტომ რომ, გაფუებული იყო. წავიყვანე საავადმყოფოში, სადაც გვითხრეს, რომ მისი გადარჩენა არარსებული იყო. მითხრეს, მოდი, გავჭრათ და ბავშვი მაინც გადავარჩინოთო. ეს იყო თემქის საავადმყოფოში. აი, მაშინ ხელში ავიყვანე, მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანე და ვთქვი: „თუ შენ ხარ სათნო ღვთის წინაშე და ის ხარ, რასაც შენზე ლაპარაკობს ხალხი, ილოცე ღვთის მიმართ, რომ მშვიდობით მოილოგინოს ჩემმა მეუღლემ და თუ საჭირო გახდება, რომ მე ბერად აღვიკვეცო და ჩემი ცხოვრება შევწირო ღმერთს, მაშინ მე მზად ვარ" და მეორე დილით, თქვენ წარმოიდგინეთ, იმის მიუხედავად, რომ 10 დღე იწვა ჩემი მეუღლე საავადმყოფოში და ვერაფერი გაუგეს, ისევ ის მზეთუნახავი გოგო იყო, იქამდე, სანამ დაავადდებოდა. დღეს ის და შვილიც კარგადაა.
- ანუ ეს იყო თქვენს ცხოვრებაში პირველი სასწაული, რომელმაც თქვენი მომავალ განაპირობა?
- პირველი სასწაული არ იყო, უბრალოდ, მე აღვიქვი და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად სასწაული იყო, თორემ პირველი სასწაული იყო, როცა 5 წლის ასაკში პერეგიდროლი დავლიე და გადავრჩი. მესამე სართულიდან გადმოვვარდი, შემდგომ ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი, ორი წელიწადი საერთოდ ვერ ვდგებოდი ფეხზე, მანქანამ გამიტანა და ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, როცა სიკვდილს გადავურჩი.
- ახლა, თქვენს განვლილ ცხოვრებას რომ იხსენებთ, რას ფიქრობთ, ეს იყო გზა, რომელმაც ღმერთამდე მიგიყვანათ?
- მე, ყველა შემთხვევაში მოვიდოდი ღმერთთან...
- თქვენ ფიქრობთ გარემოებები არაფერს განსაზღვრავს?
- თვითონ ღმერთმა აირჩია დრო, როდის უნდა მივსულიყავი მასთან...
- თქვენ ყვებით ძალიან ბევრ ისტორიას, როცა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ეკლესიაში მაინც პირადმა განსაცდელმა მიგიყვანათ. ადამიანი ღმერთს პირადი განსაცდელის დროს აღმოაჩენს ხოლმე?
- ჩემ შემთხვევაში, ალბათ, ასე იყო, მაგრამ მე ღმერთთან ტრაგედიით არ მივსულვარ. მაშინ ღმერთიც მოვატყუე და მამა გაბრიელიც მოვატყუე...
- თქვენ უკრაინაში წახვედით და დაცვის სამსახურში მუშაობდით...
- წავედი უკრაინაში და ვფიქრობდი, რა მონასტერი, რა უაზრო აზრები მომდის-მეთქი. სინამდვილეში, მე ჩემი ფიცი შევასრულე და გავხდი ის, რაც ვთქვი.
- მაგრამ ცოტა გადადეთ, თქვენს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც ბერად აღკვეცის დანაპირები განგახორციელებინათ?
- ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი დედაო - დედა ქსენია, რომელმაც ერისკაცობაში მიწინასწარმეტყველა, საქართველოში არ არის სულიერი დედის ტრადიცია, ჩემთვის მართლა სულიერი დედა იყო, იმიტომ რომ, ძალიან მჭვრეტელი იყო და უდიდესი მსჯელობის უნარი ჰქონდა. მან მითხრა, რომ შენ გახდები შენი ერის წინამძღვარი. ეს იყო პერიოდი, როცა უკვე ფიცი მქონდა დადებული და ვიფიქრე ცოტას ვიმუშავებ, ოჯახს შევინახავ მეთქი...
- როცა ბერად აღიკვეცეთ თქვენ გყავდათ ოჯახი და შვილები, ყველაზე რთული დასათმობი რა იყო ამ გადაწყვეტილების დროს?
- მე რომ გითხრათ, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მოგატყუებთ. რთული იყო, როცა საქართველოში ჩამოვედი. ბერად უკრაინაში აღვიკვეცე. ახლა სერაფიმეს თითქოს იცნობს საზოგადოება, თორემ ადრე შარლატანსაც მეძახდნენ. კითხვებს სვამდნენ: თუ კარგი ბერი იყო, უკრაინიდან რატომ ჩამოვიდა, აქ რა უნდა, არადა, მე ვასრულებდი ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთევას და ჩემი დედაოს ლოცვა-კურთხევას. წერილობით ლოცვა-კურთხევა ოფიციალურად მქონდა აღებული, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში, რაც შემდგომ შევიტანეთ უწმინდესთან. ზოგი ჩემზე იძახდა, რომ ჰიპნოზიორია, ზოგი იძახდა, რომ ხალხს ატყუებს, ამ დროს საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, უბრალოდ, ხალხი მოდიოდა ჩემსკენ. დავლოცავდი, რაღაცას შემეკითხებოდა, ვეუბნებოდი - ვილოცოთ. ხომ იცით, ადამიანის ენა ძვლის გარეშეა. ზოგი იძახდა, ეს ისეთი მამაოა წინ ხედავს ყველაფერსო. არადა, რა წინ, სულ უკან ვიხედები, რამე ცუდი ხომ არ გავაკეთე.
- ამ სირთულეებს საეკლესიო პირები გიქმნიდნენ?
- ისინიც იყვნენ, მე დასამალი არაფერი მაქვს. თუ რამეს ვაცხადებ, ღიად და გამჭვირვალედ ვაცხადებ. რა თქმა უნდა, იყვნენ, რომლებიც რაღაც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, იმის გამო, რომ ხალხი ჩემთან მოდიოდა.
- ეს შინაგანი შური თქვენ არ გაძლიერებდათ?
- არა, მე მუხლებზე ვეცემოდი და ვამბობდი. ღმერთო, ხომ იცი ახალგაზრდა ვარ და ამდენს ჩემი გული ვერ გაუძლებს. გეხვეწები, გამომიყვანე ამ განსაცდელისგან.
- უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ თქვენ შეგხვდათ პატრიარქი, რა გითხრათ მან?
- სანამ პატრიარქს შევხვდებოდი, მე ტყეში ვცხოვრობდი, კახეთში, ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში. მისი წინამძღვარი მამა სერაფიელი იყო. ოთხი თვე მანდ ვიცხოვრე და მერე შევხვდი პატრიარქს. მან მითხრა, რომ ჰქონდა იდეა საქართველოში მცხოვრებ ასურელებს იოანე ოქროპირის ლიტურღია თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ. მითხრა, თქვენ ბრძანდებით ასურელი, ეს თქვენი ხალხია და იქნებ თქვენ უწინამძღვროთო.
- თქვენ ფლობდით არამეულ ენას, თუ უნდა გესწავლათ?
- უნდა მესწავლა.
- ეს პასუხისმგებლობა გამოწვევა იყო თქვენთვის?
- ვალდებულება იყო ჩემი, როგორ არ უნდა ვიცოდე ჩემი ენა? სირცხვილია.
- ჰო, მაგრამ თქვენ თავიდანვე იცოდით, რომ ასირიელი იყავით, მაგრამ არ გიფიქრიათ გესწავლათ თქვენი ენა?
- არ მიფიქრია, მაგრამ მაინცდამაინც არ იყო გამოწვევა. დავჯექი, ვისწავლე, რაც შევძელი.
- თქვენ გქონდათ ურთიერთობა ქანდაში მცხოვრებ ასირიელებთან?
- მე საერთოდ არ ვიცოდი თუ ასეთი სოფელი არსებობდა. იყო ასეთი არქიმანდრიტი მამა სერაფიმე, მუხიანის ეკლესიის წინამძღვარი. 2008 წელს, როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩვენ ერთად მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები და აქეთ შემოვედით, რატომღაც. აქ ადრე არაფერი არ იყო. ერთი პატარა ეკლესია იდგა, თეთრად შეღებილი. სადღაც ორი მეტრი ბალახი იყო და რომ შემოვედი, რაღაცნაირი სიხარული დამეუფლა. დედაღვთისმშობელს შევთხოვე, თუ ოდესღაც მე გავხდები ღვთისმსახური აქ მამსახურე-მეთქი. მაშინ არც დიაკვანი და არც მღვდელი არ ვიყავი, ჩვეულებრივი ბერი. გავიდა ორი წელი და უწმინდესმა მითხრა, რომ სამების ქვედა ნაწილს, ხარების ტაძარს გვაბარებდა, რაზეც მე უარი განვაცხადე. ჩემთვის ეს ცოტა რთული თემა იყო. ჩემთვის თბილისში მსახურება რთულია. როცა ბერი ხარ, ცოტა მოშორება გინდა, მაგრამ ხალხს მაინც ვერ გავექეცი. მაშინ ქანდა ნახეთო მითხრა. ჩამოვედით და როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ სოფელ ქანდაში 2000 ასურელი ცხოვრობდა და ეს ის ადგილი აღმოჩნდა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მე ვითხოვე. ესეც ის მეორე სასწაული, რომელიც აქ აღსრულდა.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხს ვერ გავექეციო. რატომ გინდოდათ ხალხისგან გაქცევა?
- არაერთგზის მინდოდა ხალხისგან გაქცევა. მინდა ვისწავლო ბერობა...
- კიდევ სწავლობთ?
- ეს, მთელი ჩემი ცხოვრება ასე იქნება...
- მაგრამ ხალხი თქვენკენ მოდის, ანუ თქვენ გიწევთ ისწავლოთ ბერობა ხალხთან ერთად?
- ალბათ, ბერობა უნდა გახდეს ჩემში სულიერი მდგომარეობა და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩემთვის ცოტა რთულია. ბერი არის ადამიანი, რომელიც მონაზვნობაში დაბრძენდება და დაბერდება. ჩემთვის ბერი არის პატრიარქი. მე მონაზონი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ ყველაფერს სწავლობს.
- ყველაზე კარგად რა მდგომარეობაში სწავლობს ბერი, რა ეხმარება მას განვითარებაში?
- ლოცვა და კელიაში ჯდომა... ადამიანი, როგორც ლოცულობს, ისე ცხოვრობს და ისე ცხოვრობს, როგორც ლოცულობს.
- თქვენს ხალხს გაურბიხართ, მაგრამ სწორედ ხალხის დახმარებით გაგიცნოთ საქართველომ, უფრო კონკრეტულად, ასურელების გენოციდის პრობლემით...
- საქართველომ გაიცნო ასურელების გულისტკივილი და არა მე.
- რომელიც თქვენ წარმოაჩინეთ...
- არამარტო მე. ამ ყველაფერში ბევრი ვინმე იყო ჩართული. ბევრს სტკიოდა გული და ბევრი ცდილობდა ტელევიზიას ყურადღება მოექცია.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევთ იმას, რომ დღეს ქანდაში ყველა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს.
- სოფელში პრაქტიკულად ყველამ იცის რა არის აღსარება, ზიარება, წირვა, ლოცვა ჟამნები, ახალგაზრდობა წამოვიდა, მარხულობენ, ლოცულობენ. მე არ ვარ ფანატიკოსი და რადიკალისტი მღვდელთმსახური. მოდიხარ კარგია, არ მოდიხარ და ცუდია, რომ არ მოდიხარ, მაგრამ არაფერს გეუბნები...
- თქვენ გალობთ არამეულ ენაზე. მას შემდეგ, რაც რომის პაპის ვიზიტის დროს სვეტიცხოველში იგალობეთ, მსოფლიომ გაგიცნოთ, იყო საერთაშორისო გამოხმაურებები. რა არის ის, რაც აოგნებს მსმენელს არამეული გალობის მოსმენისას?
- მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ, გამოხმაურება მოჰყვა, თორემ ჩვენს გალობას რომ გადახედოთ ევროპას უფრო მეტი გაზიარება აქვს, ვიდრე საქართველოს. ეს არის დაახლოებით 7-8 მილიონი ნახვა. მათ ამ დარგით დიდი ხანია გაგვიცნეს. გვეპატიჟებიან კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მისვლა-მოსვლა, ვატარებთ კონცერტებს. ახლა დავიწყეთ სიარული, უფრო მეტად გუნდს ვუშვებ ხოლმე... ჩვენ გვცნობდნენ, ჩვენს გუნდს იცნობდნენ, ამერიკა-კანადიდან ბევრი მოპატიჟება მაქვს. ახლა გავაკეთეთ ამერიკის ვიზა და იანვარში მივდივართ. პაპის ვიზიტისას გალობას, გამოხმაურებები მოჰყვა. ცუდი გამოხმაურება იქნება თუ კარგი მას თავისი მაინც მოაქვს.
- რა სახის ცუდი გამოხმაურებები მოჰყვა თქვენს გალობას?
- ოჰ, ეს მამა სერაფიმე, როგორ უგალობა რომის პაპს? ჩემი მზერა გალობის დროს, ყოველთვის ზეცისკენაა მიპყრობილი. მე არასდროს არავის ვუყურებ, როცა ვგალობ. ვიყურები იქით, სადაც ვიცი, რომ ჩვენი შემქმნელი ზის.
- და მაინც რა იყო თქვენი პირადი პოზიცია რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით?
- რაც არ უნდა იყვირონ, რაც არ უნდა თქვან, უწმინდესზე და სინოდზე დიდი არავინ არის. ერთობლივი ლოცვა არ ჩატარებულა, ტყუილია. ერთად არავის ულოცია. ქართველი კაცი ყოველთვის სტუმართმოყვარე იყო. ჩვენები ჩადიან იქ, იტალიაში, გერმანიაში. წირვასაც ატარებენ და რა მოხდა? ბოლოს და ბოლოს ვიღაც ხომ არაა? - პაპია. პირველად რომ ჩამოვიდა ასირიულ-ქალდევეურ-კათოლიკურ ეკლესიაში მივიდა, რასაც მოჰყვა გამოხმაურება, თითქოს საქართველოში მცხოვრები ასირიელები კათოლიკეები არიან. უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, რომ გვინდა იგალობოთ, რომ ნახოს პაპმა მართლმადიდებელი ასურელები საქართველოში. ვიგალობე 50-ე ფსალმუნი. მე კონფესიებთან პრობლემა არ მაქვს, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მე დავიბადე ქრისტესთვის, ვცხოვრობ ქრისტესთვის და თუ გარდავიცვლები, ისევ ქრისტემ ქნას, რომ მისთვის გარდავიცვალო.
- თქვენ 9 ოქტომბერს უნდა ჩაგეტარებინათ გამოსამშვიდობებელი წირვა, უარი უნდა გეთქვათ წინამძღვრობაზე და მონაზვნის ცხოვრება გაგეგრძელებინათ.
- ვინ გამიშვა? დამიბარეს უწმინდესთან, რომელმაც თქვა, რომ, ალბათ, ჯერ ადრეა და მეც დავუჯერე.
- რატომ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ე.წ. პენსიაზე გასულიყავით და მღვდელ-მონაზვნად გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა?
- დავიღალე. რისი მიღწევაც მინდოდა, მივაღწიე, თუნდაც ის, რომ ჩვენს სკოლაში, ასურელებში, ასურულ ენაზე გაკვეთილები ტარდება, სავალდებულო საგანი გახდა. მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესღაც ჩემ შესახებ ილაპარაკებდა ევროპა, მსოფლიო და ა.შ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ, უწმინდესი, პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩამოვიდოდა, მე რას წარმოვიდგენდი, აქ რომ მინისტრები მოვიდოდნენ... თქვენ რა გგონიათ ეს ნორმალურია? ეს არ არის ნორმალური. ბერის ცხოვრებაში ეს არ უნდა იყოს... მე მწამს, რომ ეს იყო ღვთის განგება, ჩემი ერის შესახებ გაეგო მთელ მსოფლიოს და გაიგეს კიდეც. ერთმა პატარა სოფელმა ქანდამ, ერთი „წმინდაო ღმერთო" იგალობა არამეულ ენაზე და მის შესახებ ყველამ გაიგო.
- რით არის განსხვავებული არამეული ენა სხვა ენებისგან?
- ის ყველაზე ლამაზია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ჩემს ხორცში ორი სისხლი დუღს, ქართული და ასურული. მე დედა ქართველი მყავს, მე ქართული ჯარი გამოვიარე. პირველი ჩემი სიტყვაც ქართული იყო - დედა, ამიტომ ვიღაცამ რომ დამაბრალოს მას ქართველები არ უყვარსო, ეს ტყუილია, მაგრამ არამეული მაინც მიმაჩნია ძალიან ლამაზ და მისტიკურ ენად.
- მამა სერაფიმე, თქვენ გაქვთ ყოველდღიური ურთერთობა მრევლთან, საზოგადოებასთან, რას ფიქრობთ, დაშორდა საზოგადოება ეკლესიას?
- არა, ადამიანი სასულიერო დარგში ბევრად განათლებული გახდა. ბევრად მოახლოებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ბევრად ახლოს არის ახლა ღმერთთან, ვიდრე შარშან და შარშანწინ. ვხედავ სხვაობას.
- რაში გამოიხატება ეს სხვაობა?
- ისინი უკვე განსწავლულები არიან. იბადება კითხვები, ჩვენ ამ კითხვებს ვპასუხობთ. ახლა უფრო და უფრო ღრმა კითხვები ისმება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი უფრო და უფრო ახლოსაა ეკლესიასთან.
- ვინ არის თქვენთვის ღმერთი?
- სიყვარული... წარმოიდგინეთ, ღმერთს ისე უყვარხარ, რომ თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა. ვინ დაგამსგავსა შენ თავის თავს? ბოლოს და ბოლოს მამა შვილს არ ემსგავსება.
- ანუ სიყვარულის უნარი ღმერთთან დაახლოების სააუკეთესო გზაა?
- შენ თუ სიყვარული შეგიძლია ე.ი. მისი მორჩილებაც შეგიძლია. თუ მორჩილება შეგიძლია ე.ი. მისი აღთქმების შესრულება შეგიძლია.
- ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო, ვისაც ღმერთის სწამს, მაგრამ არ სწამს ღმერთსა და ჩვენს შორის შუამავალი, ანუ მამაო, რას ეტყვით მათ?
- ის ადამიანი, რომელიც ასე ამბობს, მაინც ხომ მოდის ეკლესიაში და მამაოს ეუბნება ჯვარი დაგვწერეო. თვითონ დადგეს და დაწეროს, მონათლოს. რატომ არ აკეთებს ამას? იმიტომ რომ, ამის ხელმწიფება არ აქვს და იცის, რომ მღვდელს ამის ხელმწიფება აქვს. როცა იცის, რომ მღვდელს ამის ხელმწიფება აქვს, უკვე შინაგანად იცის, რომ ჩვენ ვართ შუამავლები, უბრალოდ, მას აქვს თავისი პრინციპი და პროტესტი აქვთ იმ მღვდილს მიმართს, ვინც ჯიპით დარბის...
- თქვენ ფიქრობთ ეს პროტესტი უსაგნოა, როცა მამაო ეკლესიის სახეა?
- რა თქმა უნდა. შენ რომ მე დღეს მიყურებ, სერაფიმე ვარ, როცა სერაფიმე მოკვდება, შენ თან გაგიყოლებს? - არ გაგიყოლებს. შენ კეთილ საქმეებს თან გაიყოლებს? და ჩემს ცუდ საქმეს შენ წაიღებ? შენ შეიძლება არ მოგეწონოს ჩემი პიროვნული მიდგომა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.
- და ეს ხომ აბრკოლებს ხალხს, რომ ეკლესიაში მოვიდეს...
- როგორ შეიძლება ამან დაგაბრკოლოს. შენ შეიძლება დაბრკოლდე პიროვნებით, თავისი აგრესიული მანერებით, ზედმეტად მდიდრობით, ან ზედმეტად მოსაუბრეობით, მაგრამ როგორ შეიძლება ეკლესიაში ვერ მიხვიდე. ნუთუ თქვენ იმის გწამთ, რომ მხოლოდ ცუდი მღვდლებით არის სავსე მართლმადიდებლობა? იცით რამდენი ბერი გვყავს, ასკეტი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ? წადით იმ ბერთან, რომელიც ტყეში ცხოვრობს. იმას ჰკითხე რითი ცხოვრობს? იცით რამდენი ბერია, რომელიც ჩვენთვის ლოცულობს? თუ შენ შეგხვდა დღეს ადამიანი, რომელიც გაბრკოლებს, არ არსებობს ღმერთმა ხვალ არ გაჩვენოს ადამიანი, რომელზეც იტყვი - ისაა, ვისაც ვეძებდი. ღმერთი რომ სიყვარულია, ის შენ არ გათავისუფლებს დიდი პასუხისმგებლობისგან მისადმი, სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც უხილავია, მაგრამ გრძნობადი. შენ როცა მუხლს მოიდრეკ და მტერისთვის ილოცებ, მაშინ შეიგრძნობ რა არის ღმერთი.
- რომ არა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპები, რას ფიქრობთ, სად იქნებოდით ახლა?
- მე ამაზე არ მიფიქრია. ზოგჯერ ღამე ვდგები და ვტირი, ზოგჯერ სიმწრის ცრემლებია, ზოგჯერ სიხარულისგან ვტირი და არ ვიცი რა სიხარული მეუფლება. ჩემთვის ქრისტე ყველაფერია. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღე რაღაცებში ვცდები, მე მას ყოველდღე ვგრძნობ...
სალომე ჩადუნელი