logo_geo
eng_logo
თბილისი-დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველო-ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება
- +

17 მარტი. 2016. 16:19


2016 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.


აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, "Tbilisi Event Hall"-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ირლანდიური ჯგუფი საქართველოს პირველად ეწვევა და ქართველ მსმენელს შესთავაზებს ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, გააცნობს ირლანდიურ კულტურას.


ორი ქვეყნის მეგობრობის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი კვლავ ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდება.


ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირსშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირლანდიელ ტურისტებს მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს. საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც ხელს უწყობს დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნა.


გახშირდა ორმხრივი ვიზიტები და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს შედგა თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი დუბლინში, სადაც ხელი მოეწერა ორი ქალაქის დამეგობრების შესახებ დოკუმენტს.


საღამო იმართება კომპანია „ჯორჯიან ივენთსის" ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია „რადიო იმედი". ღონისძიების სპონსორია ლუდი „Old Irish".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner