logo_geo
eng_logo
IPN-GE-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა
- +

17 მარტი. 2016. 16:34


„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ლიდერობა და პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა", - ამის შესახებ IPN.GE-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ნატა მუმლაძე აცხადებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ მომზადებული ნიუსის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.


მუმლაძე მომხდარს სიჩქარეში გაპარულ შეცდომას უწოდებს.


 „ყოველდღე ვმუშაობდით იმისათვის, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია „ინტერპრესნიუსში", იცის, რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული. რიტმი ძალიან დიდია და პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება იმ ნიუსს, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა: სააგენტოს მორიგე რედაქტორმა შემატყობინა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია „იუთუბზე" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ. ნიუსრუმში რომ შევედი, უკვე მთელი „ფეისბუქი" მოცული იყო ამ ინფორმაციით. გადავწყვიტეთ, რომ ამბავი უნდა დაწერილიყო. თუმცა, სიჩქარეში დავუშვით შეცდომა, ტექსტში მითითებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. ხაზს ვუსვამ - არც ბმული და არც ვიდეო ნიუსს არ ახლდა. რამდენიმე წუთშივე მივხვდით შეცდომას და ნიუსი ჩამოვხსენით, თუმცა შეცდომა უკვე დაშვებული იყო და გარკვეული ჯგუფების მიერ დაიწყო „ინტერპრესნიუსზე" შეტევა", - განაცხადა მუმლაძემ.


მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზოგიერთი კონკურენტი მედიასაშუალების წარმომადგენლები.


„სალანძღავ სტატუსებს არ იშურებდნენ. მათ შორის იყვნენ ამ ფაქტით გულწრფელად შეწუხებული ადამიანებიც, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზოგიერთი კონკურენტი მედიასაშუალების წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ, სააგენტოს საწინააღმდეგო კამპანია აეგორებინათ და ბოლოს ეს ამბავი „რუსთავი 2"-ის დიდი „სპექტაკლით" დაგვირგვინდა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართული შავი პიარი და „პალიტრამედიასთან" ანგარიშსწორების მცდელობა იყო. კამპანია გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც შეცდომაც ვაღიარეთ, ბოდიშიც მოვიხადეთ და მე თანამდებობაც დავტოვე", - განაცხადა მუმლაძემ.


11 მარტს, „ინტერპრესნიუსმა" საიტზე განათავსა ამბავი იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. შეცდომა ის იყო, რომ ნიუსის ტექსტში მითითებული იყო ვიდეოს სათაური, რაც სოციალურ მედიაში ვიდეოს მოძებნის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, სააგენტომ სწრაფად მოახდინა რეაგირება, ნიუსი ჩამოხსნა საიტიდან, ბოდიში მოიხადა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გათავისუფლდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner