თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადასტურებს, რომ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ძმა აღნიშნულ ცენტრში „მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე ნამდვილად მსახურობდა".
„შესაბამისად, გამოძიებას, ბუნებრივია, აქვს გარკვეული კითხვები ძმასთან. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც, თუმცა მისი ადგილმდებარეობის დადგენა ამ ეტაპამდე შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, როდესაც მის ადგილმდებარეობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ეს გამოკითხვაც ჩატარდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.