logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: საყარაულო წესი გუშაგს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამის ვითარებაში მყისიერად იმოქმედოს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 11:51



თავდაცვის მინისტრის ლევან იზორია განცხადებით, კრწანისის სასწავლო ცენტრის დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია. მისი თქმით, ის საყარაულო წესი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული, გუშაგს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამის ვითარებაში იმოქმედოს მყისიერად.



ეს პერიმეტრი დაცულია და შესაბამისად, საყარაულო წესი, რომელიც დადგენილია პრეზიდენტის ბრძანებულებით, აძლევს გუშაგს შესაძლებლობას, აღნიშნულ ვითარებაში იმოქმედოს მყისიერად ობიექტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. აღნიშნულ ობიექტზე ტარდება მუდმივ რეჟიმში წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. იმ საღამოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჩვენი პარტნიორებიც, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითის წარმომადგენლები. შესაბამისად, დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია. მე, ბუნებრივია, ვწუხვარ იმ სამწუხარო შედეგის გამო, რაც დადგა. ბუნებრივია, არავის უნდა, ასეთი შედეგი დადგეს, რაც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მაგრამ აქ ლაპარაკია სახელმწიფო ინტერესებზე, ლაპარაკია დიდ საჯარო ინტერესზე და ეს რეგულირდება კანონით და გარკვეული ნორმატიული აქტებით. ამიტომ, საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია, როდესაც ჯარისკაცი ან სხვა ორგანოების წარმომადგენლები მკაფიოდ გაწერილი წესებით და ინსტრუქციებით მოქმედებდნენ", - განაცხადა ლევან იზორიამ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.


საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner