2011 წელს ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული გია გორელაშვილი საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული პირების წამების საქმეზე, რა დროსაც სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე და სერგო ჩაპლიგინი დააკავეს.
გორელაშვილის განცხადებით, მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა. თავდაცვის სამინისტროში გადაყვანისას კი მოსთხოვეს ეღიარებინა, რომ იცნობდა თეთრაძეს, ლონდარიძეს და ჩაპლიგინს.
„თავდაცვის სამინისტროში რომ მიმიყვანეს, იმ ოთახში იყო თითქმის ყველა, ვინც ჩემს სახლში ჩხრეკაზე იყვნენ შემოსულები, ლევან ზაქრაძე, ნიკა ძიმცეიშვილი, ზურაბ გოგიჩაიშვილი და ირაკლი გრძელიშვილი. მეგის ქარდავაც იყო ოთახში, რომელიც მირტყამდა. მერე ის გავიდა და შემოვიდა გიგი კალანდაძე, ხის ხელკეტი ეჭირა, ბოლოში ბურთივით მრგვალი დაბოლოებით და ეკლიანი იყო. მითხრა, არ გაინძრე, თორე ცუდ ადგილას მოგხვდებაო და ეს ხელკეტი დამარტყა უკან რამდენჯერმე. შემდეგ გავიდა კალანდაძე და შემოდის მეგის ქარდავა. ჩამომაცვა „ცელოფნის" პარკი თავზე და მოუჭირა. ქარდავამ და კალანდაძემ გაიმეორეს, შენ იცი, ვინ გველოდებაო, იცი, რომ გვჭედავო და საქმეს აფუჭებო", - აცხადებს გორელაშვილი.
მისი თქმით, მას ქარდავა მოკვლით დაემუქრა. გორელაშვილმა მოყვა, როგორ სცემდნენ საპყრობილეში, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში. ასევე ესმოდა, როგორ სცემდნენ სერგო თეთრაძეს.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას გამოძიება წამების ორგანიზებას ედავება. ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომელთა საქმეც ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი.