ავტორი ნინო ჯიბუტი
„სანამ ივანიშვილი არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, რომლის მმართველობის სტილია ეს (ფარული კადრები), ეს მისი საფირმო ნიშანია, რადგან ის მოდის 90-იანი წლების რუსეთიდან, სადაც ამ სიბინძურეზე იდგა ყველაფერი. არსებობს მასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ მართავდა ივანიშვილი თავის კომერციულ ფირმებს, იქაც სულ შანტაჟი, ჭორაობა, ჩაწერა... ეს კაცი პოლიტიკურად ავადმყოფია და დარწმუნებულია (თუმცა ძალიან ცდება), რომ ასე შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას" - აღნიშნავს გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას.
„ხომ არ დაავიწყდა ბოკერიას, რომ მათი გამოგონებაა ამგვარი ჩანაწერების შეგროვება?" - ასე ეხმაურება „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ბოკერიას აღნიშნულ განცხადებას. დევდარიანი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებით, ყველაზე დიდი დარტყმა ხელისუფლებას მიადგა. ამიტომ სრული უგუნურებაა იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს ასეთი დარტყმა მიაყენოს.
„ივანიშვილის მმართველობის სტილიაო, რომ ამბობს, რაღაც კონკრეტული მაგალითი მაინც უნდა მოიყვანოს. რადგან ივანიშვილს არც იმ ჩანაწერებთან ჰქონია არაფერი საერთო (ციხის კადრებს ვგულისხმობ), რომელიც თავის დროზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ის ციხის კადრებიც წინა ხელისუფლების ნამოქმედარია. ასევე „90-იანი წლების რუსეთიო", - მე ძალიან კარგად მახსოვს, მათი იდეური მეგობარი და თანამებრძოლი ეროსი კიწმარიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც რუსეთის გენერალური პროკურორის მაკომპრომეტირებელი, აბანოში გადაღებული ვიდეომასალა (რომელიც არცერთმა რუსულმა ტელეარხმა არ გამოაქვეყნა) „რუსთავი 2"-ზე გამოაქვეყნა და ვისი სტილია ეს? - აქედან დასკვნები თვითონ გააკეთეთ...
ბოკერია იმიტომ ლაპარაკობს ამდენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი გადაარჩინა იმ სასჯელისგან, რომელსაც იმსახურებდნენ, სწორედ იმიტომ არის ასე თავზე გასული.
იმთავითვე მეც ვაპროტესტებდი, სხვებიც ამბობდნენ, რომ არ შეიძლებოდა იმ ფაილების განადგურება, ჯერ ერთი ამით გამოძიების ჩატარების შანსი საბოლოოდ დასამარდა, იმიტომ რომ მტკიცებულებები გაანადგურა ხელისუფლებამ, მაგრამ ვინც ისინი გადაიღო (წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა), მათ დაიტოვეს ფირები.
ამ კადრების გავრცელება დარტყმაა ხელისუფლებისთვის და ეს არის მასშტაბური დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა. სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშანი, თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში.
მე გეტყვით, ხელისუფლებას რა უნდა გაეკეთებინა 2012 წლის ნოემბერში და არ გააკეთა; დამნაშავეებს სახელი არ დაარქვეს, რეჟიმი არ გაასამართლეს და დღეს ეს დამნაშავეები შეტევაზე არიან გადმოსულები", - აცხადებს დევდარიანი.