logo_geo
eng_logo
„პოლიტიკური ცეცხლის“ დანთება არ მინდა, თუმცა...“ - რა ხდება „ნაცმოძრაობაში“ - დეტალებზე პარტიის ყოფილი წევრი საუბრობს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:09



ენმ-ში ახალი სკანდალია - პარტიიდან ქეთი ქოჩორაშვილი გარიცხეს, რომელიც თბილისის საკრებულოში ირაკლი აბესაძის ნაცვლად უნდა შესულიყო. როგორც ქოჩორაშვილი ამბობს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის საკრებულოს წევრობა მას კი არა, დავით ავალიანს „უბოძა".


„დავით ავალიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საკრებულოს წევრობა მისთვის ერთგვარი დამცავი მექანიზმი იქნება", - განმარტავს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ქოჩორაშვილი და დასძენს, რომ მელია საკმაოდ „კონფლიქტური ტონით" ელაპარაკებოდა და პარტიული თათბირიც დაატოვებინა.


ხომ არ განაპირობა მომხდარი „ნაცმოძრაობის" „უმამოდ" დარჩენამ და რატომ გაწირა პარტიამ ძირძველი წევრი? - „ვერსია" ქეთევან ქოჩორაშვილს ესაუბრა.

 

- მაინც, რა მოხდა თქვენსა და ნიკა მელიას შორის, პარტიიდან თქვენი გარიცხვის გადაწყვეტილება რატომ მიიღო?


- თბილისის საკრებულოში ადგილი გათავისუფლდა - ირაკლი აბესაძე პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა და მის ადგილას მე უნდა შევსულიყავი, რადგან 2014 წელს, ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში ჩემი კანდიდატურა ეწერა, თან ეს ქალთა კვოტითაც იყო განპირობებული. ნიკა მელიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსება იმის გამო მიიღო, რომ ყოველი მესამე საკრებულოს კანდიდატი ქალი უნდა ყოილიყო, მაგრამ ეს პირობაც დაარღვია და განმიცხადა, რომ საკრებულოში შესვლაზე უარი უნდა მეთქვა, რადგან ეს პოზიცია დათო ავალიანისთვის სჭირდებოდა - დათოზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საკრებულოს წევრობა დაიცავსო.

 

- საკრებულოს წევრს იმუნიტეტი იცავს?


- როგორც ვიცი, არა, მაგრამ ნიკას აზრით, საკრებულოს წევრის დაპატიმრება ისე ადვილად ვერ მოხერხდება, როგორც პარტიის რიგითი წევრის. მელიას უარი ვუთხარი, თან ავუხსენი, რომ დათო ავალიანი საკრებულოს უმოქმედო და უფუნქციო წევრი იქნებოდა - მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და აქტიურობას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ ნიკა მელიამ საუბარი კონფლიქტურ ტონში გადაზარდა. შევთავაზე, გუნდი შევკრებილიყავით და გადაწყვეტილება ისე მიგვეღო, მაგრამ მიპასუხა, რომ გადაწყვეტილება უკვე ერთპიროვნულად მიიღო... მეორე დღეს თათბირზე მივედი, მაგრამ ნიკა მელიამ მითხრა, ოთახი დამეტოვებინა...


- ეს პარტიიდან გარიცხვას ნიშნავდა?


- დიახ, ასე გამოვიდა. ეს გადაწყვეტილება მან თავის თავზე აიღო და ამით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა. ყველაფერ ამას მისი პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით ვხსნი. ისე, მომხდარზე საჯარო საუბრისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ ცესკო კანდიდატურის გადაგზავნას სასწრაფო წესით ითხოვდა და პროცესიც ამიტომ დაჩქარდა.


- საკრებულოში ირაკლი აბესაძის ნაცვლად მაინცდამაინც თქვენ რატომ უნდა შესულიყავით?


- 2014 წელს, გიგი უგულავას დროს, საკრებულოს წევრთა სია შედგა, რომელიც ცესკო-ში გადაიგზავნა და რომლის მიხედვითაც საკრებულოში სწორედ მე უნდა შევსულიყავი. 2014 წელს, დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი და ამავე დროს, სიის ათეულში ქალთა კვოტით ვიყავი.


- მელიას, საკრებულოს წევრობის სანაცვლოდ, სხვა პოზიცია ხომ არ შემოუთავაზებია?

 

- აქ ადგილისა და სკამის კი არა, დამოკიდებულების პრობლემაა! ვერ გავიგე, დავით ავალიანი თბილისის საკრებულოში ისეთს რას შეძლებს, რასაც მე ვერ შევძლებ? - არც გამოცდილება მაკლია და არც ცოდნა! ნიკა მელიას ყველაფერი სხვა ფორმით რომ აეხსნა, შეიძლება, დავფიქრებულიყავი, მაგრამ კონფლიქტური ტონით ამიხსნა...

 

- ქეთი, ნიკა მელიას გადაწყვეტილება მართლა ერთპიროვნულია თუ ამის უკან პარტიის რომელიმე ფრთა დგას?


- ეჭვების გამოთქმისგან თავს შევიკავებ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. საარჩევნო პერიოდში არ მინდა, ვითარება ხელოვნურად დავძაბო. საერთოდ, არჩევნების მეორე ტურის წინ ამ თემის გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ კოლეგიალობა მელიასაც უნდა დაეცვა და ყველაფერი სხვა ფორმით გაეკეთებინა.


- საერთოდ, „ნაციონალურ მოძრობაში" რა ხდება? თქვენთან დაკავშირებული ინციდენტი იქნებ იმის შედეგია, რომ პარტია მმართველის გარეშეა დარჩენილი?


- ალბათ, ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ნიკა მელიასგან განსხვავებით, მეტი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და, როგორც გითხარით, წინასაარჩევნო პერიოდში შეფასებებისგან თავს შევიკავებ - „პოლიტიკური ცეცხლის" დანთება არ მინდა, თუმცა დროთა განმავლობაში გამოჩნდება, სინამდვილეში რა ხდება. საერთოდ, ენმ დახურული ორგანიზაცია, მაგალითად, ბანკი არაა, სადაც ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ეს არის პარტია, რომელიც საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ღია უნდა იყოს, ამიტომ ის, რაც მოხდა, არ დავმალე და სანამ ამ ამბავს სხვები სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამოიტანდნენ, სიმართლის საჯაროდ თქმა ვარჩიე!


- მომხდარის შემდეგ პარტიის სხვა ლიდერები თუ დაგიკავშირდნენ?


- ამაზე, ალბათ მერე ვისაუბრებ.


- ქეთი, ენმ-ს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოში ყველაზე დემოკრატიული პარტიაა და ამ „ყველზე დემოკრატიულ" პარტიაში ეს არადემოკრატიული ინციდენტი რატომ მოხდა?


- არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო. ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ პარტიის ლიდერების ნაწილი ციხეშია, ნაწილი - საქართველოში არ არის. დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.


 

ესაუბრა თათია გოჩაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner