ავტორი მარიამ პაიჭაძე
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში არჩევნების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიულად ჩაიარა. ნაცვლიშვილი აქვე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამბობს, რომ რულოვსს არ უნდა საკუთარი მარცხის თანამონაწილე გახდეს.
- დემოკრატიულობის თვალსაზრისით როგორ ჩაიარა არჩევნებმა, როგორ შეაფასებთ არჩევნების შედეგებს და რა მოლოდინები გაქვთ მეორე ტურში?
- ჩემი აზრით, არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლებს შორის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს იყო საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. საარჩევნო კამპანია, რომელიც უპრეცედენტოდ დიდი ხანი, 4 თვე გრძელდებოდა, ხასიათდებოდა უკიდურესად დემოკრატიული გარემოთი. მიუხედავად იმისა, რომ იყო ორი თუ სამი პროვოცირებული თუ ხელოვნურად ინსპირირებული ძალადობრივი ფაქტი, საერთო ფონზე ამან ვერ იმოქმედა.
კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა უკიდურესად კარგად და ფაქტია, რომ ყველა ვთანხმდებით ერთ მთავარ დასკვნაზე. საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს ნება, მათ აირჩიეს ხელისუფლება და მათი ნება დემოკრატიულად იყო ასახული არჩევნების შედეგებში. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ ამომრჩეველმა გადაწყვეტილება არ მიიღო და მათ ძალიან მაღალი კვორუმით გამოუცხადეს ნდობა „ქართულ ოცნებას".
- ბევრს საუბრობენ „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე. როგორ ფიქრობთ, მართლაც არსებობს რაიმე საფრთხე?
- ზოგადად, ხელისუფლების მონოპოლიზაციის საფრთხე არაკონსოლიდირებულ დემოკრატიებში, ისეთში, როგორშიც ჯერჯერობით ჩვენ ვართ, თეორიულად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პრაქტიკულად გამორიცხავს ასეთი საფრთხის არსებობას. უფრო მეტიც, ვინც ამ საფრთხისგან საფრთხობელის შექმნას ცდილობს, ეწევა საკუთარი რენომეს, ჩემი აზრით, გამოუსწორებელ დისკრედიტაციას და ის შავ ლაქად დარჩება ბევრის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ბიოგრაფიაში.
ჩემი აზრით, როდესაც ვნებები დაცხრება, მათი ნაწილი გააცნობიერებს და აქვე, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ყველა, ვინც საფრთხეზე ლაპარაკობს, არ არის „ნაციონალურ მოძრაობის" ღია ან ფარული ადეპტი. რა თქმა უნდა, არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც პროპაგანდის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ და მართლა გულწრფელად სვამდნენ კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნების" კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხის შემცველი. დიქტატურა არ მყარდება კანონით. დიქტატურა არ მყარდება ნორმაში ჩაწერილი უფლებამოსილებების ფარგლებით, დიქტატურა მყარდება ამ უფლებამოსილების გადამეტებით. პატიმრობის კანონში არსად არ ეწერა ბაჩო ახალაიას, რომ ადამიანების წამება შეიძლებოდა.
- სანდრა რულოვსმა უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება?
- როგორც წვეთ წყალში ჩანს ოკეანე, ისე ჩანს სანდრას კანდიდატურის მოხსნისა და მასზე „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის ფრთის აგრესიული რეაქცია სანდრას საქციელზე. ამ ეპიზოდში ჩანს ის ოკეანე, რომელიც ღელავს „ნაციონალურ მოძრაობაში".
სანდრა რულოვსს არ სურს, იყოს თანამონაწილე საკუთარი მარცხის, რომელიც გარდაუვალია. ის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით იქცევა, ერთი მხრივ, საკუთარი რენომესთვის კარგად, რომ იცავს თავის თავს, მისი მეუღლის ტერმინი რომ ვიხმაროთ, რომ არ „გაფარჩაკდეს". და მეორე, ასეთი ჰიპოთეზა მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის არაპირდაპირი ამოცანა არის, ამ აჯანყებულ „თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფს აჩვენოს, რა ფასი აქვთ მის გარეშე. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის" დაბალი შედეგები მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედიოდეს, რათა ამომრჩეველს, ბოკერიას და დასავლეთს აჩვენოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ჯერჯერობით თავად არის.
- ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, დაიშლება?
- გატეხილი დოქის შეწებება შეიძლება, გატეხილი გულისა კი არა... „ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყო რღვევის პროცესი, რომლის შეჩერების არც მორალური, არც ინსტიტუციური, არც ორგანიზაციული რესურსი აღარ გააჩნიათ და ეს, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ 500 ათასამდე ხმა, რომელიც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ", გაცილებით აღემატება ხმების იმ იდეოლოგიურ საწყობს, რაც მას აქვს ქართველ საზოგადოებაში. უფრო მეტი მიირთვა, ვიდრე მონელება შეუძლია და ახლა უკან ამოსდის ეს ყველაფერი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 500 ათასი მხარდამჭერი იდეოლოგიურ პლატფორმაზე არ ჰყავს. ახლა დაიყოფა „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის, „რუსთავი 2"-ის, „თავისუფალი ინსტიტუტის" მომხრეებად და 3-6 თვეში დავა იმ მაჩვენებლამდე, რასაც წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა. ახლა მაინც საფუარით მიღებული ხმებია ის, რაც აქვთ.
პოლიტიკური პარტია შედგება ენერგიისა და ტვინისგან. ბოკერიამ და მისმა დაჯგუფებამ, ხოშტარიამ და ა.შ. გადაწყვიტეს, რომ რადგან მათ აქვთ ინტელექტი, განათლება, ისინი არიან მამოძრავებელი ძალა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის. თუმცა, ისინი მწარედ ცდებიან, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პროცესებს სამხრეთულ ქვეყანაში წარმართავს ემოცია, ჟინი და ქარიზმა, რომლისგანაც ისინი აბსოლუტურად დაცლილები არიან და ეს ყველაფერი გააჩნია ერთადერთ კაცს - მიხეილ სააკაშვილს.