საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს. მშენებლობაზე 154 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 220-ადგილიანი საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა. გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები. მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი. დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41,264 მილიონი ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.