გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს.
„ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იყო აბსოლუტური ტყუილი და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს. ზურას თანაგუნდელები, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე ამბობენ, რომ დარწმუნებულნი არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი, მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ყოველთვის იყვნენ რუპორები და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა - ხელისუფლებას კი სურდა სიმართლის მიჩქმალვა", - აღნიშნა ჟვანიამ.
მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან „ის უშუალოდ მონაწილეობდა სუფრის სცენის ინსცენირებაში".
მისივე თქმით, ვერსიის დონეზე იცის იმ ადამიანის ვინაობაც, რომელმაც ხათუნა ხოფერიას უთხრა - „ამ ხელებით დავახრჩვე ზურაბ ჟვანია" და ამ ვერსიას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.