logo_geo
eng_logo
ახალი დაპირისპირება ნაციონალებში - რა კავშირი აქვს დავით ავალიანს თბილისის ბიუჯეტიდან გამქრალ მილიონებთან?
- +

25 ოქტომბერი. 2016. 17:01


 

„ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი დაპირისპირება გასულ კვირას გამოაშკარავდა, როდესაც ქეთი ქოჩორაშვილმა პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ განაცხადა. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოში შემსვლელთა სიაში ირაკლი აბესაძის შემდეგ ირიცხებოდა, თუმცა, მაშინ დედაქალაქის საკრებულოში ვერ მოხვდა. ახლა კი, როდესაც ირაკლი აბესაძემ საკრებულოდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს, ის სიის რიგითობის მიხედვით ქოჩორაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ლიდერშიფი მისთვის დეპუტატის მანდატის მიცემის წინააღმდეგი აღმოჩნდა, რადგან ამ მანდატს დავით ავალიანს უმიზნებდნენ. ავალიანი რიგითობის მიხედვით ირაკლი აბესაძეს ვერ ჩაანაცვლებდა, რადგან მანამდე სიაში რამდენიმე პირი იყო ჩაწერილი, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა ცესკო-ს და, ქეთი ქოჩორაშვილთან ერთად, სიიდან ამოაღებინა კიდევ 5 ადამიანი. ესენი არიან: გიორგი ჩაჩანიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და ნინო ბაბუნიძე. ამის შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - თბილისის საკრებულოში ირაკლი აბესაძეს დავით ავალიანი ჩაანაცვლებს.



ვინ არის ავალიანი და რატომ ამოაგდეს ნაციონალებმა მის გამო სიიდან სხვა თანაგუნდელები? გიგი უგულავას დროს ავალიანი თბილისის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. ბოლოს ის თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ ფონდიდან თანხების უკანონო მითვისების საქმეზე წარუდგინეს ბრალი, გიგი უგულავასთან და მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ საქმის დეტალებზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი მოდით, გავეცნოთ ქეთი ქოჩორაშვილისა და ნიკა მელიას პოზიციებს.


ქეთი ქოჩორაშვილი, „ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი:


- უშუალოდ ნიკა მელია მთხოვდა, საკუთარი ნებით მეთქვა უარი საკრებულოში შესვლაზე. ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ დათო ავალიანს ეს სჭირდებოდა იმუნიტეტისთვის, იმ გაგებით, რომ საკრებულოს დეპუტატობა დაიცავდა მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. მის მიმართ საქმეა აღძრული და ნიკა მელიამ ამიხსნა, რომ ჩვენს საქმეს ახლა ასე სჭირდება.


- რამდენიმე ინტერვიუში ძველბიჭური გარჩევები ახსენე, რაში გამოიხატებოდა ეს?

 

- ტონი იყო სწორედ ძველბიჭური. ის მეუბნებოდა, შენს აზრს მნიშვნელობა არა აქვს, - უარს მეტყვი თუ დამთანხმდები, მე მაინც მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეო. ამ ყველაფერს აკეთებდა, დიახ, ქუჩის ბიჭური პათოსით.


- სიიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი ამოიღეს... მათ არ გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა?

 

- ვფიქრობ, არც ამ ადამიანებისთვის აუხსნიათ რაიმე, თუმცა საკუთარ აზრს ყველა თავისით გამოხატავს. თუ ისინი ღიად გააპროტესტებდნენ ამას, გამოვიდოდა, რომ პარტიას ჩემს სასარგებლოდ უნდა მიეღო გადაწყვეტილება და ცხადია, ისინი მაინც ვერ მოხვდებოდნენ საკრებულოში. ამიტომ, როგორც ჩანს, განზე დგომა არჩიეს.


- პარტიიდანაც გაგრიცხეს თუ მხოლოდ სიიდან ამოგიღეს?

 

- „ნაციონალურ მოძრაობაში" 2001 წლიდან ვარ და ისიც კი არ მახსოვს, ოფიციალურად გაფორმებულია თუ არა ეს ფურცელზე. ჩემი და ნიკა მელიას საუბრის შემდეგ ჩატარდა თბილისის ორგანიზაციის თათბირი, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ თათბირზე მივედი და მელიამ მომთხოვა, შეხვედრა დამეტოვებინა. მე მას ავუხსენი, რომ ვარ პარტიის წევრი და სრული უფლება მქონდა, დავსწრებოდი თბილისის ორგანიზაციის თათბირს. ის მაინც კატეგორიულად ითხოვდა თათბირის დატოვებას. რის შემდეგაც მითხრა, - შენი ასეთი საქციელების გამო გარიცხული ხარ პარტიიდანო.


- სოციალურ ქსელში ამ საკითხზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა... ზოგმა ისიც კი თქვა, რომ პარტიაში სააკაშვილის მხარდამჭერების რეპრესიები მიმდინარეობს და უგულავა-ბოკერია-მელიას ჯგუფი მთლიანად იღებს მართვის სადავეებს... ეს მითია თუ არსებობს რაიმე საფუძველი?

 

- არ მინდა, ასე დავყო პარტია. ყველაფერს დრო გამოაჩენს. მათ შორის იმას, რის გამო მოხდა რეალურად ეს. არ მინდა, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის საზიანოდ რაიმე ვთქვა და დაძაბულობის მუხტი შევიტანო, თუმცა, ყველაფერს დრო სჭირდება.


- პარტიის სხვა ლიდერებთან გქონდა საუბარი?

 

- მე დროც არ მქონდა ამისთვის, ისე გამომიცხადა პარტიიდან გარიცხვის შესახებ. ალბათ, მას ჰქონდა კომუნიკაცია. მან საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამ და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცა.




ვინ არის დავით ავალიანი, ვის გამოც „ნაციონალური მოძრაობის" სიიდან საკრებულოს დეპუტატობის 6 კანდიდატი ამოიღეს? ავალიანი ყოველთვის გიგი უგულავას ახლო მეგობრად და მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდა. სწორედ უგულავასთან ერთად აქვს წარდგენილი ბრალი, რომელიც „თბილისის განვითარების ფონდიდან" მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება.


2010 წლის ივლისში გიგი უგულავას ინიციატივითა და თბილისის რეაბილიტაციის მიზნით, დაფუძნდა „თბილისის განვითარების ფონდი". პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერმა, რომელიც ამავდროულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეც გახლდათ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. ამ სქემით ფონდის კუთვნილი თანხები 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად უნდა მიმართულიყო.


გამოძიების მტკიცებით, 2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თბილისის მერის - გიგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში" ფიქტიურად გაფორმებული 719 სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად იყვნენ არა ფონდის თანამშრომლები, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.


„დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებსა და მიკროკოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 13 852 497 ლარი. მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გიორგი უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა „თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდათ პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 34 328 463 ლარი".


სწორედ ამ საქმეზე გახლდათ დაკავებული დავით ავალიანი, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, 2013 წელს გაათავისუფლეს, თუმცა, სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა ამჟამადაც გრძელდება და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაიცავს თუ არა მას საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რთული სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ საკრებულოს დეპუტატის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უდავოდ მოჰყვება პოლიტიკური ვნებათაღელვა.


აქვე იმასაც არ გამორიცხავენ, რომ დავით ავალიანის მიმართ სასამართლომ სასჯელის სახედ პატიმრობა არ გამოიყენოს. ამ ვარაუდის საფუძველს მისი აღიარებითი ჩვენება იძლევა, სადაც ვკითხულობთ:


„2011 წელს, მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსი თაბუაშვილმა, მე და „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს გადმოგვცა „ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათები, რომლებიც დამზადებული იყო „ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის კოორდინატორების სახელზე. ალექსი თაბუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ბარათებზე ირიცხებოდა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები და შესაბამისად, ბარათების არსებობის ფაქტი უცნობი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომელთა სახელზეც ბარათები დამზადდა. თაბუაშვილის მითითების თანახმად, ბარათებზე დარიცხული თანხა მე ან ჩემს მოადგილეს გამოგვქონდა და იფარებოდა როგორც ხელფასები, ისე სხვა პარტიული ხარჯები. 2012 წელს ბარათებზე თანხის დარიცხვა შეწყდა და თაბუაშვილი ხელზე ყოველთვიურად გვაძლევდა როგორც სახელფასო, ისე სხვა ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს, დაახლოებით 800 000 ლარს. რაც მიზნობრივად ხმარდებოდა 2012 საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე პარტიულ დაფინანსებას. სრულად ვაღიარებ და ვინანიებ ჩემს დანაშაულს", - წერია ავალიანის აღიარებით ჩვენებაში.




მირიან ბოქოლიშვილი

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner