2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა. გამოფენები იმართება ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით.
გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მესამე საზეიმო გამოფენა 2 ნოემბერს გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზს ესტუმროს ყოველდღე 11:00-დან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის საიუბილეო წელს მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.