ავტორი ნინო ჯიბუტი
„დღეს საქართველოში არეულობა ისე არავის აწყობს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტს. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლოა უამრავი დუბლიკატი ჰქონოდა შენახული, მის გამრავლებასა და გასაჯაროებას წინ არაფერი დაუდგებოდა.
„ამ კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა აწყობდეს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად ცდილობს, ერთამანეთს ორი ისეთი მხარე დაუპირისპიროს (ვგულისხმობ „თავისუფალ დემოკრატებსა" და „ქართულ ოცნებას"), რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ერთმანეთთან დალაპარაკება. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" არ უნდა ეშინოდეს ალასანიას გუნდის, რადგან „თავისუფალ დემოკრატებს" ძალიან მცირე შანსი აქვთ არჩევნებში გამარჯვების. უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად ცდილობს, ეს ორი მხარე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. მეორე მხრივ, ვიღაცეები გამოჰყავთ თამაშიდან, ისეთი ფიგურები, რომელთაც ხმების მიღება და საკუთარი გუნდის გააძლიერება შეუძლიათ. ამას გარდა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც ძალი და ღონე აქვთ, „ქართულ ოცნებას" სახელს უტეხენ. ითვალისწინებენ ქართულ მენტალიტეტს და ამიტომ უშვებენ ასეთ კომპრომატებს. გულწრფელად განვიცდი იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისზეც ეს მასალები გავრცელდა, თუმცა, მათი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია ანუ ხვდებით, რას აკეთებენ? - ცდილობენ, თამაშიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანონ, რომ არენაზე მხოლოდ თვითონ დარჩნენ. ერთხელ რომ მოგვატყუეს, ჰგონიათ, მეორეჯერაც გაგვაცურებენ. თუმცა, „ნაციონალებს" რაც სურთ, ისე არ იქნება, მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველი ხალხი არც ისეთი სულელია, როგორც ჰგონიათ.
ჟურნალისტების საკითხს რაც შეეხება, უსინდისოები კი არიან „ნაციონალები", მაგრამ სულელები არა, ამიტომ ერთი მიმართულებით რომ იმუშაონ, პირდაპირ გამოაშკარავდებიან, ამიტომ უნდათ, სხვებიც გარიონ ამ სიბინძურეში. „ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის მოწყობის მეტი არაფერი შეუძლია. ეს ისტორიულად ცნობილია, რომ რევოლუციონერებს დანგრევის მეტი არაფერი ძალუძთ.
ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება იმის გაკონტროლება, რომ კიდევ არ მოხდეს მსგავსი ტიპის კადრების გამოქვეყნება, რადგან კაცმა არ იცის, საიდან რას გადმოგზავნიან... ზოგიერთი სხვადასხვა ადგილას არის გაქცეული, ეს შეიძლება ვრცელდებოდეს ოდესიდან, საბერძნეთიდან, ნებისმიერი ადგილადან, ამიტომ ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოახერხებს ხელისუფლება ამის გაკონტროლებას. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის იმ ყბადაღებული „კოჰაბიტაციის" ბრალი, რომელიც ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა იყო", - აცხადებს ხურცილავა.