logo_geo
eng_logo
„როცა ივანიშვილი ხელფასებს გიხდიდათ, მაშინ ხომ გიყვარდათ ე.წ. რუსული ფული?“
- +

25 ოქტომბერი. 2016. 21:35



ხშირად ისეთ საოცრებას მოიგონებენ, ისეთ ბოროტებას შეგაწერენ, სიცოცხლე აღარ გინდა... ავიღოთ ახალი ბოროტება, რომელსაც ხშირად იმეორებენ სააკაშვილი და მისი უვიცი ბანდა: თითქოს ჩვენ წარსულში გვინდა დაბრუნება",-ამის შესახებ პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს.


სად გვაბრუნებენ, რომელ წარსულში, ხრუშჩოვთან, ბრეჟნევთან თუ პუტინთან? იქნებ მათ მიერ მოგონილ "მოქალაქეთა კავშირში"? მაგალითად, მე ამ კავშირის წევრი არ ვყოფილვარ... მახსოვს, როგორ შეუძვრნენ ედუარდ შევარდნაძეს, როგორ დააარსეს "მოქალაქეთა კავშირი", როგორ გახდნენ მისი მინისტრები და დიდი თანამდებობის პირები. ისიც მახსოვს, როგორ განუდგნენ, როგორ უღალატეს თავიანთ გამზრდელს. მოღალატე ყოველთვის მოღალატეა, ვისაც არ უნდა უღალატოს! ესენი მზად იყვნენ, სისხლი დაეღვარათ, მაგრამ შევარდნაძემ არ იკადრა, გადადგა.

 

ვთქვათ და წავედი აქედან, დავბრუნდი წარსულში, სად წავალ, ვისთან წავალ? ვისთან და ავდით ჩარკვიანთან - მამაჩემთან, ეფრემ ჩარკვიანთან - ბაბუაჩემთან, იაკობ ჩარკვიანთან - დიდ ბაბუასთან, პისტი გელოვანთან - დედაჩემთან, ანდრია გელოვანთან - ბაბუაჩემთან, ილარიონ გელოვანთან - ჩემ დიდ ბაბუასთან... წინასწარ მიხარია, რომ ჩემს წინაპრებთან მომიწევს წასვლა. ახლა ამათ მივმართავ: ბევრს, ძალიან ბევრს: თქვენ რომ წახვალთ, ვისთან მიდიხართ, ვინ დაგხვდებათ იქ? მითხარით, ოღონდ გაფიცებთ, გვარგადაკეთებული ხალხი არ მიხსენოთ, არ ჩამომითვალოთ. მითხარით, რა გვარებთან აპირებთ წასვლას? ვაი, თქვენს პატრონს, რა მინდა, თქვე ბოროტებო, წარსულში?!

 

ჰიტლერის სიტყვები მახსენდება: "მეამაყება, რომ ნაციონალური პარტიის წევრი ვარ"! ხომ ვერ მეტყვით, თქვენს პარტიას რა სახელი ჰქვია? თქვენ უკვე დაბრუნებულები ხართ წარსულში, კიდევ სად უნდა დაბრუნდეთ? თუ სტალინი გინდათ, რომ შეადაროთ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს მთელი მსოფლიო მიემხრო და მან დაამარცხა უარესი უბედურება - ფაშიზმი. თქვენ კი ფაშიზმი დაიბრუნეთ. ჩემს თაობას არც ერთი უნდა და არც მეორე, ჩვენ დემოკრატიული საქართველო გვინდა. თქვენ ხართ ლენინელებიც და "ბნელინელებიც"... შენ მე ინგლისურად დამღუპავ თუ რუსულად, რა მნიშვნელობა აქვს ნეტა?! მე შევარცხვინე ხრუშჩოვის, ბრეჟნევისა და პუტინის რუსეთი, მე ვემხრობი ჩემი მეგობრების, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, ანდრეი ვოზნესენსკისა და რიმა კაზაკოვას რუსეთს. თუმცა დასაბრუნებელი არავისთან არაფერი არ მაქვს!

 

ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: თქვე უწიგნურებო, თქვენ გეზიზღებათ გუშინდელი, გიყვართ მხოლოდ საკუთარი თავი და დღევანდელობა. ის კი არ იცით, რომ ადამიანმა სამ დროში უნდა იცხოვროთ. დიახ, აწმყო არ გვწყალობს, როგორც ილია ბრძანებდა, მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალი მაინც ჩვენთანაა. საქართველო რომ გიყვარდეს, სხვა თუ არაფერი, ქართველი მაინც უნდა იყო. შე უვიცო, რობერტ სტურუა რომ გააგდე საქართველოდან, სად დაბრუნდა, კომუნისტებთან? რობერტ სტურუა სადაც არ უნდა წავიდეს, ის მაინც დიდი რეჟისორი იქნება, შენ რამდენ ხანსაც არ უნდა დარჩე, მაინც ხარ "არავინ". მე კარგად ვიცი, დღევანდელ "ნაციონალებს" რისი ეშინიათ... მათ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის, ეშინიათ მთელი "ქართული ოცნებისა".

 

როცა ბიძინა ივანიშვილი გზებს გიგებდათ, ჯარსა და პოლიციას აღორძინებდა, როცა სამების ტაძარს აგებდა, როცა აშენებდა 500 ეკლესიას, აშენებდა თეატრებს, გიხდიდათ ხელფასებს, მაშინ ხომ გიყვარდათ ე.წ. რუსული ფული? გაიგეთ, უკან დახევა ვაჟკაცის თვისებაა, თქვენ უკან ვერ დაიხევთ, მაგრამ თქვენ ამ ქვეყანაში არაფერი გესაქმებათ!", - განაცხადა პოეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner