logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ანტირუსული რიტორიკა იქნება, ვიდრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება!
- +

17 მარტი. 2016. 19:03


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ კარასინს ფორმულირებები მნიშვნელოვანწილად შეფუთული ჰქონდა გამონათქვამებში, რომელიც არ შეესაბამება აუცილებელ კორექტულობას, რომელიც მოლაპარაკების პროცესში მყოფმა დიპლომატმა უნდა დაიცვას.


„კარასინის განცხადებაში გარკვეული ფორმულირებებია, რომლებიც მოლაპარაკების საერთაშორისო გაგებას შეესაბამება. მხარეები, თუნდაც დაპირისპირებული, როცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ერთმანეთის მიმართ კონსტრუქციულები უნდა იყვნენ. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელიც ჩვენ კარგად გვესმის და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები პოლიტიკას მხარს უჭერენ, რომელსაც ამ მიმართულებით საქართველო აწარმოებს. კარასინს ეს ფორმულირებები მნიშვნელოვანწილად შეფუთული ჰქონდა გამონათქვამებში, რომელიც არ შეესაბამება აუცილებელ კორექტულობას, რომელიც მოლაპარაკების პროცესში მყოფმა დიპლომატმა უნდა დაიცვას. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ეს თემა საქართველოში იმის საფუძველი არ უნდა გახდეს, რომ მოლაპარაკებების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

 

ვფიქრობ, ნებისმიერ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსს მართებს მეტი დიპლომატია, დიპლომატებს კი - ნაკლები პოლიტიკოსობა.

 

რაც შეეხება გრიგორი კარასინის მიერ ნახსენებ ანტირუსულ რიტორიკას, თუ პოლიტიკოსი ახსენებს არსებულ ფაქტს ოკუპაციის თაობაზე, ეს არა ანტირუსული, არამედ რეალურად არსებული სიტუაციის შეფასებაა. თუ ასე თვლის, ანტირუსული რიტორიკა იქნება, ვიდრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება. საქართველოს პოლიტიკოსებს ვერ წავართმევთ უფლებას, ოკუპაციას უწოდონ ოკუპაცია. არასდროს გვითქვამს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები იოლი იქნებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner