„ვხედავთ, რომ ძალიან გამართული, მშვიდი, სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ფონზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიდის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც კი მოსახლეობას არჩევანის თავისუფლება მიეცა, მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მიდის პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი. როცა პარტიები არა პოლიტიკური სპეკულაციების რეჟიმში, არამედ უშუალოდ ამომრჩეველთან ერთი-ერთზე დარჩნენ, ისინი იძულებული გახდნენ, თავიანთ თავში ჩაეხედათ. ერთ-ერთი ასეთი პარტია „თავისუფალი დემოკრატები" იყო. გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრ პარტიას პრობლემები აქვს არა მხოლოდ მოსახლეობასთან ურთიერთობაში, არამედ პირველ რიგში - საკუთარ თავში. ასე რომ, ასეთი კარგი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, ხუმრობით რომ ვთქვათ, მმართველ გუნდს ოპოზიციისგან მადლობაც კი ეკუთვნის, რადგან მათ საკუთარ თავში გარკვევა შეძლეს", - განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერების მოწოდება, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირონ, მისასალმებელია.
„რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერების განცხადებას, თუ რომელიმე პარტია, ან პოლიტიკოსი დაინახავს რეალობას, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა" ის ძალა, რომელიც ქვეყანას სწორი განვითარების გზაზე აყენებს და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ეს მისასალმებელია. მისასალმებელია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ისინი ხედავენ, ეს ქვეყნისთვისაა კარგი და არა იმიტომ, რომ უბრალოდ, „ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს", - განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ვიქტორ დოლიძის დანიშვნის საკითხი, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
„დღეს ჩვენი დღის წესრიგი არჩევნებია, რადგან ჯერ კიდევ არჩევნების რეჟიმში ვართ და შესაბამისად, რამე ტიპის თანამდებობებზე საუბარი ნაადრევია. 30 ოქტომბერს მანდატების საკითხი გაირკვევა, რის შემდეგაც გუნდის შიგნით კონსულტაციები დაიწყება და ჩვენს პოზიციას ღიად დავაფიქსირებთ. ამ ეტაპზე, მათთვის თანამდებობების შეთავაზების საკითხი არ განიხილება", - განაცხადა ლევან კობერიძემ.