„მაღალტექნოლოგიური სათბური „პლანტა" ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გამოიყენოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური „პლანტას" დაათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სათბური „პლანტა" ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა მსოფლიოში.
„ამ ინვესტიციის შედეგი გახლავთ ის, რომ აქ 250 ადამიანი დასაქმდება. შედეგი ასევე არის ის, რომ ეს არის თანამედროვე ევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, გამოიყენოს საქართველომ, იმისთვის რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს და იმისთვის რომ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ორმა ყველაზე წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ, ფრანგულმა კომპანია „რიშელმა" და ჰოლანდიურმა კომპანია „სერტონმა", რომელთა ტექნოლოგიაც იქნა გამოყენებული. ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დღეს არის ასეთი დონის სასოფლო-სამეურნეო საწარმო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სათბური თანაინვესტირების ფონდისა და ფონდ „ქართუს" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მასში ჯამში 22 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო.