„მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიცემული თითოეული ხმა, ეს იქნება არჩევანის გაკეთება ძალიან მძიმე და უბედური წარსულის სასარგებლოდ! ძალიან პრინციპული საკითხია, რომ მეორე ტურში „ნაციონალურმა მოზრაობამ" არცერთი დამატებითი მანდატი არ მოიპოვოს!" - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნება" არ წარმოადგენს ძალას, რომელიც მიდრეკილია ხელისუფლების უზურპაციისკენ და ეს განვლილმა ოთხმა წელმაც დაადასტურა.
„განვლილმა ოთხმა წელმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება" არანაირად არ არის მიდრეკილი ხელისუფლების უზურპაციისკენ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის კი არ გვინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, კონსტიტუციაზე ვიძალადოთ, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, რათა რყევებისა და მოძალადე „ნაცმოძრაობასთან" მუდმივი ჭიდილის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას სწრაფად მოუტანს უკეთეს რეალობას",- განაცხადა ბესელიამ.