საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზე სპეკულაციების პოლიტიკურ კამპანიაში გადაზრდის მცდელობამ ჩაილურის წყალი დალია. დღესავით ნათელია, რომ ამ ყველაფრის მიღმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი იკვეთებოდა. გეგმის ჩავარდნის მიზეზი მარტივია: „ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად გამარგინალებულია და მნიშვნელოვანი საქმეების გაფუჭების უნარი აღარა აქვს. ამასთან, მისი მხარდამჭერი „სამოქალაქო საზოგადოებაც" ბოლომდე გაშიშვლებულია და „გარეთ თავი აღარ გამოეყოფა". მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებლად მიმაჩნია, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული „საფრთხეების შიში" არგუმენტებით იყოს გაბათილებული.
სრულყოფილი ანალიზისთვის, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა პლუსი და მინუსი უნდა განვიხილოთ როგორც თეორიული კუთხით, ისე არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, აგრეთვე, შედარებით კონტექსტში, დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით.
საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია იმ შემთხვევაში, როცა მმართველ სუბიექტს განზრახული აქვს ქვეყნის მთავარი კანონის თავის თავზე მორგება, როგორც ამას აკეთებდნენ ჯერ შევარდნაძე (მორჩილი, კორუმპირებული უმრავლესობის ხელშეწყობით), შემდეგ - სააკაშვილი (კლანის ინტერესებიდან გამომდინარე). ფაქტია, რომ მარადიული მმართველობის სურვილით ნაკარნახევი ყველა გეგმა-პროექტი ლოგიკური შედეგით, მათი ავტორებისთვის კატასტროფული მარცხით დასრულდა.
განვლილმა ოთხმა წელმა გვიჩვენა, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის" კარგი გამოცდილებაა. ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი ფაქტების წარმოდგენას „ჩასაფრებული" ექსპერტებიც კი ვერ ახერხებენ და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, მხოლოდ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე აპელირებენ.
მეორე მხრივ, „არაფორმალური მმართველობა" დადასტურებული ფაქტიც რომ იყოს, მის რეალიზებას არანაირი საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. „არაფორმალური მმართველისთვის" სრულიად საკმარისია პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც „აირჩევს" მისთვის სასურველ მთავრობას და... აკეთე, რაც გაგეხარდება, სანამ... ხალხი არ მოგადგება ტრანსპარანტებით.
მსჯელობის სისრულისთვის, ისიც უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნება", ოფიციალური დიქტატურის დამყარების სურვილის შემთხვევაში, მოქმედ კონსტიტუციაზე უკეთეს საყრდენს ვერც ინატრებდა, რომელსაც, ჯერ კიდევ 2010 წელს, სრულიად სამართლიანად, სუპერსაპრემიერო მმართველობის კანონი ეწოდა და არც იმ ცვლილებებს განახორციელებდა, რომლის მოწმე და მონაწილეც ორი წლის წინ გავხდით.
განსახილველ თემას როგორც არ უნდა მივუდგეთ და საიდანაც არ უნდა მოვუაროთ, ნათელია, რომ „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების სურვილი (როგორც პარტიაში, ისე მის მხარდამჭერებში), კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების გზით დიქტატურისა და ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ სწრაფვით არ არის განპირობებული.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე, ქვეყნის მთავარი კანონის საკონსტიტუციო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე შეიძლება იყოს საუბარი. სწორედ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისკენ სწრაფვაც. ეს რომ ასე არ იყოს, „ოცნების" ხელისუფლება, უბრალოდ, თავს არ აიტკივებდა და პასუხისმგებლობას არ დაიმძიმებდა ამ დიდი ვალდებულებით.
შექმნილ ვითარებაში, საკონსტიტუციო უმრავლესობის ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის" გაზრდილი დეპუტაციის მიერ ყველა სასიკეთო ინიციატივის თვითმიზნურად დაბლოკვის პერსპექტივას გულისხმობს და სხვას არაფერს.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების" დეპუტაცია იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმ ცვლილებების განხორციელებაზე, რომელთა შესახებაც, უკვე ექვს წელზე მეტია, საქმე კრიტიკული საუბრების იქით არ მიდის. ინტრიგას (კარგი გაგებით) ამწვავებს კიდევ ერთი გარემოება: „ქართული ოცნების" იურისტთა ახალ შემადგენლობას მოუწევს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელთა წინაშეც უსუფაშვილ-ხმალაძე-ხიდაშელის ამბიციური გუნდი უძლური აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ისე პროფესიული თვალსაზრისით.
ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა, ჩვენი ალალი და უსაყვედურო ნდობით აღჭურვილ საკონსტიტუციო უმრავლესობას შეგვიძლია (მოგვეთხოვება კიდევაც) ამთავითვე განვუსაზღვროთ ის ნიშნულები, რომლებიც, სამომავლოდ (და არა მარტო სამომავლოდ), იქნება ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი „ოცნების" ხელისუფლებისადმი.
ნომერი პირველი ტესტი, ვფიქრობ, უპირობოდ უნდა გახდეს პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის (მუხლი 81) დემოკრატიული მოთხოვნების ჩარჩოებში მოქცევა. აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქცია პრემიერის განუსაზღვრელი ძალაუფლების (სურვილის შემთხვევაში) მთავარი პირობაა და მთავარი მიზეზია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობისა.
ვფიქრობ, მეორე პირობად უნდა განისაზღვროს ის საკითხი, რომლის ავტორიც თავად „ქართული ოცნებაა". მხედველობაში მაქვს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივა.
მერწმუნეთ, თუ „ქართულ ოცნებას" აქვს ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური ნება (სხვანაირად ვერც წარმომიდგენია), დანარჩენი - საყოველთაო კონსენსუსიც და ტექსტის სათანადო რედაქტირებაც, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმედ იქცევა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პირობის შესრულება პირადად ჩემთვის (იმედი მაქვს, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც) „ოცნების" მიმართ ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" იმ შემთხვევაში იქნება მიღწევადი, თუ საზოგადოება მოახერხებს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადაყვანას გაცემული პირობების მოთხოვნა-შესრულების რეჟიმში. ამ საქმეში ჩვენი პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს. დანარჩენს პროცესი გამოაჩენს - წამზომი ჩართულია.
ბიძინა დვალი
25.10.2016