„ცოტა სასაცილოც კია და პოლიტიკური კომედიაა, დაახლოებით ასე რომ მიმართავენ საზოგადოებას - ხმა ჩვენ მოგვეცით, რათა „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს და ჩვენსავით მოძალადეები არ გახდნენო..."- ამ სიტყვებით აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელსაც, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შედეგად „ქართული ოცნება" მოიპოვებს.
„ამ თემაზე და რაღაც საფრთხეზე რომ ვლაპარაკობთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. სწორედ მათ აქციეს ეს თემა მედიაში განსაკუთრებული განსჯის საგნად. ასე ცდილობენ, ის ელექტორატი, რომელმაც სხვა პარტიებს მისცა ხმა, მე-2 ტურის წინ როგორმე მიიმხრონ. სხვა საშუალება მათ არ გააჩნიათ და ეს თემა მოიგონეს. ცოტა სასაცილოც კია და პოლიტიკური კომედიაა, დაახლოებით ასე რომ მიმართავენ საზოგადოებას - ხმა ჩვენ მოგვეცით, რათა „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს და ჩვენსავით მოძალადეები არ გახდნენო...
რაც შეეხება ძალაუფლების უზურპირების საფრთხეს, უნდა ითქვას, რომ თუ ვინმეს სურვილი ექნება, ამას პარლამენტის უბრალო უმრავლესობითაც მოახერხებს და პარლამენტს ფეხქვეშ ამოიდებს. თავისთავად არ არის დემოკრატიული პროცესისთვის სახარბიელო, როდესაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მეორე მხრივ, ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებულ საფრთხედ არ მეჩვენება. ჩემი აზრით, ამას თავისი პლუსიც აქვს, რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას" დაეკისრება, ხელს ვეღარავისკენ გაიშვერენ და ვერ იტყვიან, მუშაობაში ხელს გვიშლიანო. ამასთანავე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ერთი პარტიის მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობით, შესაძლოა, დამუხრუჭდეს დემოკრატიული განვითარება, ავიწყდებათ, რომ ჩვენთან, სამეზობლოსგან განსხვავებით, აქტიური და, ცოტა არ იყოს, აგრესიული სამოქალაქო სექტორი და არანაკლებ აქტიური საზოგადოებაა. თუ ამ საზოგადოებამ ხელისუფლების გაკონტროლება მოახერხა, არაფერიც არ მოხდება.
ჩემი აზრით, არ ღირს ამ თემის ამდენი განხილვა, მთავარია, რამდენად სწორად გამოიყენებს „ქართული ოცნება" ამ ვითარებას. უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ შედეგის მიხედვით. თუ შედეგი იქნება ქვეყნისთვის პოზიტიური, მაშინ, დამერწმუნეთ, არავის გაახსენდება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვის ხელშია",- განაცხადა არეშიძემ.