- ის, რომ ბათუმი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და ის უკან უნდა დაბრუნდეს, თურქეთის ექს-პრემიერ აჰმედ დავითოღლუსგან არა ერთხელ მოგვისმენია, მაგრამ რეჯეპ ერდოღანი, რომელიც თავს ქართველად თვლის, რამ აიძულა ეს ეთქვა? მისი სიტყვები თურქი ხალხის საამებლად იყო ნათქვამი თუ მასში რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საშიში რამ იმალება?
- მოდით, ჯერ თურქეთის პრეზიდენტის ეროვნებასა და მის ვითომდა ქართულ წარმოშობას შევეხოთ.
თურქეთის პრეზიდენტის ეროვნება, თუ მხედველობაში მივიღებთ მისივე აღიარებებს და საჯარო განცხადებებს, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა. როცა პატარა რეჯები ერთი წლის გახდა, 1956 წელს ოჯახი სტამბოლიდან საცხოვრებლად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რიზეში გადავიდა, საქართველოსთან ახლოს, სადაც მამამისს, აჰმედს, მრავალრიცხოვანი ნათესაობა ჰყავდა. რეჯეპმა რიზეში ბავშვობის 12 წელი გაატარა. თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იგი ამბობდა, რომ ჩემი წინაპრები აჭარიდან არიან და რიზეში დასახლდნენო. „მე ეთნიკური თურქი არ ვარ, ქართული ფესვები მაქვს როგორც მამის, ისე დედის მხრიდან", - ციტირებდა რეჯეპ ერდოღანის სიტყვებს თურქული გაზეთი „მილიეთი". 2003 წელს, როცა რეჯეპ ერდოღანი საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა, ჩვენი მედია ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს წერდა და აღნიშნავდა, რომ თურქეთის ლიდერმა დაადასტურა - მისი ნათესავები ქართველები (ლაზები) არიან, პაპამისსაც რეჯეპი ერქვა, ბათუმთან ახლოს ერთ-ერთ სოფლის იმამი იყო, რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ კი, როცა აჭარა ქუთაისის გუბერნიაში შევიდა, იგი ოჯახით რიზეში გადასახლდაო. სხვათა შორის, თურქული ოპოზიციაც საკმაოდ ხშირად ახსენებდა ხოლმე ამ ფაქტს: „ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ამბობს, ცოლად არაბი ქალი მყავს, მე კი წარმოშობით ბათუმელი ვარო, ამით პროვოკაციას უწყობს თურქეთის 35 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს", - ამბობდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დევლეთ ბახჩელი 2010 წელს. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელევიზიით გამოსვლისას კი რეჯეპ ერდოღანმა თავისი წარმომავლობა შეცვალა და მტკიცედ განაცხადა: „მე სტამბოლელი ვარ, მორჩა, წერტილი დავსვი. არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა მოისმინოთ ჩემს შესახებ. ერთი ამბობდა, რომ მე თითქოს წარმოშობით ქართველი ვყოფილვარ, მეორე იძახდა, რომ... ბოდიში ამ გამოთქმაზე - თურმე სომეხი არისო. მამაჩემიც, პაპაჩემიც და სხვა ნათესავებიც ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე თურქი ვარ. რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავისებურად ხედავენ და რაც უნდათ, იმას წერენ".
ასე რომ, ჩავთვალოთ, რომ რეჯეპ ერდოღანი ეროვნებით დღეს არის თურქი, მას თურქი წინაპრები ჰყავს და როგორც თურქეთის პრეზიდენტი, თავისი სახელმწიფოს ინტერესებს იცავს და გამოხატავს, იხსენებს ოსმალეთის ისტორიულ საზღვრებს და საკუთარი სახელმწიფოს განდიდებისთვის იღწვის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი განცხადება მისი ბავშვობის ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში.
ამასთან ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში ყოფნის სურვილი რომელიმე თურქ პოლიტიკოსს, პუბლიცისტს, ან პოლიტოლოგს თუ ექსპერტს (ანუ კერძო პირს) რომ გამოეხატა, მაშინ ეს კიდევ შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო, მაგრამ როცა ამას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, როგორც მმართველი ისლამისტური პარტიის ლიდერი და ნეოსმანიზმის იდეოლოგიის რეალიზატორი, ქვეყნის მეთაური, რომლის ყოველი საჯარო გამოსვლა, მასმედიის თანდასწრებით, წესით სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციად უნდა ჩაითვალოს, აი, ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ დამაფიქრებელ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ჩვენებური უპრინციპო პოლიტოლოგები და მაამებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რა მოხდა, ეფენდი ერდოღანმა ეს განცხადება შიდა მოხმარებისთვის გააკეთაო. რას ნიშნავს შიდა და გარე მოხმარება? როცა სახელმწიფოს პრეზიდენტი, ქვეყნის მეთაური, საჯაროდ, მასმედიის თანდასწრებით, ასეთ განცხადებას აკეთებს, თანაც საერთაშორისო კუთხით - ლაპარაკობს ევროპისა და აზიის ქვეყნებზე, რომლებიც ადრე, მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ, ეს „შიდა მოხმარებისთვის" გაკეთებულ განცხადებად როგორ უნდა მიიჩნიო? რა, შუა საუკუნეებია, კომუნიკაცია არ არსებობს და, რიზელების გარდა, ბაშკან-პრეზიდენტის ნათქვამს ვერავინ გაიგებდა? ჰო, აბა, რეჯეპ ერდოღანმა, სამზარეულოში ოჯახის წევრებთან, მხოლოდ მათ გასაგონად ილაპარაკა ოსმალეთის იმპერიის „დიდებულ" წარსულზე („ბრწინვალე საუკუნეზე") და ჩვენ ამას ვერ შევიტყობდით...
დიახ, ძალზე არასასიამოვნო ფაქტია, რომ ბოლო წლებში ამგვარი განცხადებები საკმაოდ გახშირდა. უკვე შესამჩნევია ტენდენცია იმისა, რომ თურქეთი, 1990-იანი წლებიდან გააქტიურებულ პანთურქიზმის პოლიტიკას, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მცხოვრებ თურქულენოვანი ეთნოსების კონსოლიდაციას გულისხმობს (კავკასიისა და შუა აზიის ჩათვლით), ახლა ნეოსმანიზმით ცვლის, ანუ პოლიტიკური გავლენით იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ. შესაბამისად, ანკარა ცდილობს მეზობელ, შედარებით სუსტ სახელმწიფოებზე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა განახორციელოს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ამგვარ პოლიტიკას, ნებით თუ უნებლიედ, ჩვენც ხელს ვუწყობთ. აჭარაში თურქული ბიზნესის მომძლავრება, თურქული კულტურის გავლენის გაძლიერება-გაფართოება, მათ შორის ბათუმში ამას წინათ მომხდარი თურქულ სკოლასთან დაკავშირებული სკანდალიც ამ ჩარჩოებში თავსდება.
- უკავშირდება თუ არა ეს ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვას?
- არა მგონია. საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს (საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სსრ-ებს) შორის 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში ხელმოწერილი ხელშეკრულებაში მისი მოქმედების ვადები მითითებული არ არის, ანუ ხელშეკრულება უვადოა (სხვათა შორის, უვადოა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც ყარსის დოკუმენტი გაფორმდა). აქედან გამომდინარე, ბაშკან რეჯებ ერდოღანის განცხადება უფრო მისი პარტიის იდეოლოგიითა განპირობებული, ვიდრე ხელშეკრულების ვადებით. თურქებმაც მშვენივრად იციან, რომ 95 წლის წინ გაფორმებული დოკუმენტი უვადოა, მაგრამ ჩუმად, შენიღბულად, „რბილი ძალის" (ეკონომიკური მეთოდები, კულტურის სფერო) გამოყენებით სარგებლობენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებული დოკუმენტები საქართველოსთვის საკმაოდ საჩოთირო, ორმაგ დებულებებს შეიცავენ (მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ თურქეთი თავს თითქოსდა ბათუმის ოლქის სიუზერენად მიიჩნევს, თუმცა გვითმობს სიუზერენიტეტს გარკვეული პირობებითა და დათქმით). სიუზერენობა კი რას ნიშნავს, მგონი, ყველასთვის გასაგებია. სხვათა შორის, თურქეთში დღესაც არაა გაუქმებული 1920 წლის იანვარში ოსმალეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ე.წ „ეროვნული აღთქმა", რომელიც თავისი არსით დამოუკიდებლობის დეკლარაციას წარმოადგენს და მასში ქვეყნის ტერიტორიებია განსაზღვრული. „აღთქმის" მეორე მუხლი სწორედ ბათუმს ეხება. მასში ნათქვამია, რომ ამ ტერიტორიის მოსახლეობამ ერთხელ უკვე დაადასტურა დედა-სამშობლოსთან მიერთების სურვილი (იგულისხმება 1918 წლის აგვისტოში, თურქების ოკუპაციის დროს ჩატარებული პლებისციტი) და თუ საჭირო გახდება, კიდევ შეიძლება მსგავსი რამ ჩატარდესო. აი, ასეთი სამართლებრივი „წყალქვეშა ქვებია" საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში.
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულების „მოქმედების ვადის გასვლის" იდეა სომეხმა დიპლომატებმა ჯერ კიდევ 2001 წელს წამოაყენეს - კერძოდ, აწ უკვე გარდაცვლილმა ლევონ ეირამჯიანცმა. მისი ვარაუდით, არსებობს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების „საიდუმლო დამატებები", რომლებშიც სწორედ მოქმედების ვადებია მითითებული - 1946 წლამდე (მოგვიანებით სხვა სომეხმა მკვლევარებმა „დააზუსტეს" - თითქოსდა 2021 წლამდე!), თუმცა ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს დღემდე ვერსად ვერ მიაკვლიეს - ვერც მოსკოვში (არადა, ჩვენგან განსხვავებით, სომხებს იქაურ არქივებში ხელი ნამდვილად მიუწვდებათ!) და ვერც ერევანში. რაც შეეხება თურქებს, მათ რომ ჰქონდეთ, იმავ წუთს გამოაქვეყნებდნენ, რადგან ანკარისათვის ეს მომგებიანია. აი, ასეთი ბლეფისა ბევრ ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგს სჯერა და წამდაწუმ იმეორებენ - „ყარსის ხელშეკრულება ასი წლის ვადით არის დადებული...", „ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის" და ა.შ. ასეთი განცხადებები არასერიოზულია. ელემენტარული ჭეშმარიტებაა: პოლიტოლოგი და მეცნიერ-მკვლევარი თუ გქვია, ისტორიული მოვლენის შეფასებისას ფაქტებსა და დოკუმენტებს უნდა დაეყრდნო და არა დაუდასტურებელ ვარაუდებს, საეჭვო და კონიუნქტურულ განცხადებებს. კომპეტენტურმა მეცნიერ-მკვლევარმა, პოლიტოლოგმა საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდოს.
- რა საფრთხე გვემუქრება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ერდოღანი შეხმატკბილებულები მოქმედებენ სირიაში?
- საერთოდ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს საქართველოსთვის ყველა წინა ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც ასეა. ჩვენ ხომ ძლიერი მეზობლების ე.წ. „ინტერესების სფეროში" ვართ, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება სირიაში ანკარისა და მოსკოვის მოქმედებას, იქ ორივეს განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ: რუსეთს სურს, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე შეინარჩუნოს სირიის სახით, თანაც სათავეში პრეზიდენტ ბაშარ ასადით. მოსკოვის გრძელვადიან ინტერესებშია აგრეთვე ტარტუსის ბაზის შენარჩუნება. თურქეთისათვის მიუღებელია როგორც „ისლამური სახელმწიფო" (ანუ „დაიში"), ასევე სირიის დღევანდელი პრეზიდენტიც (თუმცა პირველ ეტაპზე, ბაშარ ასადის სიძულვილის ფონზე, „დაიშ"-ს ჩუმ-ჩუმად ეხმარებოდა კიდეც) მაგრამ ამ ეტაპზე იძულებულია რუსეთთან ერთად იმოქმედოს. მართალია, ანკარა მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს ამ მიმართულებით არ ამჟღავნებს, მაგრამ გარკვეული პროგრესი შეინიშნება. აბა, რა - თუ რუსეთს შეურიგდი და თითქოს ბოდიშიც მოიხადე, თუ რუსი ტურისტებით ეკონომიკის გადარჩენა და ბიუჯეტის შემოსავლები გინდა, მაშინ მოსკოვს რაღაც-რაღაცეებში მხარიც უნდა დაუჭირო, ასეთია დიპლომატიის „ოქროს წესი".
რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის „შეხმატკბილობითი" ურთიერთობის მეტ-ნაკლებად განახლებას, მასში საქართველოსთვის რაიმე მნიშვნელოვან საფრთხეს ვერ ვხედავ. განა თითქმის ასეთივე ურთიერთობა არ ჰქონდათ ჩვენს მეზობლებს ერთმანეთთან 2008 წელს, როცა საქართველოში შემოჭრილი რუსეთის ჯარები აჭარას მიუახლოვდნენ? მაგრამ მაშინ მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებამ ერთგვარი შემკავებლის როლი შეასრულა - ბათუმში არც თურქეთის და არც რუსეთის ჯარები არ შესულან, არადა, ამის საფრთხე ნამდვილად რეალური იყო. საქმე იმაშია, რომ ყარსის ხელშეკრულებას თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების ხელმოწერებთან ერთად, რუსეთის წარმომადგენლის იაკობ განეცკის ხელმოწერაც ამშვენებს. ალბათ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აჭარის ავტონომიის ე.წ. „საერთაშორისო გარანტორების" სახით გარკვეულწილად რუსეთი და თურქეთი იგულისხმებიან (იგივე შეიძლება ითქვას მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეც). საერთოდ კი, აჭარას (ბათუმის მხარეს) ავტონომია ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით მიენიჭა.
ჩვენთვის შედარებით უფრო პრობლემატური ისეთი სიტუაციაა, როცა რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს მტრობენ. გავიხსენოთ ვითარება 2014 წლის შემოდგომაზე თურქეთის მიერ სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, როცა ვლადიმირ პუტინის თქმით, თურქეთმა რუსეთს „ზურგში დანა მზაკვრულად დანა ჩაარტყა". სომხეთშიც და ჩვენთანაც გაისმა ხმები, რომ რუსეთი მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენდა და დღის წესრიგში ქართული და სომხური ისტორიული ტერიტორიების შესაძლო დაბრუნების აქტუალიზება მოხდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა. თეორიულად შეიძლებოდა დენონსაციის დაშვება, მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან, სავარაუდოდ, ეს მწვავე სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. ეს ნიშნავდა, რომ საქართველო შეიძლებოდა ორი მეზობლის დაპირისპირების არეალად გადაქცეულიყო და თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მაშინ...
ყველაზე უკეთესი კი ის იქნებოდა, ასეთი იმპერიული ტრადიციების მქონე მეზობლები არ გვყოლოდა, მაგრამ რას ვიზამთ....
- ხომ შეიძლება საქართველოზეც მოილაპარაკონ? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თურქეთს მეგობარს ვუწოდებთ, ხოლო რუსეთს მტერსა და ოკუპანტს?
- თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ შესაძლო მოლაპარაკება საზღვრებისა და ტერიტორიის საკითხზე? მოლაპარაკება თეორიულად ყველა საკითხზე დასაშვებია, მაგრამ... ჯერ ერთი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის 1992 წლის 30 ივლისს, თბილისში, ხელი მოეწერა მეგობრობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, მხარეები ერთმანეთის სუვერენიტეტს, ყარსის ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ასე რომ, ტერიტორიის საკითხი დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილია და მოსალაპარაკებელიც არაფერია; მეორე - დავუშვათ და მოილაპარაკეს, საქართველოს საზიანოდ შეთანხმდნენ, ანუ დაარღვიეს ყარსის და თბილისის ხელშეკრულების პირობები, მაგრამ მაშინ რას იტყვიან სომხეთი და აზერბაიჯანი? ყარსით დადგენილი საზღვრები ხომ მარტო საქართველოს კი არა, ჩვენს მეზობლებსაც ეხება... დღის წესრიგში რეგიონული კონფლიქტის საფრთხე დგება...
ზოგადად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, საქართველოსთვის ორივე ოკუპანტია: თურქეთიც, რომელმაც 1921 წლის მარტში საქართველოს ტერიტორიის - ბათუმის მხარის, ართვინისა და არტაანის ოკრუგების ოკუპირება მოახდინა (სანამ მოსკოვში ხელშეკრულება დაიდებოდა) და რუსეთიც, რომელმაც იმავე 1921 წელს და 2008 წელს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" საოკუპაციო რეჟიმი დაამყარა და მარიონეტული ადგილობრივი ხელისუფლება შექმნა. განნსხვავება ისაა, რომ 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ოფიციალურად, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების გაფორმებით დაეთანხმა თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო მიერთებას და საზღვრის დელიმიტაციას.
რადგან აფხაზეთი ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში აფხაზეთის საკითხიც საკმაოდ პრობლემატურია, ცნობილი მიზეზის გამო, თუმცა უფრო ფართოდ ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბროთ.
- რამდენად სწორია პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ვგულისხმობ წაყრუებას. მათ ამ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენიათ...
- საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიაში ხშირად ხდება ისეთი მოვლენები და ფაქტები, რომლებზეც ზოგჯერ მყისიერი, დაუყონებლივი გამოხმაურებაა საჭირო, ანდა ეს ხდება გარკვეული დროის გასვლის, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ. თურქული საზოგადოების წარმომადგენლებს (რადიკალებს) ადრეც გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები, მასმედიაში ქვეყნდება ოსმალეთის იმპერიის ისტორიული და თანამედროვე თურქეთის წარმოსახვითი რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია. ახლა უკვე ასეთი ადამიანების ხმას პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის ხმაც დაემატა. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ამა თუ იმ პრობლემატურ საკითზე პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის ნათქვამი უკვე სულ სხვაგვარად აღიქმება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა მიანიშნოს თურქ ლიდერებს, რომ მსგავსი განცხადებები მეგობარ-პარტნიორი სახელმწიფოს ტერიტორიის შესახებ არაკეთილმეზობლური მოქმედებაა. თურქეთის ხელმძღვანელებს კორექტულად უნდა ავუხსნათ, რომ ქართული საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს ქართულ-თურქული ურთიერთობების პროცესს და მათი ყოველი ემოციური თუ დაუფიქრებელი გამონათქვამი ტერიტორიების შესახებ ჩვენთან მტკივნეულია და გაღიზიანებულ გამოხმაურებას იწვევს. გასაგებია, რომ საქართველოსათვის თურქეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თბილისი ანკარაზე ბევრადაა დამოკიდებული - ხშირად გაისმის ასეთი ლაპარაკი, რომ საქართველოს წინაშე თურქეთს იმდენი სიკეთე მიუძღვის, რომ მისგან არაფერი არ უნდა გვეწყინოს, თანაც ანკარა ჩვენი ლოკომოტივია ბრიუსელისაკენ, ნატოსაკენ მიმავალ გზაზეო.. ასეთი მსჯელობა ნიჰილისტური და დილეტანტურია. ურთიერთობა და სარგებელი ხომ ცალმხრივი არაა - თურქეთიც არის დამოკიდებული საქართველოზე, ვთქვათ, იგივე ენერგოშემცველების ტრანზიტის საკითხში, ანდა აზერბაიჯანთან დასაკავშირებლად. ანუ, ჩვენც გვაქვს ხელში გარკვეული კოზირები. გააჩნია, როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ. მთავარია, საკუთარი თავი არ დავაზარალოთ.
მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოებაც, რომ ჩვენი მეგობარი თურქეთი ტრადიციულად აღმოსავლური დიპლომატიის ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ ის ხშირად იცვლის თავის პოლიტიკურ ვექტორებს და მიზნებს. აქედან გამომდინარე, მეგობარი მეზობელი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. თუმცა მაინც გადაჭარბებულად მიმაჩნია იმის თქმა, რომ ანკარას ამ ეტაპზე თითქოსდა რაღაც მასშტაბური ანტიქართული ნაბიჯი აქვს ჩაფიქრებული.
- ვინ არის საქართველოს მტერი და ჰყავს თუ არა ქვეყნებს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები?
- სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიმე სახელმწიფოს „მტერს" და „მოწინააღმდეგეს" უფრო მეტად ომის, შეიარაღებული კონფლიქტის დროს უწოდებენ. საქართველოს მტრებიც ბევრი ჰყოლია და მოწინააღმდეგეებიც (გნებავთ, შედარებით ახლო წარსულშიც - 1921 წელს, 2008 წელს), მაგრამ დროთა განმავლობაში მტრებს შორისაც სამხედრო მოქმედება წყდება და სიტუაცია სტაბილიზდება ხოლმე. ამ ეტაპზე, როცა ყველა ჩვენს მოსაზღვრე ქვეყანასთან მეტ-ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, ზოგიერთებს „მტრის" ნაცვლად შეიძლება „რთული", „არაკეთილმოსურნე", „საეჭვო პოლიტიკის მქონე" მეზობლები ვუწოდოთ. სხვათა შორის, „მტრის ხატის" ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფოთა ინტერესების ერთმანეთთან დაპირისპირება. ამიტომაც არსებობს დიპლომატია, რომ ინტერესთა დაპირისპირება განეიტრალდეს.
რაც შეეხება მუდმივ მტრებს და მეგობრებს: მე-19 საუკუნის ცნობილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის, ლორდ ჰენრი პალმერსტონის გამონათქვამი - ბრიტანეთს არც მუდმივი მტრები ჰყავს და არც მუდმივი მეგობრები, მას მხოლოდ მუდივი ინტერესები აქვსო - უნივერსალურია და ყველა სახელმწიფოს მიესადაგება. პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში მეგობრობა და მტრობა პირობითია. დღევანდელი მეგობარი ხვალ შეიძლება მტრად გექცეს და პირიქით. ამიტომაც საქართველოსთვისაც მთავარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებია, რომლის დაცვა ყველა ხელისუფლებისთვის სავალდებულოა, თუმცა გააჩნია, რომელი ხელისუფლება როგორ დაიცავს...
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
ინტერვიუ შემოკლებული სახით გამოქვეყნებულია გაზეთში „საქარველო და მსოფლიო, 26.10.2016