„განსხვავებით ოპონენტებისგან, ჩვენ არ გვახასიათებს მოვლენების ისტერიული შეფასება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, #20 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ სიტუაციას საკმაოდ ცივი გონებით ვაფასებთ... ვიცოდით ის, რომ მარტო მეოცე საარჩევნო ოლქში წარმოდგენილი იყო 14 საარჩევნო სუბიექტი, რომელთა ძირითადი ნაწილი იყვნენ რაიონის მკვიდრები - გარკვეულწილად პიროვნულად შემდგარები, თავისი პროფესიიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ გარკვეული პოზიციები, რაც გამოიხატა იმით, რომ მათ ხმათა 37 % მოიპოვეს.
რაც შეეხება მეორე ტურს, მეორე ტური იყო ნათელი და მოსალოდელი, რადგან 50 %-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვიყავით კონკურენციისთვის", - განაცხადა კობალაძემ.