NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, NATO-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.
„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე NATO-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ. სხვა წევრი სახელმწიფოები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს სამხედრო აქტივობაზე NATO-ს საზღვრებთან, მათ შორის რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2016"-ზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ფარგლებში სამხედრო აქტივობა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ NATO-ს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის სწავლება „კავკაზ 2016"-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში „ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით. მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.