logo_geo
eng_logo
სააკაშვილი დამარცხდა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 12:52



არჩევნებამდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა - „ჩამოვა თუ არ ჩამოვა სააკაშვილი?", 2-3 დღით ახალმა კითხვამ შეცვალა - „შევლენ თუ არა პარლამენტში ნაციონალები და იბრძოლებენ თუ არა მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატების მანდატებისთვის?" ალიაქოთი „ნაციონალეთში" მას შემდეგ ატყდა, რაც ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც არჩევნების წინ, ზღვის გადმოცურვითა და სამშობლოში დაბრუნებით „იმუქრებოდა", ნაციონალებს ურჩია - არჩევნები გაყალბდა, უკეთესია, პარლამენტს ბოიკოტი გამოვუცხადოთ და მეორე ტურშიც არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნებაო. ექს-პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ძალის „დე-ფაქტო ლიდერის" ამ მოწოდებამ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, მეტიც - დაპირისპირებაც კი გამოიწვია. პარტიის წევრთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ქვეყნის ფარგლებსგარეთ მყოფი სააკაშვილის მითითება არ უნდა შეესრულებინათ და პოლიტიკური ბრძოლა გაეგრძელებინათ. მიუხედავად ამისა, საკითხი მსჯელობის საგნად 2-3 დღის განმავლობაში იქცა - ნაციონალები უწყვეტ რეჟიმში კამათობდნენ იმაზე, შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში და მიეღოთ თუ არა მონაწილეობა მეორე ტურში.



შესვლა-არშესვლის საკითხი, საბოლოოდ, პოლიტსაბჭომ 11 ოქტომბერს, საღამოს გადაწყვიტა - ექს-პრეზიდენტის იდეამ კრახი განიცადა. ფაქტობრივად, სააკაშვილი საკუთარი გუნდის წინაშე დამარცხდა - პარტიის წევრები მის აზრს არ დაეთანხმნენ და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტეს.



ნაციონალების ლიდერმა დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა: „იმ ფონზე, რომ პარლამენტში შესულ პარტიათაგან, ფაქტობრივად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა" პროდასავლური ორიენტაციის, გადავწყვიტეთ, პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელოთ, ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნაც გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ გახდეს ერთპარტიული, „ქართულ ოცნებას" კი არ მივცეთ საშუალება, ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა".



მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები პარლამენტშიც შედიან და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტი კი, სამპარტიული იქნება - ,,ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი". ვინ რამდენი კაცი შეიყვანა პარლამენტში პროპორციული სიით, უკვე ცნობილია. ის კი, რომელი პარტია მაჟორიტარი დეპუტატის რამდენ მანდატს მოიპოვებს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება.



ავტორი: ნინო ლურსმანაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner