ავტორი ალა გრიგალაშვილი
„შალვა ნათელაშვილი არის საქართველოს კლოუნი და კლოუნის განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!" - ამის შესახებ მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებაზე საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.
მისი თქმით, შალვა ნათელაშვილს, რომელიც ნინი ბადურაშვილს „სააკაშვილის პირად მომღერალს უწოდებს", ხელოვანი ადამიანების გაკრიტიკების უფლება არ აქვს.
„ეს ადამიანი გაუთავებლად ყველას ჭკუას არიგებს, საკუთარი თანაპარტიელებიც კი გალანძღა, რომლებთან ერთადაც 20 წლის განმავლობაში საქმიანობდა. გალანძღა ქართველი ხელოვანები. მას ამის უფლება არ აქვს. ვინ არის ბოლოს და ბოლოს ასეთი, რომ ყველას გადაწვდა და ყველა გალანძღა. მგონი, კლოუნი კი არა, საერთოდ ჭკუაზე აღარაა საერთოდ!
თუ ასეთი ცუდები იყვნენ მისი თანაგუნდელები, რატომ ჰყავდა გვერდით ამდენი ხნის განმავლობაში? ყველას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს. თავად იღებს ანაზღაურებებს მიშასგან და მიხედოს თავის თავს და თავის მიშას.
მთავრობები მიდიან, მოდიან, ხელოვანები ყოველთვის იმღერებენ, დაწერენ და ა.შ. კომუნისტების დროს ყველას პირი რომ დაეკეტა, არც გოგლა იქნებოდა, არც გალაკტიონი იქნებოდა, არც დუმბაძე და კონსტანტინე. ყველა უნდა გაჩერებულიყო, რადგან რეჟიმი იყო? ხელოვანი ასეა, არის თუ არ არის რეჟიმი, წერს, მერე ან დაიხვრიტება, ან გადარჩება. ახლა მომღერალმა რა ქნას? დაელოდოს, მისი მოსაწონი მთავრობა როდის მოვა?" - განაცხადა ბადურაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.