ტელევიზია „ქართული TV"-ის გენერალური პროდიუსერი, ჟურნალისტი მანანა ნოდია ნოდარ ტაბიძეს იხსენებს:
„გასრულდა ორმოცი დღე ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებიდან.
ბატონი ნოდარიც წავიდა... წაიქცა ქართული ჟურნალისტიკის ბერმუხა, ქართული ჟურნალისტიკისმცოდნეობის პატრიარქი.
ცხოვრებაში პირველად ვინანე იმ დღეებში „უფეისფუქობა".
ბატონი ნოდარის ყოფილი სტუდენტები, ჟურნალისტთა მთელი კოჰორტა ეჯიბრებოდა, ალბათ ერთურთს მზესიტყვაობაში, ისევე, როგორც დიდი ხნის წინ ვეჯიბრებოდით მის სიყვარულში და შემდეგ იმის მტკიცებაში ვიყავით, ვინ უფრო უყვარდა თავად ჩვენს შორის.
რა ვთქვა, რა დავწერო ქართული ჟურნალისტიკის მეტრზე, რა მოვიგონო ისეთი... ჰო, მართლა - „შიში"!
ეს იყო 2006 წელს, შეგირდებმა საიუბილეო კრებული უძღვნეს საჩუქრად დაბადების 75-ე წლისთავზე საყვარელ მოძღვარს. ჩემი „შიში"-ც იქ დაიბეჭდა; მაშ ასე,
-შიში-
ნეტავ, ვინ თქვა პირველად, „შიშს დიდი თვალები აქვსო", ან კი, საერთოდ, უნახავს ვინმეს დიდთვალება შიში?
ში-ში...
თუმცა, რა შუაშია ბატონ ნოდართან შიში...
და მაინც,
პირველად, პირველ კურსზე მაშინ შემეშინდა, როცა პატივცემულმა ლექტორმა - პირველივე დავალება დამიწუნა.
შემეშინდა მაშინ, სადიპლომო ნაშრომში - ოთხიანი რომ დამიწერა,
მეშინოდა მაშინაც, სატელევიზიო გადაცემებს რომ მიფასებდა,
ძალიან შემეშინდა, როცა მითხრა:
-კი ხარ კარგი გოგო, მაგრამ უკეთესი იქნები, მამისადმი მიძღვნილ წიგნზე თუ იფიქრებო (კარგი გოგოო - ნოდარ ტაბიძემ, როგორია?!).
თქვენმა ამ სიტყვებმა ეს შემაძლებინეს!
მეშინია ახლაც,
თუმცა - რუსთველმა - „შიში შეიქმს სიყვარულსო".
ამ შიშმა თუ შემაყვარა თქვენი თავი ასე ძალიან, ბატონო ნოდარ, და კიდევ, ავრელიუსმა - ადამიანის სიცოცხლე საბოლოოდ - „ფერფლი, კვამლი და საუბრებია"-ო.
თქვენეული - საუბრები, რეპლიკები, შენიშვნები, შეფასებები, მთელი ცხოვრება მომყვება;
მთელი ცხოვრება საგზლად მეყოფა, ჩვენი ყოველი შეხვედრის თუ შეხმიანების ჟამს თქვენი სევდიანი ხმით „ნამღერი" გალაკტიონის ეს სტროფები:
„მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს".
რამ შეგაშინათ, ბატონო ნოდარ?
ეს არასოდეს მოხდება!
პასუხმაც არ დააყოვნა:
(ქალბატონო მანანა, ჩემო პატარა გოგონა! „შიში“ არა მხოლოდ მაღელვებს, არამედ მხიბლავს კიდეც ოსტატობით, ჭვრეტით, ფრაზათა წყობით და რაც მთავარია, გულწრფელობით, შენგან განსხვავებით, მე არ მეშინია;
მე-ი-მე-დე-ბი!
ნოდარ ტაბიძე)
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ბატონი ნოდარი არ მინახავს, არ მომიკითხავს, არ შევხმიანებივარ, თუმც კი, ხშირად ვისაკლისებდი და შორიდან ვიგებდი მის ამბებს.
ვერ ვისვენებ, ნეტავ, რას ფიქრობდა ჩემს სიჩუმეზე ჩემი მაესტრო, ნუთუ იმას, რომ გამართლდა შიში – „ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს“.
ეჰ, ბატონო ნოდარ, უნდა გამიგოთ და მომიტევოთ! „ცოდვა გამხელილი სჯობს“ – დიახ, შეგნებულად ვიქცეოდი ასე. მსურდა, ისეთივე მხსომებოდით: მუდამ შემართული, წელგამართული, ახოვანი, ამაყი, მომღიმარი მზერით, არისტოკრატიული მანერებით, დიდებული სიდარბაისლით…
ასეთი ამშვენებდით თეთრ ტაძარს – უნივერსიტეტს, თბილისის ქუჩებს, საქართველოს ამერ-იმერს.
და ბოლოს, გახსოვთ, გიყვარდათ გაპაექრება ბიძათქვენის, პოეზიის მეფის, გალაკტიონის ლექსებით.
თქვენ მკითხავთ:
-„ეჰა, მე ვამბობ, სად შემიძლია ვებრძოლო
ქალთა წყევლას – ს-ი-ბ-ე-რ-ე-ს?“
მე გიპასუხებთ ბრძენის სიტყვებით:
„შეიფერო სიბერე, ეს დიდი ხელოვნებაა, რომელსაც ცოტა თუ ფლობს“.
ჩემო ბატონო ნოდარ! თქვენ ეს ხელოვნებაც, ჩვეული ოსტატობით ჩინებულად შეიფერეთ!!!
…„წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს“ (გალაკტიონი)
მანანა ნოდია
ცნობისთვის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანის და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელის, ლექტორისა და ჟურნალისტის ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.