logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მეორე ტურში ნაციონალურმა მოძრაობამ არცერთი დამატებითი მანდატი არ უნდა მოიპოვოს!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:17

 


მკითხველისათვის ცნობილია, რომ ე.წ. ლიბერასტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა სტატუსის მქონე ცალკეულმა პირებმა ღია მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, რათა „ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებით პარტია „ქართული ოცნება"-დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრსა და ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას:


- ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხობელად წარმოაჩინონ, პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.


საერთოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული კამპანია - ეს არის ნაციონალური მოძრაობის უკანასკნელი თავგანწირული მცდელობა, ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების" შთამბეჭდავ გამარჯვებას ყველა მაჟორიტარულ ოლქში.


პირდაპირ ვაცხადებ - არჩევნების მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა და მათთვის დამატებით, თუნდაც ერთი სადეპუტატო მანდატის მინიჭება მწამებლების, მოძალადეებისა და „სიკვდილის ბრიგადების" გაძლიერებას ნიშნავს!


აი, სწორედ ეს არის სახიფათო და არა -„ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება!


ძალიან სახიფათოა ისიც, როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა „ქართული ოცნების" დამბალანსებელი და მაკონტროლებელი გახდეს!


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემული თითოეული ხმა, ეს იქნება არჩევანის გაკეთება ძალიან მძიმე და უბედური წარსულის სასარგებლოდ! ეს იქნება ხმის მიცემა იმ ძალადობის, წამებისა და მკვლელობებისათვის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ნაციონალების მმართველობის პერიოდში გადაიტანა!


- და მაინც, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მაცდუნებელ ძალას გაუმკლავდეს და ავტორიტარული მმართველობის სახიფათო გზას არ დაადგეს?

 

- განვლილმა ოთხმა წელმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება" არანაირად არ არის მიდრეკილი ხელისუფლების უზურპაციისაკენ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის კი არ გვინდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, კონსტიტუციაზე ვიძალადოთ, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, რათა რყევებისა და მოძალადე ნაცმოძრაობასთან მუდმივი ჭიდილის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას სწრაფად მოუტანს უკეთეს რეალობას.


- ისე, 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა, მაგრამ იმ ჯგუფებს, რომლებიც ახლა განგაშის ზარებს არისხებენ, ეს ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ!

 

- მაშინ ეს ადამიანები თვალებს იბრმავებდნენ და სირაქლემას პოზაში იდგნენ! 2008 წელს სააკაშვილმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის 12 წევრმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ვთქვით და პარლამენტში არ შევედით, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ილაშქრებენ და მიმართვას აწერენ ხელს, ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა არჩევნების გაყალბებისა და ტოტალური რეპრესიების წინააღმდეგ!


აშკარაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გავრცელებული მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი გოგი ხოშტარია ნაცმოძრაობაში საკუთარ შვილს -ელენე ხოშტარიას გულშემატკივრობს, კიდევ ერთ ხელმომწერ ნინია კაკაბაძეს კი საკუთარი მეუღლის - ნაცმოძრაობის წევრ ზაზა ბიბილაშვილის პოლიტიკურ მომავალზე შესტკივა გული! უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ, თავიანთი ოჯახის წევრების სახელით ილაპარაკონ!


- ე.ი. ადამიანები, რომლებიც, თითქოს, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გამოდიან, სინამდვილეში საზოგადოებას ნაცმოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ?

 

- რა თქმა უნდა, ასეა და ამას ვეღარც ნიღბავენ! როცა საზოგადოებას ეუბნებიან, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირეთ მხარიო, აშკარაა, რომ ეს ნაციონალების მხარდაჭერისაკენ მოწოდებას ნიშნავს, რადგან მეორე ტურში, სამიოდე ოლქის გარდა, „ქართული ოცნების" კანდიდატებს ნაცმოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან!


ხალხო, კარგად დავფიქრდეთ, რას გვთავაზობენ ეს ადამიანები? - მკვლელობას, ძალადობას და სისტემური დანაშაულების შემოქმედ პოლიტიკურ ძალას მივცეთ ხმა?


ნუ გგონიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეიცვალა და ოდნავ მაინც უკეთესი გახდა! რა მნიშვნელობა აქვს, ახალ პარლამენშტი ჩიორა თაქთაქიშვილის ადგილს გიგა ბოკერია დაიკავებს თუ არა? მთავარია, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა და ქვეყანას ძალადობით მართავდა!


- როგორ ფიქრობთ, ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელმა და მოძალადე პოლიტიკურმა ძალამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თითქმის ნახევარი მილიონი ხმა რატომ მიიღო?

 

- ეს შემაშფოთებელი რეალობაა, რომელიც სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს!


როგორც ჩანს, 9-წლიანი ძალადობრივი რეჟიმის პირობებში ცხოვრებამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და ადამიანების სულიერ და მორალურ მდგომარეობაზე საკმაოდ მძიმე კვალი დატოვა!


- სააკაშვილმა „პირველი ჩვენება" შეცვალა და თუ აქამდე საკუთარ პარტიას მოუწოდებდა, არც მეორე ტურში მიიღოთ მონაწილეობა და არც პარლამენტში შეხვიდეთო, ახლა აცხადებს - მეორე ტურში მიიღოთ მონაწილეობა და არც პარლამენტში შეხვიდეთო, ახლა აცხადებს - მეორე ტურში ნაციონალების მონაწილეობას მივესალმებიო. ამაზე რას იტყვით?

 

- იმთავითვე ცხადი იყო, რომ ოდესაში გაქცეული სააკაშვილი, რომელსაც ქართულ მართლმსაჯულება ელოდება, საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა. იგი, უბრალოდ, თავის მომხრეებს ატყუებდა და აგულიანებდა, ზღვას გადმოვცურავ და ჩამოვალო. დღეს კი ამბობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას, თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებდაო.


ეს სააკაშვილის მხრიდან მორიგი მასხარაობაა და მეტი არაფერი!


- თუმცა, სულაც არ არის მასხარაობა ის, რომ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონში იყრის კენჭს და მეორე ტურში გამარჯვებისათვის იბრძვის!

 

- კიდევ და კიდევ გავიმეორებ - ძალიან პრინციპული საკითხია, რომ მეორე ტურში ნაციონალურმა მოძრაობამ არცერთი დამატებითი მანდატი არ მოიპოვოს!


რაც შეეხება სანდრა რულოვსს, ცხადზე უცხადესია, რომ იგი ამ არჩევნებში სააკაშვილს განასახიერებს! შესაბამისად, ზუგდიდმა საკუთარ ღირსებაზე უარი არ უნდა თქვას და ხმა არ უნდა მისცეს სანდრა რულოვსის სახით მოვლენილ სააკაშვილს, რომელსაც სამეგრელო მუხლებზე ჰყავდა დაჩოქებული!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner