logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: არ შემოხაზოთ № 5 - ესენი ნაცბოლშევიკები არიან!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:39

 

 

ამ რამდენიმე დღის წინათ, ინტერნეტსივრცეში საარქივო მასალების გაცნობისას, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთობ უცნაურ პლაკატს, რომელზეც, რამდენადაც ძნელი დასაჯარებელი არ უნდა იყოს, რუსულ ენაზე ეწერა: „Граждане! Не голосуйте за № 5. Это большевики!"


რა თქმა უნდა, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ეს საქართველოს პარლამენტში მეორე ტურის წინ დამზადებული ფოტოკოლაჟი იყო, თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რომ საქმე გვაქვს 99 წლის წინანდელ სააგიტაციო პლაკატთან!


დიახ, ეს არის პოლიტიკური პლაკატი, რომლითაც 1917 წლის 12 ნოემბრის დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ ხალხს მოუწოდებდნენ, არ მიეცათ ხმა ბოლშევიკებისთვის! ბოლშევიკები კი იმ არჩევნებზე, როგორც ნაცები - 99 წლის შემდეგ - სწორედ მე-5 ნომრით იყრიდნენ კენჭს!


ჰოდა, მოდი და, ნუ იტყვი, რომ ამ ჩვენებური მეორე ტურის წინ ეს უბრალო შემთხვევითობა კი არა, რაღაც ისტორიული კანონზომიერებაა! დიახ, „ასავალ-დასავალი" წლებია, ნაცებს „ბოლშევიკებად" და „მაუზერიან კომისრებად" მოიხსენიებს და არცთუ უსაფუძვლოდ! თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.


მანამდე კი, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, რა ხდებოდა ზუსტად 99 წლის წინათ რუსეთში, სადაც ხალხს მოუწოდებდნენ, ღმერთი არ გასწყრომოდათ და არ შემოეხაზათ № 5!


ერთობ საგულისხმოა, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნები თებერვლის რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა დროებითმა მთავრობამ (მენშევიკებმა) 1917 წლის 17 სექტემბერს დანიშნა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ეს ვერ მოახერხა! ამასობაში კი, 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს (აი, სწორედ ის, „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია" რომ დაარქვეს!) და დამფუძნებელი კრების არჩევნები 12 ნოემბერს სწორედ ბოლშევიკების ხელისუფლების პირობებში ჩატარდა!


დიახ, ეს არის პერიოდი, როდესაც რევოლუციით გახელისუფლებულ ლენინს ჯერ კიდევ არ დაუმყარებია „პროლეტარიატის დიქტატურა" და რუსეთში სიტყვის უკიდეგანო თავისუფლებაა! აკი, ეს ისტორიული პლაკატიც, რომლითაც ხალხს მოუწოდებენ, არ შემოხაზოთ № 5, სწორედ ამას მეტყველებს!


ისტორიული დოკუმენტებით ცნობილია ისიც, რომ მიუხედავად ოქტომბრის გადატრიალებისა, ლენინმა მაინც ვერ გაბედა დამფუძნებელი კრების არჩევნების გაუქმება, რადგან დამფუძნებელი კრების იდეა იმჟამინდელ რუსეთში ძალიან პოპულარული იყო!


ცნობილია ისიც, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ბოლშევიკთა ლიდერებს დამფუძნებელი კრების არჩევნების მიმართ. მაგალითად, ლენინი დამფუძნებელ კრებას „ლიბერალურ ჩანაფიქრად" მიიჩნევდა. პროპაგანდისა და აგიტაციის კომისარი ვოლოდარსკი კიდევ უფრო შორს წავიდა, როდესაც განაცხადა: „რუსეთში მასები არასოდეს ყოფილან ავად საპარლამენტო კრეტინიზმით"... მეტიც, ვოლოდარსკი გულწრფელად ამბობდა: „თუ მასები შეეცდებიან საარჩევნო ბიულეტენებით მანიპულირებას, მათ მოუწევთ ხელში სხვა იარაღის აღება!"


კამენევი, რიკოვი, მილიუტინი ემხრობოდნენ დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარებას. ეროვნულ საქმეთა კომისარი სტალინი კი მოითხოვდა, არჩევნები სამომავლოდ გადაედოთ. ტროცკი, საერთოდ, საფრანგეთის კომუნის მსგავსად, რევოლუციური კონვენტის მოწვევას ლობირებდა - ოღონდ მრავალპარტიულ საფუძველზეც კი არა, მხოლოდ ბოლშევიკებისა და მემარცხენე ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერების) მონაწილეობით!


და რაც ყველაზე საინტერესოა, 1917 წლის 12 ნოემბრის დამფუძნებელი კრების არჩევნები ბოლშევიკებმა პირწმინდად წააგეს! დიახ, თუ გადავხედავთ ამ არჩევნების შედეგებს, ამაში ადვილად დავრწმუნდებით:


არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 პროცენტზე ნაკლებმა ამომრჩეველმა. 715-მანდატიან დამფუძნებელ კრებაში მემარჯვენე ესერებმა 279 ადგილი მოიპოვეს, ბოლშევიკებმა - 159, ცენტრისტებმა - 100, მემარცხენე ესერებმა - 40, კადეტებმა (კონსტიტუციონალ-დემოკრატებმა) - 17, მენშევიკებმა კი, სულ - 15!


ანუ მემარჯვენე ესერებმა და მათმა მოკავშირე ცენტრისტებმა ჯამში 359 ადგილი მოიპოვეს და დამფუძნებელ კრებაში საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბეს!


დიახ, ხალხმა არ შემოხაზა № 5 და ხმა არ მისცა ბოლშევიკებს, რომლებსაც უკვე ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ სახელისუფლებო ბერკეტები ჰქონდათ მიტაცებული! შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ ასეთ პარლამენტს ლენინი და მისი პარტია დიდხანს ვერ მოითმენდნენ! ჰოდა, 1918 წლის 5 იანვარს დამფუძნებელმა კრებამ პირველი და უკანასკნელი სხდომა ჩაატარა!


ეს მოხდა პეტერბურგში... ტავრიდის სასახლის დარბაზში! 6 იანვრის გამთენიამდე გაჭიმულ პირველ სხდომაზე შევიდა დაცვის უფროსად დანიშნული ჟელეზნიაკი და დეპუტატებს უბრძანა, დაშლილიყვნენ!


დიახ, როგორც ისტორიულ არქივებში წერია, დილის 4 საათსა და 20 წუთზე, შაშხანიანი მატროსი ჟელეზნიაკი მძიმე ნაბიჯებით შევიდა სხდომათა დარბაზში, ავიდა პრეზიდიუმში, ხელი მხარზე დაადო ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ესერ ჩერნოვს და უთხრა:


- გთხოვთ, შეწყვიტოთ სხდომა! ყარაული დაიღალა და ძილი უნდა!


- როგორ ბედავთ! ვინ მოგცათ ამის უფლება! - შესძახა სპიკერმა ჩერნოვმა.


ჟელეზნიაკმა კი მშვიდად უპასუხა:


- თქვენი ლაქლაქი მშრომელებს არ აინტერესებთ! ვიმეორებ, ყარაული დაიღალა!


როგორც ბუხარინი წერდა თავის მემუარებში, 6 იანვრის დილით, მას ლენინმა სთხოვა, მოეყოლა, რა მოხდა ღამით დამფუძნებელი კრების გახსნის სხდომაზე და როდესაც ბუხარინი მოუყვა, როგორ დაითხოვა მატროსმა ჟელეზნიაკმა დამფუძნებელი კრება, ლენინი კინაღამ სიცილით მოკვდა! მას თვალიდან ცრემლი სდიოდა და დიდხანს იცინოდაო! - იხსენებს ბუხარინი...


საღამოს კი, როდესაც დეპუტატები დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში, მათ კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდათ! აი, ასე დამთავრდა დემოკრატია ბოლშევიკურ რუსეთში! ლენინმა შემდგომ ლამის მთელი დამფუძნებელი კრება დაახვრეტინა ან დააპატიმრებინა და რუსეთში დარჩა ერთადერთი პარტია - ბოლშევიკთა!


არსებობს ცნობები, რომ მატროსი ჟელეზნიაკი მას შემდეგ შევიდა დეპუტატებთან სხდომათა დარბაზში და დაშლისკენ მოუწოდა, რაც ბოლშევიკთა დამფუძნებელმა კომისარმა დიბენკომ უთხრა: „კრება გაყარეთ, დანარჩენს ხვალ გავარკვევთო!"


მე ნამდვილად არ მსურს პირდაპირი პარალელების მოხმობა, მაგრამ ცხადია, რომ 30 ოქტომბრისთვის დანიშნულ მეორე ტურში 5-ნომრიანი ნაცების მოსალოდნელი მარცხის გათვალისწინებით, სააკაშვილის ნაცბოლშევიკური პარტია ახალ პარლამენტში უმცირესობაში აღმოჩნდება! ჰოდა, ერთადერთი შანსი, რომ ნაცებმა სრული კონტროლი დაამყარონ ხელისუფლებაზე, ეს ბოლშევიკი წინაპრებივით პარლამენტის გაყრაა!


ანუ უმცირესობაში მოქცეულ და ხალხის მიერ არარჩეულ 5-ნომრიან ნაცებს აუცილებლად სჭირდებათ მატროსი ჟელეზნიაკი, რომელიც შევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში და შაშხანით ხელში, სახლებში გაყრის „ლაქლაქა დეპუტატებს"!


მაგრამ, ეგ არის, ნაცებს არც მატროსი ჟელეზნიაკი ჰყავთ და, მითუმეტეს, არც - ლენინი!


„ნაცების ლენინი" ოდესაშია გასახლებული და დაპატიმრების შიშით, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს!


ასე რომ, ის, რაც რუსეთში 99 წლის წინათ მოხდა - საქართველოში ვერანაირად ვეღარ განმეორდება - ნაცები ვეღარ დაითხოვენ პარლამენტს! მაგალითად, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში გააკეთეს!


თუმცა, მოწოდება „მოქალაქენო! არ შემოხაზოთ № 5, ესენი ბოლშევიკები არიან!" - დღესაც ძალიან აქტუალურია!


და 30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, სწორედ ასეც მოხდება!


გიორგი გიგაური

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner