logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: გაგიჟებულმა ვერც წარმოვიდგინე, რომ არჩევნებში დამარცხებული ნაციონალი რურუა ახლა მესიჯებს გვწერდა!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 16:33

 


მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ნიკოლოზ რურუამ უბნის მოსახლეობა პირველად მაშინ გადარია, როცა ერთ დილას მაღაზიაში მისულებს რურუას სახელობის პარკში გახვეული პური დაახვედრა - ეტყობა, დიდი სურვილი ჰქონდა, მთაწმინდელთათვის „რურუა - ჩვენი არსობისა" გამხდარიყო. ეს რომ არ გამოუვიდა და სათანადო ხმები ვერ მიიღო, 18 ოქტომბერს საერთოდ უპრეცედენტო რამ ჩაიდინა: მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს „ეს-ემ-ეს"-ები დაუგზავნა: „არა აბსოლუტურ ძალადობას! არა საკონსტიტუციო უმრავლესობას! ხმა მიეცით ოპოზიციის კანდიდატს ნიკოლოზ რურუას!"


ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩნდება: საიდან იცის სერვისის უზრუნველმყოფმა პროვაიდერმა, რომ კონკრეტული მოქალაქეები მთაწმინდაზე რეგისტრირებულები არიან? არის თუ არა ეს პირადი მონაცემების მესამე პირზე გაცემის შემთხვევა? და, საერთოდ, ამ ფაქტით ის მოარული ხმები ხომ არ მტკიცდება, რომ 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ბაზა გაიტანა? სანამ ამ ფაქტებს ვინმე გამოიძიებდეს, ვუკავშირდებით მთაწმინდის ამომრჩეველს ია მეტრეველს:


- საოცრების მომსწრენი ვხვდებით - წარმოიდგინეთ, ის მესიჯი მეც მივიღე! მაგრამ ამ ამბავში საინტერესო სხვა რამაა: დაცული ინფორმაცია საიდან მოხვდა ნიკა რურუას ხელში? რა უფლება აქვს მაჟორიტარობის კანდიდატს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველს ასეთ ტექსტებს უგზავნის? და ბოლოს, არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი? კანონდარღვევას აქვს ადგილი და ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. სოციალურ ქსელში ვკითხულობდი, თურმე მთელი საქართველო აუწრიალებიათ: ამ „ეს-ემ-ეს"-ებს. ზოგი მთაწმინდელი ბათუმში მყოფი იღებდა და ზოგიც - კახეთში! როგორ ხერხდება ეს ყველაფერი, გაუგებარია.


- როგორ ფიქრობთ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში დღესაც ხომ არ ჰყავთ ჩანერგილი ისეთი პირები, ვისგანაც ინფორმაცია მიეწოდებათ?

 

- არაფერი ვიცი, საიდან და როგორ ხდება ამდაგვარი ინფორმაციის გაცემა. შეიძლება, მართლაც ვიღაცას გადაუხადეს. „ეს-ემ-ეს"-ი რომ მომივიდა, ტელეფონი გავხსენი და იმდენად გავოგნდი, ვიფიქრე, სახელი ხომ არ მეშლებოდა. ოჯახის წევრებს ვკითხე კიდეც, რურუას ნამდვილად ნიკა ჰქვია-მეთქი? გაგიჟებულმა ვერ წარმოვიდგინე, რომ არჩევნებში დამარცხებული ნაციონალი რურუა ახლა მესიჯებს გვწერდა. ეტყობა, ამათ სითავხედეს საზღვარი ნამდვილად არა აქვს.


- საინტერესოა, დეპუტატობის კანდიდატმა თავად როგორ გარისკა?

 

- ამ შეთხვევაში ადგილი აქვს პირადი მონაცემების მესამე პირზე გაცემის ფაქტს, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რეაგირება უნდა მოახდინოს და სასწრაფოდ ძიება დაიწყოს. ეტყობა, რურუას ცუდად აქვს საქმე და ცდილობენ, ამომრჩეველზე ზემოქმედებას, რათა მეორე ტურში ნაცმოძრაობის ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმები ჩაიყაროს. ბოლო გაფართხალებაა და ყველანაირად ცდილობენ თავის დამკვიდრებას.


ნაციონალების ხელით მოკლული ერთადერთი შვილის დედას რომ ასეთ მესიჯს გაუგზავნი, ცინიზმია, თანაც როგორი...



***

ამის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისს ვუკავშირდებით, საიდანაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ქეთი ბოჯგუასგან შემდეგი კომენტარი მივიღეთ:


- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს არაერთმა მოქალაქემ მიმართა „ეს-ემ-ეს"-თან დაკავშირებით, რომელიც მათთან ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას სახელით იგზავნება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ შეტყობინება მათ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შეტყობინებას თან უარის თქმის მექანიზმი ახლავს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინების შეწყვეტა, თუმცა მოქალაქეებს უჩნდებათ შეკითხვა, თუ რა გზით მოხდა მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იწყებს საკითხის შესწავლას და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას იმისთვის, რომ დადგინდეს მონაცემთა მოპოვების წყარო, მოპოვებული მონაცემების მოცულობა და განხორციელებული ქმედების კანონთან შესაბამისობა.

 

 

 

ესაუბრა თამარ ოქრუაშვილი

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner