„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, ახალი წლის შემდეგ, თბილისში დასუფთავების ინსპექტორები გამოჩნდებიან. ჯერჯერობით ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები დამუშავების პროცესშია, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის ეყოლება ქალაქს ინსპექტორები, ცნობილი არ გახლავთ.
„პირველ ეტაპზე თბილისში 20 დასუფთავების ინსპექტორი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-ჩუღურეთის ტერიტორიაზე გადანაწილდებიან. იმ შემთხვევაში, თუ „თბილსერვის ჯგუფის" ახალი სამსახური გაამართლებს და მოსახლეობისგან დადებით შეფასებას მიიღებს, დასუფთავების ინსპექტორები მთელ თბილისში გამოჩნდებიან.
სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ინსპექტორები ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში, მოქალაქეს ჯერ მითითებას მისცემენ, ქმედების გამეორების შემთხვევაში კი დააჯარიმებენ. ჯერჯერობით ჯარიმის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ გახლავთ.
დასუფთავების ინსპექტირების სამსახური მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს, ეს არ იქნება სადასჯელო რაზმი", - განაცხადა დავით დოლიძემ.