„ამაზე უმაღლესი ჯილდო ჩემთვის მართლა არ არსებობს", - ამის შესახებ მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა განაცხადა, რომელსაც თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
„პირველი შვილი რომ შემეძინა, უმაღლესი განცდა მქონდა დედობისა. ახლა ისეთივე განცდა მიპყრობს, თითქოს უფრო დიდიც - ერთდროულად დედაც ვარ, შვილადაც ვიგრძენი თავი, რადგან ბავშვობის წლებმა ჩამიარა თვალწინ, არადა, უკვე დიდი ბებიაც ვარ... ამ ქალაქის ნაწილი ვარ. სადაც შევიკრიბეთ, გორკის ბაღი ერქვა, ახლა ილიას ბაღი ჰქვია, იქ არის ჩემი 23-ე სკოლა, 300 მეტრში კი ჩემი სახლია, მოშორებით ირაკლი ჩარკვიანის დედა, ნანა თოიძე ცხოვრობდა, ჩვენ ერთ მერხზე ვისხედით. გია ჭირაქაძე ვორონცოველი იყო, მაგრამ ისიც ჩვენთან გამოივლიდა ხოლმე ყოველდღიურად, კახი კავსაძეც... დავადებდით თავს ძველ კინოსტუდიამდე და უკან ვბრუნდებოდით. ძველი პლეხანოველები მირეკავენ, ისე გვიხარია, თითქოს ჩვენ მივიღეთ ეს წოდებაო. შეუდარებელია ბედნიერების შეგრძნება - იყო თბილისის საპატიო მოქალაქე", - განაცხადა ბადურაშვილმა.