„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრაზე არავითარ მოლაპარაკებებს არ ჰქონია ადგილი.
- ბატონო გია, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრების შეხვედრა თქვენთან მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. თითქოს მათ ახალ მთავრობაში შეთავაზებები მიიღეს. მოგვიანებით მათ მეორე ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატების სასარგებლო მოწოდებები გააკეთეს. ამ შეხვედრაზე რა განიხილეთ?
- არაფერ შუაში არ არის ის შეხვედრა იმ განცხადებასთან, რომელიც მათ მოგვიანებით გააკეთეს. მათ ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდათ ჩამოყალიბებული აზრი და არასდროს შეუცვლიათ ეს აზრი, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულებას, ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.
- შეხვედრაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- შეხვედრა სპონტანური იყო და არავითარ მოლაპარაკებებს არ ჰქონია ადგილი. განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, შევაფასეთ სიტუაცია, გარკვეულ საკითხებზე ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არ ნიშნავს, რომ თანამდებობების საკითხი განიხილება, რაც თითქოს კონსპირაციას ექვემდებარება. დამერწმუნეთ, საიდუმლო შეხვედრა რომ გვდომოდა, ამის პრობლემა არ გვექნებოდა და ეს შეხვედრა პარლამენტში არ შედგებოდა.
- სამომავლოდ თუ იგეგმება ამ ადამიანებთან თანამშრომლობა?
- მომავალში ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ადამიანთან, პარტიასთან, რომელთაც ჩამოყალიბებული აზრი და სახელმწიფოებრივი ხედვა აქვთ.
- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფოებრივად უყურებენ პრობლემებს?
- რამდენიმე მაგალითი შემიძლია დავასახელო, როდესაც სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო საფუძველი პროგრესისა და პოზიტიური განვითარების, თუნდაც ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ვიქტორ დოლიძე. არც ერთხელ არ მახსოვს, ჩვენი აქ ოპონირების მიუხედავად, უცხოეთში ნებისმიერ საკითხზე არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ჰქონოდა ვიქტორ დოლიძეს და განსხვავებულად ემსჯელა.